ხარაგაულის რაიონში, მოლითის თემის შემადგენლობაში ერთი ნახევრად მიტოვებული სოფელია. სოფელს ჭარტალი ჰქვია და იმდენად მიუვალია, ადგილობრივები ხუმრობენ, - ეშმაკი ჭარტალშია დაბადებულიო.
ვეებერთელა მთების სილამაზე, ჰორიზონტზე გაწოლილი ნისლი, ჩიტების საამო გალობა მიუვალი გზის სირთულესაც გავიწყებს და თბილისიდან ხანგრძლივი მგზავრობით გამოწვეულ დაღლილობასაც. ჭარტალს საკმაოდ უცნაური რესპონდენტის ჩასაწერად ვესტუმრე. 77 წლის იზოლდა ჩხეიძე სოფლის ცენტრიდან 4 კილომეტრის დაშორებით, უღრან ტყეში, მარტოდმარტო ცხოვრობს. ყველაზე ახლო მეზობელი მისგან კილომეტრ-ნახევრის დაშორებით სახლობს. შვილების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, მეუღლის აშენებულ სახლს არ ტოვებს. მაშინ, როცა მაღალმთიან სოფლებში მიგრაციის მაჩვენებელი ძალიან დიდია, დამეთანხმებით, ეს უკვე საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მას ჟურნალისტი ინტერვიუს ჩასაწერად ესტუმროს, მაგრამ მთავარი ჯერ არ მითქვამს: იზოლდა ჩხეიძე ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის ფანია! უბრალოდ მოყვარული კი არა, ძალიან დიდი ფანი და იმდენად გამორჩეული, რომ მისი სიყვარულის ამბავმა ხარაგაულიდან არგენტინამდე ჩააღწია და მესიმ მას საჩუქრებიც კი გამოუგზავნა.
- 2 წელია, რაც მეუღლე გარდამეცვალა. აქ, ამ დაბურულ ტყეში მარტო ვცხოვრობ. მესი ძალიან მიყვარს და მის არც ერთ თამაშს არ ვტოვებ. როცა ის თამაშობს, შემიძლია ყველანაირი საქმე გადავდო, მაგრამ ერთ დღეს უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი: ფეხბურთის მატჩი რომ დაიწყო, სწორედ იმ დროს, ჩემს ძროხას მშობიარობა დაეწყო. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, ძროხა მეცოდებოდა და თან, არ მინდოდა, თამაშის ყურება მიმეტოვებინა. ბოლოს მოვიფიქრე: ტელევიზორი ფანჯარასთან ახლოს მივიტანე და ფანჯარა ღია დავტოვე, რომ კომენტატორის ხმა გამეგონა, მერე კი ძროხის დასახმარებლად ბოსელში გავედი. ვფიქრობდი, მესი გოლს თუ გაიტანს, ახალშობილ ხბოს მის სახელს დავარქმევ-მეთქი. გაგიკვირდებათ და, მან გოლი ზუსტად იმ დროს გაიტანა, ხბო რომ დაიბადა. "ბიჭს" მესი დავარქვი. რა თქმა უნდა, შვილებმა ეს გაიგეს და მერე ყველა ჩემზე იცინოდა. შვილიშვილებს ვთხოვე, ეს ამბავი გადამითარგმნეთ და მესისთვის მიმაწერინეთ. მჯერა, ის ჩემთან აუცილებლად ჩამოვა-მეთქი. ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს და ფეხბურთელს წერილი გავუგზავნეთ. ამ ამბიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა ჩემს სახლთან მანქანა გაჩერდა და ჩემთვის უცნობი ორი გოგონა გადმოვიდა. - იზოლდა ჩხეიძე თქვენ ბრძანდებითო? - დიახ, მე გახლავათ-მეთქი. მითხრეს, რომ ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ. - მესისგან გამოგზავნილი საჩუქარი მოგიტანეთ, ოღონდ ძალიან გთხოვთ, ჩვენს წასვლამდე გახსენით, ძალიან გვაინტერესებს, რა გამოგიგზავნათო. ყუთში "10"-ნომრიანი მაისური, შორტი, დროშა და თასი იყო.
ქალბატონი იზოლდა მესის მიერ გამოგზავნილ საჩუქრებს საგულდაგულოდ ინახავს. სახლში კედელზე გაკრული აქვს კალენდარი, სათაყვანებელი ფეხბურთელის ფოტოთი. ერთი წერილის მიწერას კიდევ აპირებს. ფეხბურთელს სოფელში ეპატიჟება და აქვს მოლოდინი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მესი მას აუცილებლად ესტუმრება.
- მესის ბებიამისი ძალიან უყვარდა. თბილისში ქალიშვილთან ვიყავი და კომპიუტერში მის შესახებ ბევრი რამ წავიკითხე. თამაშის დროს გოლს რომ გაიტანს და ხელებს უკან სწევს, ეს მისი მხრიდან ბებიის პატივისცემისადმი მიძღვნილი ჟესტია.
- როგორც ვიცი, თბილისში 11 აგვისტოს გამართული სუპერთასის მატჩზე, მის თამაშს დაესწარით.
- მესი თბილისში იყო ჩამოსული და სახლში რა გამაჩერებდა? რამდენიმე დღით შვილებთან წავედი. მინდოდა, სტადიონზე გადავმხტარიყავი, მაგრამ არ გამიშვეს. დაცვის ბიჭები ჩემზე იცინოდნენ, - ეს როგორი ფანი ყოფილაო. სულ ახლოს ვიყავი მასთან და ვყვიროდი: "მესი!!!" "მესი!!!" გული დამწყდა, ახლოს რომ არ მიმიშვეს. მჯერა, მესი ამ დაბურულ ტყეში ჩამოვა.
- მიამბეთ, ამ ტყეში მარტო როგორ ცხოვრობთ? როგორც ვიცი, ზამთარშიც აქ რჩებით.
- 3 ძაღლი, 4 სული საქონელი და ქათმები მყავს. ყოველ დილით 5 საათზე ვდგები - არ აქვს მნიშვნელობა, ზამთარია თუ ზაფხული. დილაადრიან ყველაფერს მოვუვლი, საქონელს ტყეში გავუშვებ, მერე სახლში შევდივარ და უფალს მადლობას ვეუბნები, დღის კარგი დასაწყისისთვის. მორწმუნე ქალი ვარ. ტყეში ნადირი დადის, ზამთარში ძალიან დიდი თოვლი მოდის, მაგრამ არ მეშინია. ვიცი, უფალი დამიფარავს. შვილები მეჩხუბებიან: თბილისში, ჩვენთან წამოდიო, მაგრამ არ მივყვები. აქ თავს კარგად ვგრძნობ. თუ რამე დამჭირდება, ხან მატარებლით მიგზავნიან, ხან - ჩამოდიან. გამგებელიც ყურადღებას მაქცევს. სოფელი მიყვარს. ჩემი მეუღლე 2 წლის წინ, ბარბარობა დღეს აქ გარდაიცვალა და მეც აქ უნდა მოვკვდე. განაგრძეთ კითხვა