ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს, რომელიც ფიქრია ჩიხრაძემ მიიღო, გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელია ელოდებოდნენ, - ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადა.
ივანიშვილმა ისაუბრა ე.წ. ფსევდოოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არსებობდნენ და ახსენა, რომ მაგალითად, გიორგი თარგამაძეს სინდისი ეყო და წავიდა პოლიტიკიდან, ისევე როგორც პოლიტიკიდან წავიდა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე.
"დღეს "ახალი მემარჯვენეები" ისევე ფილიალად მოიხსენიებიან "ნაციონალური მოძრაობის", როგორც - "ლეიბორისტები". გამყრელიძე ალბათ განიცდის, რომ დატოვა პარტია, რადგან თანამედროვეობის ყველაზე დიდი პოლიტიკოსის მრჩევლად წავიდა "ახალი მემარჯვენეების" ახალი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე. გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელიწადია, ელოდებიან და იბრძოდნენ ამ პოსტისთვის და უეცრად ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ჩემთვისაც კი მოულოდნელი გახდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა თოქ-შოუების დახურვის თემაზეც ისაუბრა.
"ინგა გრიგოლია, პრინციპში, იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში", - განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა და განმარტა, რას გულისხმობს იძულებით დაბრუნების ფორმაში - "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" არჩევნებში 1%-იც ვერ აიღო და, შესაბამისად ინგა გრიგოლია, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე გარანტირებული ჰქონდა დეპუტატის მანდატი, პარლამენტში ვერ მოხვდა.
ივანიშვილმა ეს განცხადება თოქ-შოუების დახურვის თემის კომენტირებისას და ინგა გრიგოლიას იმ ბრალდების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ამაში ექსპრემიერი ჩართულია.
ივანიშვილის თქმით, ჰქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩთან საქართველოში და მანაც გამოთქვა აზრი თოქ-შოუების დახურვაზე, ამ კონტექსტშიც GDS-ს ახსენა, რაც ძალიან გასაკვირია, ვინაიდან, ივანიშვილის თქმით, GDS-ზე თოქ-შოუ ორ კვირაში განახლდება.
"იმედის ხელმძღვანელობაც ამბობს, რომ ახალი პროექტი მუშავდება, ეს არის ნორმალური პროცესი. ინგა გრიგოლია ცდილობს, რომ ეს მე მომაწეროს, თითქოს მას ვებრძვი. რა თქმა უნდა, ამაში არაფერი ობიექტური არაა, გარდა იმისა, რომ მე მართლაც შეიძლება, თავის დროზე, ინგა გრიგოლიას კარიერულ ზრდაზე მოვახდინე გავლენა", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, გრიგოლია იყო ერთ-ერთი ფსევდო ოპეზოციური პარტიის ლიდერი და მას შემდეგ, ივანიშვილი რაც პოლიტიკაში მოვიდა, მან ამხილა როგორც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", ისე "ახალი მემარჯვენეები" და "ლეიბორისტული პარტია", რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობაზე" ცუდად ექცეოდნენ საკუთარ საზოგადოებას და მათთან კვადრატში აყვანილი პრეტენზიები არსებობდა.
"გრიგოლიას განაღდებული ჰქონდა დეპუტატის მანდატი პარლამენტში და საუბედუროდ, თუ საბედნიეროდ მისთვის, ჩემი აზრით კი საბედნიეროდ მთელი საზოგადოებისთვის, ჩემი მოსვლით პოლიტიკაში საქართველოში სიტუაცია პრინციპულად შეიცვალა. გრიგოლიას ალბათ აქვს გაღიზიანება. პრინციპში მე ის იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში იმ ფორმით, რომ "ქრისიტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" 1%-იც ვერ აიღო და შესაბამისად, ინგა გრიგოლია ვერ მოხვდა პარლამენტში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
იმ საკითხის კომენტირებისას, რომ ინგა გრიგოლიამ თავად მოხსნა კანდიდატურა არჩევნებში, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არ ახსოვს და თუ ასეა, გრიგოლიას ეყო ჭკუა, ეს გაეკეთებინა, ვინაიდან "ქრისტიანულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ" არჩევნებშია ფიასკო განიცადა.