ქუთაისში 30 წლის მამაკაცმა მე-12 კლასის მოსწავლე მოკლა. შემთხვევა დღეს, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. სასიკვდილი ჭრილობა ახალგაზრდას ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც "ambebi.ge"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული შავლეგ გ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1997 წელს დაბადებულ გიორგი გ-ს, რის შედეგადაც დაჭრილი ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).