ამ უკუღმა დაბადებულებს, ყველა ერთი საშოდან რომ არიან გამომძვრალი, თუ უკან არ შევაბრუნებთ, არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას, - ასეთი ეპითეტით პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ "ნაციონალური მოძრაობა" მოიხსენია. იხილეთ ვიდეო
მისივე განმარტებით, ხელისუფლება მართლაც უნიათოა, რომ "უმგვანოებს" არ დაემსგავსა და ისინი "სარზე არ ჩამოაცვეს".
"ამ უკუღმა დაბადებულებს, ყველა ერთი საშოდან რომ არიან გამომძვრალი, თუ უკან არ შევაბრუნებთ, არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას. დღეს ამ თვითმარქვია გველაძუებს აჩემებული აქვთ მესიჯი, რომ ჩვენ ვართ უნიათოები. ამ მხრივ ისინი ნაწილობრივ შეიძლება მართლაც მართალნი არიან, რადგან ჩვენ არ დავემგვანეთ ამ უმგვანოებს და სარზე არ ჩამოვაცვით ისინი. ხოლო თუ უფრო სერიოზულად მივუდგებით საკითხს, სამწუხაროდ, ჩვენ მართლაც გამოვიჩინეთ უნიათობა, რომ ეს ანტიქართული, ფაშისტური რეჟიმი არ გავასამართლეთ და არ ავკრძალეთ მათ მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულებისთვის, რომელსაც თუნდაც სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრები ადასტურებს. მეტიც, ჩვენ თავს მოხვეული კოჰაბიტაციით ცუდი სამსახური გავუწიეთ ქვეყანას, ხალხს და როგორც ერთი ჩინური ანდაზა ამბობს: "უბეში ჩავისვით გაყინული გველი, რომელიც გავალღვეთ და ახლა ეს შხამიანი გველაძუები აქეთ იკბინებიან", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, "ნაციონალების" ბოროტი ზრახვების გამოაშკარავება ის საქმეა, რომლის გადადება არ შეიძლება.
"ჩვენ კი არ გადავეკიდეთ თვითმარქვია "ნაცებს", ისინი გადაეკიდნენ ხალხს და 11 წელია სისხლს წოვენ და სიცოცხლეს უმწარებენ. უფრო უტიფარი, უფრო ურცხვი, უფრო ანტიქართული ძალა, როგორც თვითგამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობაა", ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებულა. კოჰაბიტაციით გულანთებულები ვირთხებივით მოძვრებიან უკან და ყველა სახელისუფლებო ხვრელში ძვრებიან, რომ მერე შიგნიდან გამოხრან და გამოჭამონ ხელისუფლებაც და ქვეყანაც მთლიანად. მართლაც საკმარისია, აივსო მოთმინების ფიალა – გასაკეთებელი დროზე უნდა გაკეთდეს", - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.