მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდა.
ეწინააღმდეგება თუ არა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება საკონსტუტიციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც რამდენიმე დღის წინ მან შეაჩერა დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლი კანონმდებლობაში - AMBEBI.GE კონსტიტუციონალისტებს ბექა ბასილაიას, დავით ზედელაშვილსა და ვახუშტი მენაბდეს და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილს ესაუბრა.
ვახუშტი მენაბდე:
მგონია, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სამოქალაქო სასამართლომ, წინააღმდეგობაში მოდის პრინციპებთან, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ უნდა შეეწინააღმდეგოს ხელისუფლების არც ერთი შტო. ამ შემთხვევაში, ჩვენ გუშინ ვიხილეთ ფაქტობრივად დაცინვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელმაც ტექნიკურად ჩარჩენილი ნორმა გააცოცხლა იმ შინაარსით, რა შინაარსითაც მკვდარი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმების შეჩერების შემდეგ.
ფაქტობრივად, სასამართლომ დღეს იგივე უფლებამოსილებით აღჭურვა დროებითი მმართველები, რითიც ისარგებლებდა ქიბარ ხალვაში, ანუ მოსარჩელე მხარე ქონების მის საკუთრებაში გადასვლის დროს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ორი პიროვნება, დროებითი მმართველები, დასახელებულები არიან სწორედ მოსარჩელე მხარის მიერ და ისინი არ არიან დამოუკიდებელი პირები.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, დაუსაბუთებელი და გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება.
ანა ნაცვლიშვილი:
გაუგებარია, რა კანონმდებლობით რეგულირდება ამ მმართველის ან დანიშვნა ან უფლებამოსილება. დაახლოებით ასეთი ტიპის ინსტიტუტს იცნობს გაკოტების შესახებ კანონი, მაგრამ ასეთ ნორმას სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს და შესაბამისად, გაურკვეველია გაკოტრების შესახებ კანონი ვრცელდება ამ დროებით მმართველზე, რაიმე სხვა თუ საერთოდ არაფერი არ ვრცელდება მასზე... ერთადერთი, რაზეც მოსამართლე უთითებს, არის აშშ-ისა და საქართველოს კანონმდებლობა.
გასაგებია, რომ კოდექსში იყო მუხლი, რომელიც მოსამართლეს ძალიან ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად და ზომების გასატარებლად, ფორმალურად ეს საფუძველი არსებობდა, მაგრამ "რუსთავი 2"-სთვის უშუალოდ მმართველის დანიშვნა და ამდენი უფლებამოსილების მინიჭება რას ეფუძვნებოდა, ქართული კანონმდებლობით გამყარებული არ არის. გამყარებულია აშშ-ის კანონმდებლობით, მაგრამ ქართულ რეალობაში და საქართველოს მოსამართლის მიერ მიღებული განჩინებისთვის საკმარისი არ არის.
კონსტიტუციონალისტი, დავით ზედელაშვილი: დროებით მმართველს არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა. ანუ ამ შემთხვევაში, ის რაც ურთმელიძემ დაადგინა, მან თავად შექმნა და თავადვე გამოიყენა, რაც არის ამ შემთხვევაში, სასამართლოს და მოსამართლის უფლებამოსილების უხეში დარღვევა.
ადვოკატი, ბექა ბასილაია: მოსამართლე ურთმელიძეს თუ ასეთი ღონისძიების მიღება უნდოდა, ამაზე უნდა ემსჯელა მას თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, თუმცა ცხადია და მკაფიოა, რომ მოსამართლე ურთმელიძე მოქმედებს პოლიტიკური მოტივაციით.
აზრს, რომ 5 ნოემბრის განჩინებით "რუსთავი 2"-ის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაირღვა, მის საგანგებო განცხადებაში ავითარებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. როგორც უჩა ნანუაშვილი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია და არღვევს ტელეკომპანია "რუსთავის 2-ის" სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
უჩა ნანუაშვილის განცხადებითვე, 5 ნოემბრის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლის მიუკერძოებლობას, არამედ ავლენს თავად სასამართლო სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს.
იხილეთ უჩა ნანუაშვილის საგანგებო განცხადება
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ მიღებულ განჩინებაში საუბრობს საფრთხეზე, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მხოლოდ სასამართლო დავის გარშემო საკითხების გაშუქებას.
მოსამართლის განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს უარყოფითად აისახება საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე.
ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE
ფოტომონტაჟში გამოყენებულია Georgian Journal-ის ახალი ნომერის ყდა