"თუ დამტკიცდება და არის ეჭვები, რომ ვიღაც მთავრობის წევრმა კადრების გავრცელებაში მონაწილეობა მიიღო, გარწმუნებთ, რომ რეაქცია იქნება ადეკვატური", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ძალადობისა და წამების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა.
პარლამენტარებსა და ექსპერტებს უჭირთ იმაზე საუბარი, თუ ვისზე მიანიშნა ექსპრემიერმა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თამაზ მეჭიაურმა "მთელ კვირასთან" განაცხადა, რომ კადრების გამავრცელებლის ვინაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.
"ივანიშვილი ამის შესახებ განცხადებას ალბათ თვითონ გააკეთებს. მაგ ინფორმაციაზე წვდომა არ მაქვს, ვერაფერს გეტყვით. ალბათ ვის გულისხმობდა, ბატონ ბიძინას უნდა ჰკითხოთ. მე ნამდვილად არ შემიძლია გითხრათ", - გვითხრა მეჭიაურმა.
როგორც "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა "მთელ კვირას" უთხრა, კადრების გავრცელებაში შეიძლება გარეული იყოს ის, ვინც ეს კადრები გადაიღო და ისიც, ვინც ეს გამოიძია.
"ვერ გეტყვით, ბიძინამ ამით ვისზე მიანიშნა, მაგრამ ეს თუ მართლა მთავრობის წევრის მიერაა გავრცელებული, რა თქმა უნდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.
"თუმცა, ვფიქრობ, მთავრობის წევრსა და არაწევრს შორის ზღვარის გავლება არაეთიკურია. რა მნიშვნელობა აქვს, კადრები ვინ გაავრცელა? ნებისმიერ შემთხვევაში პასუხი უნდა აგოს. თუმცა, ბატონი ბიძინა მორალურ სიმძიმეზე თუ საუბრობდა, როცა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელზე მიუთითებდა, მაშინ შესაძლებელია საკითხი ასეც დავაყენოთ.
"რა თქმა უნდა, ამ კადრებს ვინ ავრცელებს, ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ამგვარ კადრებზე ხელმისაწვდომობა როგორც ამჟამინდელ, ისე იმჟამინდელ ხელისუფლებასაც აქვს. იმიტომ, რომ ეს საქმე ერთმა მათგანმა გახსნა, მეორემ კი, იმ არაადამიანებმა, ყველაფერი გადაიღეს და ფირზე აღბეჭდეს.
"ვფიქრობ, ეს ორი ჯგუფი შეიძლება იყოს გარეული კადრების გავრცელებაში. ხელისუფლებამ ის ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს ავრცელებს და ამისთვის უკრაინულ ინტერნეტ რესურსებს იყენებს, ამ წრეში უნდა ეძებოს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ინტერნეტში ამ კადრების გამოჩენა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ვითარების დაძაბვას დაემთხვა.
"აქაც ორი მიმართულებით ვიფიქრებდი, ამჟამინდელ ხელისუფლებას და სავარაუდოდ, იმჟამინდელსაც აწყობს. არ გამოვრიცხავ, რომ იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ახლა სფეროების განაწილება, ანგარიშსწორება, საქმეების გარჩევა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი სხვადასხვა კუთხეშია გადახვეწილი. ზოგიერთი მათგანი ჩვენი სპეციალური სამსახურების მიერ იძებნება კიდევაც. არ გამოვრიცხავ, რომ მათი ნახელავიც იყოს.
"ხელისუფლება ამ საქმეს თუ ვერ გამოძიიებს, მაშინ ყველას გაუჩნდება კითხვა - ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ხომ არ არის ჩადენილი. ხოლო, თუ გამოიძიებენ, რა თქმა უნდა, გამოძიების შედეგებს დაველოდებით და დასკვნებს მერე გავაკეთებთ", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი "მთელ კვირასთან" საბურისას ამბობს, რომ კადრების გავრცელებაში დღევანდელი ხელისუფლება თუ ჩართულია, გარკვეული ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
"ძნელად წარმოსადგენია, რომ თუ ვინმე დღევანდელი ხელისუფლებისგან ამ უზნეობაში ჩართულია, გარკვეული ინფორმაცია ბატონ ბიძინასთვის მისაწვდომი არ იყოს, რადგან შსს მინისტრიც და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელიც მის მიერ შერჩეული კადრებია. ეს ადამიანები თუ ვინმეს უერთგულებენ, უპირველეს ყოვლისა ის ადამიანი იქნება, რომელიც ქვეყანაში საკუთარი გავლენების არსებობას მუდმივად უარყოფს.
იგივე პირი პარალელურად პრეზიდენტის დისკრედიტაციის სრულიად მკაფიო პროგრამას აანონსებს და მის წინააღმდეგ ჩაფიქრებული მზაკვრული ნაბიჯებიც რამდენჯერმე გაგვიმეორა. ამიტომ ჩვენ ნუ დავკარგავთ დროს იმაზე ფიქრში, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, თუ ასეთი რამ მოხდა, პირველი, ვინც ამაზე განცხადებას გააკეთებს, ეს ჩვენი ერთი რიგითი მოქალაქე იქნება.
"ვერ დავიჩემებ, რომ ბიძინა ივანიშვილს მკაფიო ინფორმაცია აქვს ამ თემაზე, მაგრამ თუ ის მოისურვებს, რასაკვირველია, იგი იქნება პირველი, რომელიც ამ ინფორმაციას მოიპოვებს", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, კადრების რაოდენობა თავიდანვე შემაძრწუნებელი იყო და ცხადია, მათი ასლების არსებობა არავის არ უნდა უკვირდეს.
"ამ ვიდეოკადრების გავრცელებაში თუ ქართული ხელია ჩარეული, აუცილებელი არ არის, რომ ეს მაღალი თანამდებობის პირი იყოს. შესაძლოა რომელიმე რიგითი მოხელე იყოს ჩართული იმ უწყებებიდან, რომელსაც ასეთ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია "მთელ კვირასთან" საუბრისას ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ განცხადებით კონკრეტულ პირზე მინიშნება არ გაუკეთებია.
"ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მან საკუთარი დამოკიდებულება დააფიქსირა - რომ ხელისუფლებაში ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ თუ მსგავს რამეს ვინც აკეთებს, ის დაუსჯელი დარჩება. ეს მისი ზოგადი დამოკიდებულებაა. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი მთარვობის მიმართ ნდობითაა განმსჭვალული.
"ამ კადრების გავრცელების სულ ცოტა სამი ვარაუდი შეიძლება გვქონდეს. პირველი შეიძლება ვიღაც ხელისუფლებიდან ავრცელებს, მეორე მოტივია წინა ხელისუფლებისთვის - "ნაციონალური მოძრაობის" შიდა რომელიმე ჯგუფი ავრცელებდეს, იმიტომ, რომ პარტიაში შიგნით სერიოზული დაპირისპირებებია. მესამე ვარაუდია, რომ შესაძლოა გარეშე პირი იყოს, რომელიც შიდა პოლიტიკური ჯგუფების დაპირისპირების გაღვივებითაა დაინტერესებული.
"იმის პროგნოზირება, კადრები კიდევ გავრცელდება თუ არა, ძნელია. ჩემთვის ნაკლებად სარწმუნოა, რომ კადრების გავრცელებაში ხელისუფლება იყოს დაინტერესებუში, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამას საზოგადოებიდან რეაქციები მოჰყვება და არ მგონია ამით ხელისუფლება იყოს დაინტერესებული", - განაცხადა გამზარდიამ.
ლიკა ამირაშვილი
გაზეთი "რეზონანსი"