"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მეწილის, გიორგი გეგეშიძის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქვრივმა წილის გაყიდვა გადაწყვიტა. თუმცა, ამ ერთი შეხედვით მარტივი და ლოგიკური სურვილის განხორციელებისას საკმაოდ სეროზულ, მოულოდნელ და უსამართლო წინააღმდეგობებსაც კი წააწყდა.
ნიკა გვარამიამ ნინო ნიჟარაძის წინააღმდეგ რამდენიმე ბრალდება უკვე გააჟღერა. ქალბატონი, რომელიც მიჩვეული არ იყო საზოგადოების ყურადღებას და მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა, მოულოდნელად სერიოზული ინტერესების ეპიცენტრში აღმოჩნდა.
რა ხდება "რუსთავი 2"-ის მეწილეებს შორის, რატომ ვერ ახერხებს გეგეშიძის ქვრივი საკუთარი წილის გაყიდვას და რა დაიგეგმა მის ზურგს უკან? გთავაზობთ ნინო ნიჟარაძის ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას, რომელიც მან გაზეთ "პრაიმტაიმის" მისცა.
- ჩემი მეუღლე 2014 წლის მარტში გარდაიცვალა. და უკვე აპრილის ბოლოს "რუსთავი 2"-დან დამირეკეს და შეხვედრაზე მიმიწვიეს. მდივანმა დამირეკა, თქვენი ხელმოწერაა საჭირო და ეგებ მობრძანდეთო. მივედი. რაღაც შპს-ს გახსნა სურდათ, დოკუმენტებს გავეცანი და ხელიც მოვუწერე. იქვე იჯდა ყარამანიშვილი, ახლაც არ ვიცი, რომელი ძმა იჯდა, მანამდე ნანახიც არ მყავდა არცერთი და შესაბამისად, ვერც ვიცანი. ხელმოწერის შემდეგ მკითხა: 9%-თან დაკავშირებით რას აპირებთო. მაშინ, მეუღლის გარდაცვალებიდან 40 დღე იყო მხოლოდ გასული და ამაზე ფიქრის თავიც არ მქონდა, თანაც, მხოლოდ მემკვიდრის სტატუსი მქონდა, მესაკუთრის სტატუსი სასამართლოს სექტემბერში უნდა მოენიჭებინა ჩემთვის. კანონის თანახმად, განხილვა სასამართლოში ექვსი თვის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. ამიტომაც ვუთხარი, რომ ამაზე ფიქრის არც განწყობა მქონდა ჯერ და არც სამართლებრივი სტატუსი, თუმცა, მაშინვე დავაფიქსირე, რომ არ მსურდა წილის შენარჩუნება. მითხრეს, ჩვენ სიმბოლურ თანხას შემოგთავაზებთო, მარწმუნებდნენ, რომ ეს 9% ისედაც ბევრს არაფერს ნიშნავდა. მხოლოდ ვთხოვე, შემოთავაზება ადეკვატური ყოფილიყო და არა სიმბოლური.
- თუ ხართ საქმის კურსში, თქვენს მეუღლეს სთხოვდნენ წილების დათმობას?
- არა, ასეთი შემოთავაზება მე მივიღე და ეს "რუსთავი 2"-ის ინიციატივა იყო. სხვათა შორის, იმავე შეხვედრაზე მკითხეს, შემოთავაზება არ მიგიღიათ ჩვენგანო? ვუთხარი, რომ არაფერი შეთავაზება ჩემამდე არ მოსულა. და ასეც იყო. მოგვიანებით, როცა დავფიქრდი, ვიფიქრე, რომ თანხა, რომელიც, როგორც ჩანს, მართლაც ითქვა ჩემთვის გადმოსაცემად, იმდენად მიზერული იყო, რომ ჩემამდე ამბავიც არავის მოუტანია.
ამ შეხვედრიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ "რუსთავი 2"-დან კვლავ დამირეკეს და მითხრეს, რომ საგანგებო კრება იყო დანიშნული. ვკითხე, რა საკითხი განიხილება-მეთქი, მითხრეს, წესდება იცვლება და მოსაწვევს ბინაზე მიიღებთო. ვთხოვე, ეგებ, წესდებაც გამომიგზავნოთ-მეთქი და, მოსაწვევთან ერთად, წესდება მეორე დღეს მართლაც მივიღე.
