სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გვაცნობეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
იხილეთ მნიშვნელოვანი ბმულები თემასთან დაკავშირებით:
გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებ საზოგადოებას ლევან იზორიამ ამცნო, "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება.
"იმ იდიოტურ ტექსტში, სააკაშვილის, ბოკერიას, ჩერგოლეიშვილის და ჩემს გარდა, პრეზიდენტი მარგველაშვილიც შეთქმულად გამოიყურება. ნეტა იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირებას ხომ არ გეგმავენ მეჭიაური, ვოლსკი და კვაჭანტირაძე?", - წერს გვარამია.
გვარამიას სტატუსს კობა სუბელიანის და თამარ ჩერგოლეიშვილის ცინიკური გამოხმაურებები მოჰყვა.
კობა სუბელიანი: ყურები უნდა დაგვახიონ.
თამარ ჩერგოლეიშვილი: [@ნიკა გვარამია], მოდი, უნდა მოგკლა.
ნიკა გვარამია: [@თამარ ჩერგოლეიშვილი], ნუ გადაუხვიე გეგმას - მე უნდა დავსისხლიანდე. შვილების დედა უნდა მოკლა. გთავაზობ ეკა კვესიტაძეს.
თამარა ჩერგოლეიშვილი: ა ბოდიში. ამერია, დაკვირვებით ვერ წავიკითხე გეგმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოსდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 22 ოქტომბერს, სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში ესაუბრება. საუბრის სტენოგრამაში სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. მედიით გავრცელებულ სტენოგრამაში ასევე ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.