მაგამედ მარგოშვილი 3 წლის არის. მშობლებმა წელს ის საბავშვო ბაღში ვერ შეიყვანეს, რადგან ადგილები აღარ იყო. მაგამედის დედა ამბობს, რომ სოფელში 2012 წელს დაბადებული ბავშვების უმრავლესობა საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა. მშობლების თქმით, ბავშვები ქართულად ვერ საუბრობენ და ბაღში თუ არ ისწავლეს, სკოლაში ქართულ ენაზე სწავლა უჭირთ.
ორ თვეში წინუბნის საბავშვო ბაღმა შესაძლოა მუშაობა შეწყვიტოს და გარეთ დარჩენილი ბავშვების რიცხვი კიდევ 23-ით გაიზარდოს. სოფელ წინუბანში საბავშვო ბაღს საკუთარი შენობა არ აქვს და კერძო სახლშია განთავსებული. სახლის მეპატრონე კი შენობის დაცლას ითხოვს. საბავშვო ბაღს ქირავნობის ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბერს ეწურება.
"უკვე ხუთი წელია, რაც აქ ბაღია. ახლა სახლი მე თვითონ მჭირდება. ბიჭი უნდა დავაქორწინო და უნდა გადმოვიდეს თავის სახლში", - ამბობს სახლის მეპატრონე მარინე მუთოშვილი.
წინუბნის მაცხოვრებლების თქმით, სოფელში არცერთი თავისუფალი სახლი არ არის, სადაც საბავშვო ბაღის განთავსება შესაძლებელი იქნებოდა. ამ ინფორმაციას საბავშვო ბაღის გამგე ლიდა მუთოშვილიც ადასტურებს.
"რამდენჯერ დაგვპირდნენ სკოლაზეც, ბაღზეც, აშენდებაო, მაგრამ აშენებული და გაკეთებული არაფერი ჩანს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს წინუბანში მცხოვრებმა ელისო ქავთარაშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის განცხადებით, წინუბანში საბავშვო ბაღისთვის ალტერნატიული ფართის მოძიება აუცილებლად მოხდება, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა კი 2016 წელს იგეგმება და ბიუჯეტიდან დაახლოებით 120 000 ლარი დაიხარჯება.
იხილეთ ვრცლად