სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო.
დავით დვალი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელევიზიის ყოფილი მფლობელია. ის არხის წილებს 2004 წლამდე ფლობდა.
დვალი ერთ-ერთ ინტერვიუში იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც მან და ჯარჯი აქიმიძემ, "რუსთავი 2"-ის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, 2004 წელს ტელეკომპანიის წილის 60% დათმეს.
"წილები 26 ივნისს გადავუფორმეთ. აბსოლუტურად გამოუცდელები ვიყავით იმ თვალსაზრისით, რომ ალბათ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც მაშინ იმ ახალი სისტემის ქმედებებს შეეჯახა. მანამდე რომ სხვა სახის პრეცედენტი ყოფილიყო, შეიძლება სხვანაირად მოვქცეულიყავით. შეიძლება მეც მეყვირა და ქუჩაში პლაკატით გამოვსულიყავი.
მაშინ მე და ჯარჯის აზრები ორად გაგვეყო, ჯარჯი ამბობდა, რომ ბოლომდე წავიდეთ, დავრჩეთ ტრუსიკებით. მე ვუთხარი, კარგი, ჯარჯი, კი ბატონო, მე მარტო ვარ, საერთოდ არ მადარდებს, შენ გყავს ოჯახი და შენ გადაწყვიტე. მარტო შენს თავზე არ ხარ პასუხისმგებელი და თან მე უკვე მაქვს იმის განცდა, რომ ესენი ბოლომდე მიიყვანენ ამ გეგმას-მეთქი, დაგვიჭერენ...
კიწმარიშვილს გაკოტრების პროცესის დაწყებამდე ვესაუბრე ტელეფონით, შემდეგ ტელევიზიით გამოვიდა და ნათელი მომავალი დაუხატა ყველას და თქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არანაირი შეხვედრის მცდელობა და კონტაქტი არ გვქონია. ერთადერთი ვუთხარი, ოღონდ კონკრეტულად როდის, არ მახსოვს, ვის ენდობი, დაფიქრდი-მეთქი", - აცხადებდა დვალი "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში.
რაც შეეხება რევაზ საყევარიშვილს, ის წლების წინ "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი იყო, არხზე ჟურნალისტად მუშაობდა.
ამ დროისათვის ის ტელეკომპანია "იმედში" გენერალური დირექტორის მოადგილეა, მანამდე კი მან ორჯერ შეასრულა "იმედის" გენერალური დირექტორის მოვალეობა.
უფრო დეტალურად:
რევაზ საყევარიშვილი ეკონომიკური მიმართულების ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა გაზეთში. ის ორჯერ ასრულებდა ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის მოვალეობას. მეორედ ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ტელეკომპანია დაიბრუნა. მის სახელს უკავშირდება პირველი სერიოზული რეორგანიზაცია "ტელეიმედში".