თბილისის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 2 მაისს ე.წ კორტების სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამნაშავედ ხუთი ბრალდებულიდან ორი - ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე სცნო. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, რომელმაც ამ ფაქტს "კრიმინალურად განვითარებული სისხლიანი სპეცოპერაცია უწოდა", ორივე მათგანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს 6 წლით, ლევან ბეროძეს - 3 წლით, ხოლო გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება - 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. "პროკურატურის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადასტურდა, რომ 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული კორტების სპეცოპერაცია იყო დანაშაულთან ბრძოლისას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის სახელით შენიღბული მაღალი თანამდებობის პირების მიერ პირადი ანგარიშსწორების მოტივით ჩადენილი სასტიკი მკვლელობა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მსჯავრდადებულების ადვოკატები განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავენ. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის ვერდიქტით უკმაყოფილო დარჩა როგორც ბრალდებულების, ასევე დაზარალებულის მხარე.
ნინო ხვიტია, ირაკლი ფირცხალავას მეუღლე:
- წარმოუდგენელი რამ მოხდა... ვიცოდი, რომ სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული იყო, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ასე შორს თუ წავიდოდნენ და მოსამართლე ყველანაირი მოტივაციისა და ლოგიკური საფუძვლის გარეშე ასეთ განაჩენს გამოიტანდა. თუმცა რა გასაკვირია, ბადრი კოჭლამაზაშვილის ძმა სამხარეო პროკურორია.