როგორ ცხოვრობენ ბრეივიკის სასტიკ სასაკლაოს გადარჩენილი ახალგაზრდები

როგორ ცხოვრობენ ბრეივიკის სასტიკ სასაკლაოს გადარჩენილი ახალგაზრდები

ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა ანდრეა გჟესტვანგმა კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში ანდრეს ბრეივიკის მოწყობილ სასტიკ სასაკლაოს გადარჩენილი ახალგაზრდების პორტრეტები გადაიღო 1 წლის შემდეგ და დაინტერესდა, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი.

1.ელინ როზა ბოხი, 15 წლის, გრონგი

"უტოიას შემდეგ საშინელი კოშმარები მაწუხებდა, მეშინოდა სიბნელის და ნორმალურად არ მეძინა. მაშინ მე და დედამ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ძაღლის ყოლა, ასე გაჩნდა ჩვენს სახლში აფინა. მას ახლა ჩემთან ერთად სძინავს. ყველა მეუბნება, რომ ბოლო დროს ძალიან შევიცვალე. ჩემი მეგობრები რეალითი-შოუებს უყურებენ, მე კი არ შემიძლია. მირჩევნია, წიგნი ვიკითხო.

2. ეირინ კრისტინ კიერი, 20 წლის, ლაკსვატნი

"რამდენიმე თვეში ჭრილობები შემიხორცდა, თავში კი უცნაური რაღაც ხდებოდა. შინაგანად სიცარიელესა და დაღლილობას ვგრძნობდი. პირველად დეკემბერში ავტირდი. ვგრძნობდი შიშს ტელეფონის ზარის გაგონებაზე, პოლიციელების დანახვაზე... შემდეგ კუნძულზე დაღუპულები მესიზმრებოდა, მათთან ერთად ვსეირნობდი. ვიღვიძებდი და თავს ბედნიერად ვგრძნობდი".

3. ილვა შვენკე, 15 წლის, ტრომსე

"ყოველ დილას ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ - ხანდახან იმაზე, თუ რა გავაკეთე, ხანდახან - მომავალზე. არ მასვენებს იმ დღეზე ფიქრი, მღრღნის აზრი, რომ ეს შესაძლოა, ბოლო დღე ყოფილიყო ჩემი ცხოვრების. ახლა, როდესაც მანქანით ვმგზავრობ, ვფიქრობ: მეორე რიგში მიმავალმა სატვირთომ შეიძლება მოულოდნელად დაამუხრუჭოს და ჩვენს ხაზზე გადმოვიდეს, და მე დავიღუპები იმაზე ადრე, სანამ გავაცნობიერებ, რა მოხდა".

4. ალექსანდრ სანდბერგი, 16 წლის, ლევანგერი

"ტრაგედიის შემდგომ, რამდენიმე ხანში მივხვდი, რომ რაიმე სხვაზე უნდა გადავერთო, რომ არ ვიფიქრო იმ დღეზე. ხშირად ვფიქრობ, რამდენი უსამართლობაა სამყაროში და შენ ამასთან უძლური ხარ. და კიდევ გავაცნობიერე, თუ როგორი მნიშვნელოვანია ოჯახი. ახლა ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდი. არასოდეს განვიხილავდი 22 ივლისს მომხდარ ტრაგედიას, როგორც პირადად ჩემზე თავდასხმას, ამიტომაც, დღესდღეობით შიშები აღარ მაქვს".

5. იდა კაროლინა ბროჰოლმი, 21 წლის, ჰიტრა

"გამიჭირდა საკუთარ ქალაქში დაბრუნება, რადგანაც მე "ის გოგონა უტოიადან" ვიყავი. მაგრამ მე დამეხმარნენ, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ზოგჯერ საკუთარ მოგონებებში ვიკარგები. ვხუჭავ თვალებს და ვხედავ მათ, ვინც მიყვარდა. კარგად მახსოვს 22 ივლისის წინა ღამე. კარავში ვისხედით, 3 ბიჭთან ერთად, ისინი იავნანას მიმღეროდნენ. ერთ-ერთი მათგანი ცოცხალი აღარაა"...

6. ეივინდ რინდალენი, 23 წლის, ტოლგა

"რაც დღეს ხდება, რამაც გაგვაერთიანა, ბევრს აფიქრებინებს, რომ ის ადამიანი ჩვენნაირი არასოდეს ყოფილა. მაგრამ ის ერთ-ერთი ჩვენთაგანი იყო, დარწმუნებული ვარ. დღეს, 22 ივლისის შემდეგ, საკუთარ თავს სიტყვა მივეცი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნორვეგია თავისუფალი, დემოკრატიული და მაქსიმალურად სხვადასხვანაირი იყოს. თუ ულტრამემარჯვენეები მოღალატედ შემრაცხავენ, დღეიდან ეს ჩემთვის კომპლიმენტი იქნება".

