მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოსდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 22 ოქტომბერს, სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში ესაუბრება. საუბრის სტენოგრამაში სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. მედიით გავრცელებულ სტენოგრამაში ასევე ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.
საკითხთან დაკავშირებით თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მთავრობას "ფეისბუქზე" მიმართავს და საჯარო ჩვენებაში სააკაშვილისა და ბოკერიას აეროპორტში შეხვედრის ისტორიასა და გარემოებებს დეტალურად ყვება.
"საჯაროდ ვიძლევი ჩვენებას:
20 ოქტომბერს მე, გიგა და გიორგი კანდელაკი გავემგზავრეთ მადრიდში. 22 ოქტომბერს მე და გიგა უნდა წავსულიყავით ლონდონში. 25 ოქტომბერს ვბრუნდებოდით თბილისში.
გიგა და კანდელაკი EPP-ის სამიტს უნდა დასწრებოდნენ. მე თან მადრიდში უნდა გამესეირნა და თან ევროპელი პოლიტიკოსები მენახა და ჩვენი კამპანიის "დაიცავი თავისუფლებას" მხარდაჭერა მეთხოვა.
21 ოქტომბერს მადრიდში ჩამოვიდა მიშაც. გიგაც, გიორგი კანდელაკიც, მიშა სააკაშვილიც, დათო ბაქრაძეც და მგონი გიგი წერეთელიც იქ იყვნენ, სამიტს ესწრებოდნენ.
22 ოქტომბერს მე და გიგა უნდა წავსულიყავით ლონდონში, 25 ოქტომბრამდე. გარდა იმისა, რომ კატო უნდა გვენახა, შეხვედრები გვქონდა დაგეგმილი პიტერ პომერანცევთან, ედვარდ ლუკასთან და ბილ ბროუდერთან. გარდა ამისა, გიგას ჩვენება უნდა მიეცა ბრიტანული სასამართლოსთვის დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
21 ოქტომბერს, მადრიდის დროით დაახლოებით 17:00 საათზე, ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ შანტაჟის თაობაზე, გიგამ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით.
მე გადავდე ლონდონის შეხვედრები. დავუკავშირდი ჩვენ ტურისტულ კომპანიას, რომელმაც აგვიღო ახალი ბილეთები - მადრიდი - სტამბული - თბილისი.
21 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30-ზე გავემართეთ აეროპორტისკენ. ჩვენი რეისი 23:55-ზე მიფრინავდა.
გზაში შევიტყვე რომ მიშაც ჩვენი რეისით მოფრინავს სტამბულამდე და მერე ოდესაში მიდის.
ჩვენ ადრე მივედით - კაფეში დავჯექით და წყალი, კოკაკოლა და ფორთოხლის ფრეში დავლიეთ.
ამასობაში მიშაც მოვიდა, Duty Free-სთან შევხვდით და ეგრევე მივედით 30-ე გასასვლელთან. მადრიდი სტამბულის რეისით ბევრი უკრაინელი მგზავრობდა, დაესიენ მიშას და ფოტოებს იღებდნენ. ფაქტობრივად ვერც ვილაპარაკეთ.
მიშა ბიზნეს კლასით მგზავრობდა. ჩვენ ეკონომით. შესაბამისად, თვითმფრინავში არ გვისაუბრია.
სტამბულში რომ ჩავფრინდით, მიშა თვითმფრინავიდან უკვე გასული იყო. მე და გიგა, ორი მწეველი, მეორე სართულისკენ წავედით - მოსაწევად და იქვე კაფეში "დავბანაკდით".
6:05 წუთზე გავემართეთ გეითისკენ. გზაში შევიარეთ მაღაზიაში - კესოს ვუყიდეთ ყურსასმენები (დაგვაბარა) და მე ჩემთვის ვიყიდე სახის კრემი.
გეითთან როდესაც მივედით, ტელეფონებს დავხედეთ და მიშას missed call-ები გვქონდა. ხმა დაწეული იყო და ვერ გავიგეთ. გიგამ გადაურეკა და სანამ ზარი გავიდოდა, დავინახეთ რომ მიშა მოვიდა თბილისის რეისის გასასვლელთან პასპორტით ხელში.
ჩასხდომა უკვე დაწყებული იყო.
სამივენი ვიდექით ზედ გასასვლელთან, ხალხი თვითმფრინავში სხდებოდა, ნაწილი მიშასთან მოდიოდა და ფოტოს იღებდა. ხალხშივე ვლაპარაკობდით - როგორც უკვე ვთქვი ვიცინოდით ჩემს დაჭერაზე. ვიცინოდით ხმამაღლა.
მერე დავიშალეთ - არათუ არ დამემშვიდობა, არამედ გადავკოცნე კიდეც, აბა შენ იცი, ჭკუით მეთქი ვუთხარი და ბოლოები შევედით თვითმფრინავში.
თქვე მაგარო ლენჩებო!
P.S. ლონდონის შეხვედრები გადავდე, კეზერაშვილის ადვოკატებმა გადადეს გიგას ჩვენების მოსმენაც. ედვარდ ლუკასს ხვალ ვხვდებით ვახშამზე (ამაღამ მივდივართ), პიტერ პომერანცევს და სხვებს ორშაბათს-სამშაბათს. კეზერაშვილის საქმეზე გიგა ჩვენებას 26 ოქტომბერს აძლევს ბრიტანულ სასამართლოს", - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გვაცნობეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.