სულ რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები" მაყურებელს წარუდგინეს დიალოგი, რომელშიც, გადაცემის მტკიცებით, ვლადიმერ ბედუკაძესა და "ობიექტივის" ყოფილ ჟურნალისტ და ამჟამად ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნინო ჯღარკავას შორის საუბარია წარმოდგენილი. ამასთან დაკავშირებით, ჯღარკავა ირმა ინაშვილს მიმართავს და კომენტარის გაკეთებას სთხოვს:
"მეგონა ამ 4 დღის განმავლობაში სადმე წავაწყდებოდი ირმა ინაშვილის ოფიციალურ კომენტარს კვესიტაძის გადაცემაზე და პირადად ჩემი "მიმოწერის" სიყალბეზე, თავიდან ვიფიქრე ძალიან დაკავებულია საარჩევნო კამპანიით და აქ შემოსასვლელადაც არ ცალიათქო, მერე აქა-იქ მის კომენტარებს და ნეიტრალურ პოსტებს წავაწყდი და მივხვდი, რომ ამ თემაზე დუმილი არჩია!
ახლა მე ვეკითხები მას ღიად: ირმა ვიყავით თუ არა მე და ნინო რატიშვილი შენი უშუალო თხოვნით წასული 2012 წლის 23 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით სტამბულში ბედუკაძის ცოლ-შვილთან? შენ ხომ იცოდი, რომ მე არანაერი მიმოწერა და კავშირი არ მქონდა ლადო ბედუკაძესთან? რატომ გაატარე ეს ბინძური კამპანია, რაც რუსთავი 2-მა და კვესიტაძემ დადგა?
ვიყავი თუ არა მე სადმე, ვინმესთან შუამავალი? ეს კითხვები მე კი არა საზოგადოებას აინტერესებს და იმედია გასცემ პასუხს! თუმცა ეს ჩემი პოსტის გარეშეც უნდა გაგეკეთებინა! ვწუხვარ, რომ მე იმ საქმეზე მიწევს თავისმართლება ეს დღეები, რაშიც ისეთი სუფთა და მართალი ვარ, რომ გაუჭირდება ვინმეს ტალახის სროლა! პოლიტიკა არ ღირს ამად", - წერს ნინო ჯღარკავა.