სახელმწიფო უშიშროების სამსახურში "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა. გვარამიამ ე.წ. მოდულის შენობა უკვე დატოვა.
როგორც დაკითხვის შემდეგ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჟურნაოლისტებს განუცხადა, ის დაიკითხა გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლის გამოძიებაც მიმდინარეობს 315-ე მუხლით, რამდენიმე დღის წინ აღძრული საქმის ფარგლებში. მისი თქმით, საქმეს ადევს გრიფი "საიდუმლო".
"კითხვებს ვერ გავამხელ, რადგან საქმეს ადევს გრიფი "საიდუმლო" და გაგვაფრთხილეს, რომ ამასთან დაკავშირებით ვისაუბროთ მხოლოდ ზოგადად. მთავარი პრობლემა, რაც გამოძიებას ამ ეტაპზე აქვს, ეს არის მიხეილ სააკაშვილთან ჩემი საუბრის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია. როგორც ჩანს, ძალიან ჭრით ტერმინები ყურს. მაგალითად ისეთი, როგორიც არის "ბოევიკი", "რევოლუციური სცენარი". შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ეხამუშება ყურს, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ აქ არავინ გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას. აქ საუბარია "რუსთავი 2"-ის დაცვაზე, ანუ ქმედებებზე, რომელიც რეაქციულია თავისი ხასიათით და არა პროაქტიურ ქმედებებზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას, ან სადმე შეჭრას და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. როგორი ფორმებით ფიქრობენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები სიტყვის თავისუფლების დაცვას, ეს მათი არჩევანია. მე ყველას შემიძლია მოვუსმინო, ხოლო რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს "რუსთავი 2"-ის გადასაწყვეტია. ჩვენ არც ბარიკადები გვაქვს, არც "ბოევიკები" გვყავს ეზოს ირგვლივ დასაცავად. ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ და ბოლომდე დავიცავთ ჩვენ ინტერესებს და სიტყვის თავისუფლებას", - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ რამდენადაც შინაარსიდან ხვდება, ეს არის 19 ოქტომბრის ჩანაწერი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გიგა ბოკერიას დაკითხვა გრძელდება.