სპელეოლოგმა იური დავლიანიძემ ექსკლუზიური ინფორმაცია მოგვაწოდა: მან და მისმა მეგობრებმა - ლევან ლეფსვერიძემ, თემურ კირვალიძემ და ნოდარ ყარაშვილმა რაჭაში, სავარაუდოდ, მილიონობით წლის წინანდელი "ნაკვალევი" აღმოაჩინეს - კანიონის კლდეებში გაქვავებული ნიჟარები.
- რატომ წახვედით კონკრეტულად იმ ადგილებში, რაიმე გეგულებოდათ თუ კანიონს შემთხვევით გადააწყდით?
- იქ წასვლის ინტერესი ერთი ადამიანის მონათხრობმა გამიჩინა. იგი წარმოშობით რაჭიდან, ონის რაიონის სოფელ ზემო ბარიდან არის. მან გვითხრა, რომ მდინარე ბარულა, რომელიც ზემო ბართან მოედინება, სათავეს საკმაოდ დიდი გამოქვაბულიდან იღებსო. ამის დასტურად კი თავისი ბაბუის ამბავი მოიტანა, რომელიც, თურმე, ხშირად დადიოდა იმ გამოქვაბულში, - გამოქვაბული ისეთი დიდი იყო, მთლიანად რომ შემოევლო, ბაბუას ყოველთვის 2 ჩირაღდანი მიჰქონდა - ერთი რომ ჩაიწვებოდა, მეორეს ანთებდა ხოლმეო. სწორედ იმ გამოქვაბულის საძებნელად და დასათვალიერებლად გავემგზავრეთ. ადგილობრივმა მოსახლეობამ მიგვასწავლა, გამოქვაბულის ამბავი მონადირე პეტრიაშვილს ეცოდინებაო. ეს მონადირე სოფელ ბარის მუდმივი სამი მაცხოვრებლიდან ერთ-ერთია, თუმცა რომ შევხვდით, გამოქვაბულზე მანაც ვერაფერი გვითხრა. ზოგმა ზემო ბარსა და სოფელ მრავალძალს შორის რომ ჭინკის ტბაა, იქით გაგვიშვა, ბარულა იქიდან იღებს სათავესო.
- ზღვის დონიდან რამდენ მეტრზე იყავით?
- მობილურის ჯი-პი-ესმა დაახლოებით, 1200 მეტრი გვიჩვენა. სამწუხაროდ, ვერც მდინარის სათავეს მივაკვლიეთ და ვერც გამოქვაბულს, მაგრამ... იქაურმა ახალგაზრდება შემოგვთავაზეს, თუ გინდათ, უფრო საინტერესო ადგილას წაგიყვანთო და ჩვენც გავყევით. სოფლის შუა წელიდან გადავუხვიეთ და მდინარე ბარულის პარალელურად მდებარე ე. წ. ჩატეხილის კანიონს მივადექით.