წესდებას გადავხედე, მოგეხსენებათ, იურიდიული ენა სპეციფიკურია, ამიტომაც, ჩემს ადვოკატს ვთხოვე დახმარება. ადვოკატმა ძველი წესდება ამოიღო და შედარება გააკეთა. მაშინ გავიგე, რომ ახალი წესდება ყველა უფლებას მართმევს. ანუ წესდების პუნქტები ისე იყო შეცვლილი, რომ მე მთლიანად პროცესის მიღმა ვრჩებოდი, არანაირი საჭიროება ჩემი აღარ იარსებებდა. ადვოკატმა მირჩია, ამ დოკუმენტზე ხელი არ მომეწერა.
ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რაც ძველი წესდების ამოღებისას გამჟღავნდა. როგორც აღმოჩნდა, წესდების შეცვლის მოთხოვნით, მათ იუსტიციის სამინისტროსთვის უფრო ადრე მიუმართავთ. თუმცა, სამინისტრომ, კანონის შესაბამისად, მოითხოვა გიორგი გეგეშიძის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა. სამინისტრო ამ ხარვეზის გასწორებას ითხოვდა. ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში კრების მოწვევის საკითხიც, მხოლოდ ამის შემდეგ შემატყობინეს, წესდება იცვლებაო.
ანუ უჩემოდ წესდება რომ ვერ შეცვალეს, შემდეგ იფიქრეს, ეგებ, ისედაც მოაწეროს ხელიო. არ ვიცი, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ მე ვერაფერს გავარკვევდი და მივხვდებოდი.
- კრება ჩაიშალა და არ შედგა?
- დიახ, მე ვუთხარი, რომ ახალ წესდებას ხელს არ მოვაწერდი.
- რატომ გსურდათ წილის გაყიდვა? თქვენ "რუსთავი 2"-ის საქმეებში არასოდეს ყოფილხართ ჩართული?
- არა, არასოდეს დავინტერესებულვარ "რუსთავი 2"-ით. მე მშვიდი ცხოვრება მინდა, არანაირი სხვა ინტერესები, მით უფრო პოლიტიკური, არ მაქვს და არც არასოდეს მქონია. არასოდეს მქონია რაიმე პოლიტიკური აქტივობა, აქციებზე არასოდეს ვმდგარვარ. ერთადერთი, არჩევნებზე გავდივარ და ეს ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობაა. არ მინდოდა, ამ პროცესებში ჩავრთულიყავი, მშვიდ და წყნარ ცხოვრებას ვარ მიჩვეული.
- ბრალდება, რომელიც ნიკა გვარამიამ გააჟღერა თქვენს წინააღმდეგ, სერიოზული იყო... ხელს უშლით "რუსთავი 2"-ს?
- ალბათ, წესდებას გულისხმობდა, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, მე მხოლოდ საკუთარი უფლებები დავიცავი აქ და ეს არანაირად არ უკავშირდებოდა "რუსთავი 2"-ის მუშაობას.
- თქვენთვის, ალბათ, სულერთი არ არის, ვინ იყიდის "რუსთავი 2"-ს, პოლიტიკური ინტერესი დიდია, შეიძლება პრორუსულმა ძალებმა დიდი ფული შემოგთავაზონ?
- რა თქმა უნდა, მე ვუფრთხილდები "რუსთავი 2"-ის იმიჯს, სულაც არ მსურს, რომ ტელევიზიის წილი საეჭვო პირებს ან უცხო პირებს ჩაუვარდეთ ხელში. ამიტომ მე მათ ორჯერ შევთავაზე ჩემგან წილის ყიდვა და ორჯერვე უარი მივიღე. სულაც არა ვარ ანგაჟირებული, როგორც ნიკა გვარამია საუბრობს ჩემზე და არც ფულზე ვარ გაგიჟებული. ვფიქრობ, მათ დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ თავიდანვე უარი მითხრეს წილის ყიდვაზე, ახლა კი მისი გაყიდვის საშუალებასაც არ მაძლევენ.
საერთოდ, ნიკა გვარამიას ბრალდებებისთვის მოვიცლი და პასუხს ვაგებინებ. ეს საკმაოდ უხეში და მიუღებელი ფორმით გაკეთდა და რაც მთავარია, საერთოდ არ შეესაბამება რეალობას... მან ბოდიში უნდა მომიხადოს ასეთი გამონათქვამებისთვის.
ქეთი ხატიაშვილი
გაზეთი "პრაიმტაიმი"