უკრაინულ საიტზე uareview.in.ua გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა უკვე დადასტურებულია. უკრაინული საიტის მტკიცებით, სააკაშვილი და ბოკერია "რუსთავი 2"-ის ტერიტორიაზე ბარიკადების აღმართვის შესაძლებლობასა და დაძაბულობის ინსპირირებას განიხილავენ.
სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ "იშოვონ ბოევიკები" და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში სროლით დასრულდება.
ჩანაწერის თანახმად, სააკაშვილი დაინტერესდა უცხოელების რეაქციით, რაზეც ბოკერია პასუხობს, რომ დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ თემაზე. სააკაშვილი ამბობს, რომ "რუსთავი2"-ის ჟურნალისტები დაბნეულები არიან, მაგრამ ისინი გვარამიამ უნდა გაამხნევოს.
ასევე იხილეთ| რა დავალებები მიიღო გვარამიამ სააკაშვილისგან - "საბოლოო ჯამში ეს სროლით დამთავრდება"
სააკაშვილი:-გვარამიას ვუთხარი შემდეგი რაღაცა, 22-ში ეგენი მიიღებენ გადაწყვეტილებას და 22-შივე შევლენ რუსთავი 2-ში, ეს რომ არ დაუშვას ხვალიდანვე უნდა დაიწყოს რკინის კონსტრუქციების მშენებლობა, ციხე-სიმაგრე უნდა ააშენოს სასწრაფოდ. თავისი დაცვით, გამაგრებებით, "ბაევიკებით", რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ.
ბოკერია:"ბაევიკები მაგას არა ყავს, მაგისთვის ჩვენ ვემზადებით რომ პარტიამ დააყენოს, დღეს ადგილი დავათვალიერეთ, საკმაოდ დიდი სივრცეა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ორი ადგილია, საიდანაც შეუძლიათ შევიდნენ. გათიშვა თუ უნდათ დელისიდან მოახერხებენ, სიგნალი იქიდან მოდის.
სააკაშვილი:-მერე რა, ჯობია სიგნალი გათიშონ და "რუსთავი 2" არსებობდეს ინტერნეტში, დელისის გამაგრება ძალიან ადვილია.
ბოკერია:-კი, ვიცი რომ ადვილია, მაგრამ ბევრი ხალხის დაყენებაა რთული. იმხელა სივრცე არის, ეგრე უცებ ამხელა კონსტრუქციის აშენება, რომელშიც შესვლას ვერ შეძლებს სპეციალური დანიშნულების რაზმი, არ არის მარტივი. ადგილი გახსოვს მანდ როგორია? მანდ ჯახი უნდა მოხდეს, მაგრად უნდა მოგერიონ, რომ აიღონ.
სააკაშვილი:-აშენებადია, სწრაფად თუ ააშენებთ.
ბოკერია:-კარგი, შევხედავთ ადგილს კიდევ.
სააკაშვილი:-სხვა გზას მე ვერ ვხედავ, ეს იდიოტი უცხოელები რას შვებიან?
ბოკერია:-ხვალ რაღაცა დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ თემაზე. ვნახოთ კიდევ დამატებით რამეს აპირებენ თუ არა. ეგ ყველაფერი ჩვენს ხელში არაა. მაგისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ ჩვენ. ადგილზე ვიქნები და გეტყვი კიდევ დამატებით რაღაცეებს, მაინც ტელეფონით არ მინდა. როდის ჩამოდიხარ შენ?
სააკაშვილი:-მე ზეგ, სულ სამი საათით ჩამოვდივარ.
ბოკერია:-ერთი საათის წინ წამოვედი ნიკასგან და მერე უნდა შეხვედროდა ეგ ჟურნალისტებს. როგორი განწყობა მოგეჩვენა?
სააკაშვილი: -დაბნეულები არიან ჟურნალისტები, მაგრამ ნიკამ თვითონ უნდა გაამხნევოს. ნიკამ მითხრა ძალიან დაღლილი ვარ და აზრზე მოსვლა მჭირდებაო.
ბოკერია:-დაღლილი იქნება, მთელი დღე იქ იყო. ყველანი დავიღალეთ.
სააკაშვილი: -მანდ უნდა ააშენოთ რკინის კონსტრუქცია, მე ვუთხარი ნიკას შეიძლება ატყდეს სროლა. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. საჭიროა ახლა ფიზიკური დაპირისპირება, უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს შეგვიძლია, სხვანაირად ვერ მივიქცევთ ყურადღებას.
ბოკერია:- ყურადღებაზე არ არის, ბრძოლის უნარიანობა უნდა ვაჩვენოთ.
სააკაშვილი:- უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და ტყვია უნდა გაისროლონ!
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის უკრაინის შესაბამის სამსახურებს მიმართა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი.