საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ჩემპიონატისთვის მზადება სპეციალური ოპერაციების ძალებში საწყისი საბრძოლო მომზადების გავლით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მორაგბეებმა სამდღიანი მენტალური გამძლეობის კურსი სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში, მუხროვანის ბაზაზე გაიარეს.
სწავლებაში სხვადასხვა სარაგბო კლუბების 46 ახალგაზრდა მოთამაშე იყო ჩართული. ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამძლეობის წვრთნებს სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ. სწავლების განმავლობაში დავალებებთან ერთად ამინდიც რთულდებოდა.
"აქ იყვნენ ორი სხვადასხვა თაობის მორაგბეები, რომლებსაც ერთად არ უთამაშიათ და მსგავს გარემოში არასდროს მოხვედრილან. გუნდი კარგად შეიკრა და ყველა მიხვდა, რომ თუ აქ ერთმანეთისთვის არ იმუშავებენ საერთო საქმე არ აეწყობა. ზუსტად იგივე პრინციპი მუშაობს რაგბის მოედანზეც - არც ერთი მოთამაშე არ არის გუნდზე მნიშვნელოვანი. ეს შეკრება და ამ სახის წვრთნა კარგად გააზრების შანსს გაძლევს, რომ დაღლილობის ზღვარი არ არსებობს. ეს ორი რამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაგბის მოედანზე და განსაკუთრებით, იმ მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სადაც ჩვენ მივემგზავრებით", - განაცხადა 20 წლამდე ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.
სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდა მორაგბეებმა საკაცეებითა და ტყვია-წამლით სავსე ყუთებით 7 და 12 კილომეტრიანი მარში განახორციელეს. კომპლექსურ ვარჯიშებთან ერთად მორაგბეებს წინაღობათა ბილიკის გადალახვა, მორების და ტომრების თავზევით გადაკიდება, 15 კგ-იანი ტომრების სროლა, წყლით სავსე 200 ლიტრიანი ტევადობის კასრებისა და საბურავების გორაობა მოუხდათ.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ვარჯიშების გარდა მოთამაშეებმა პირველადი სამედიცინო დახმარების მცირე კურსი გაიარეს და ავტომატური შაშხანის "აკ-74" ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნენ. ღამის განმავლობაში მორაგბეებს მოულოდნელად მოუხდათ განგაშით ადგომა და აღჭურვილობით მოწყობა.
მენტალური გამძლეობის კურსი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის შეიარაღებულ ძალებში უკვე მეორედ იმართება. ღონისძიება საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.