დედაქალაქის ხელისუფლება ახალ სკანდალში ეხვევა - თბილისის მერიამ ახალი, 1 მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი უგულავასა და მერაბიშვილის პროცესის კიდევ ერთი მთავარი მოწმის, გიორგი მიქელაძის კუთვნილ კომპანიას, ასევე უკონკურსოდ, პირდაპირი შესყიდვის გზით გაუფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ "პოსტსკრიპტუმი" ავრცელებს.
საქმე დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოს, სატელევიზიო ანძის ახალ განათებას ეხება. შპს გრატო ლაითი, რომელთანაც კონტრაქტია გაფორმებული, ამა წლის მაისშია დაფუძნებული და 50 პროცენტიანი წილი სწორედ გიორგი მიქელაძეს ეკუთვნის. შემყიდველი მერიის კუთვნილი შპს სინათლის ქალაქია, რომელმაც პირდაპირი შესყიდვის ნებართვა პრემიერ ღარიბაშვილს 7 ოქტომბერს სთხოვა, უკვე 9 ოქტომბერს კი მიქელაძის კომპანიასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. საკრებულოს უმცირესობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის ხარჯვას მოწმეების წახალისების პროგრამას უწოდებს.
დედაქალაქის მერი სასამართლო პროცესებთან გამარჯვებული კომპანიების კავშირს კვლავაც გამორიცხავს და განმარტავს, რომ შპს გრატო ლაითი უბრალოდ იტალიური გრივენის წარმომადგენელია საქართველოში.
თავად სინათლის ქალაქის დირექტორი კი აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე ფასთა გამოკითხვა ჩატარდა და ყველაზე მისაღები პირობებიც სწორედ ამა წლის მაისში დაფუძნებულმა გრატო ლაითმა წარმოადგინა.