7. ჰანე ნესი, 20 წლის, ნამსუსი

"კარგად მახსოვს, როგორ დამეცა ჩემი საუკეთესო მეგობრის, ლენე მარიას უსიცოცხლო სხეული. ღამღამობით მელანდებოდა - ჩემს საწოლთან იჯდა. ვბრაზდებოდი, ვიცოდი, რომ ცოცხალი აღარ არის, მინდოდა განმედევნა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ისე ცხადად ვხედავდი მას, როგორც ახლა თქვენ გხედავთ. იჯდა გაღიმებული სახით იმ დღემდე, როცა დაასაფლავეს...".

8.ნათია ჩხეტიანი, 23 წლის, ქუთაისი

"მე და ჩემმა მეგობარმა პირველად ვიმოგზაურეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ. სკანდინავია ყოველთვის მიზიდავდა, განსაკუთრებით, სკანდინავიური სოციალიზმის მოდელი. ცდილობდნენ, გადაგვეფიქრებინა, მაგრამ ჩვენ მაინც გავემგზავრეთ. ახლა ჩემი მეგობარი გარდაცვლილია და შესაძლოა, მეც ვერ გადავრჩენილიყავი იმ დღეს. დიდი ორგანიზმის ნაწილად ვგრძნობ თავს, რომელსაც უნდა, ჭრილობებისგან განიკურნოს. ერთიანობის მსგავსი გრძნობა არასდროს დამუფლებია" (მოისმინეთ ნათიას პირველი ინტერვიუ)

9.სესილია ჰერლოვსენი, 17 წლის, სარპსბორგი

"მახსოვს ექიმების სახე, რომლებიც საავადმყოფოში თავზე მადგნენ. მათ თქვეს, რომ ხელის ამპუტაცია გარდაუვალია. დედ-მამა და ძმა გვერდით იდგნენ. იმ მომენტისთვის ბედს შეგუებული ვიყავი. როცა რაიმე მჭირდება, ყოველთვის ვინმე მეხმარება, მივეჩვიე იმ აზრს, რომ ერთი ხელით მომიწევს ცხოვრება".

10.პრაბლენ კაური, 19 წლის, ოსლო

"სიბნელე. /წყალში ვარ./ დრო, სივრცე, ფერები, / დრო გაიყინა, ნაფლეთებად იქცა. /ჩემი გზა თვალთახედვიდან დაიკარგა. წყვდიადის უკან მორჩენილი აჩრდილები ისევ ჩემთან არიან".

11. მატიას ეკჰოფი, 21 წლის, აკერსჰუსი

"როდესაც სიტყვა უტოია მესმის, წარმოვიდგენ უსაფრთხო, მშვენიერ ადგილს, კუნძული ახლაც ასეთი მეჩვენება. საავადმყოფოში 3 კვირა და 5 დღე გავატარე, უბრალოდ ვიწექი და არაფერს ვაკეთებდი. 11 დღის განმავლობაში 9 ოპერაცია გამიკეთდა. შემდეგ ხელჯოხებით გადავადგილდებოდი. არსად გავდიოდი, სახლში ვიჯექი და ახალ ამბებს ვუყურებდი. მეგონა, უწინდებურ ცხოვრებას ვერასოდეს დავუბრუნდებოდი, მაგრამ თანდათან გამოვედი მდგომარეობიდან, დავუბრუნდი სპორტის საყვარელ სახეობას - ფლორბოლს, რომელიც დამეხმარა, ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებოდი. ხანდახან, კიბეებზე ასვლისას, ძველი ტრავმები მახსენებს თავს. არ ვფიქრობ მომავალზე და ვცდილობ, დღევანდელი დღით ვიცხოვრო. არავინ იცის, თუ რა ელოდება ხვალ...".

12. სებასტიან იოჰანსენ პერეუ, 15 წლის, ტრენდელაგი

"როდესაც კუნძულიდან დავბრუნდი, ეზოს ბაღში მეგობრები დამხვდნენ, კექსებს მივირთმევდით, ვუყურებდით ფილმებს. ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება გაგრძელდა. დღემდე ვატარებ სამაჯურს წარწერით "უტოია", რომ არ დამავიწყდეს იქ გატარებული ბედნიერი დღეები, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა. უფროსმა ძმამ მაჩუქა საგზური. ხშირად სტუმრობდა კუნძულს და ყვებოდა, თუ როგორი მშვენიერია იგი. თავისი მეგობრები გამაცნო, საღამოობით გიტარაზე ვუკრავდით. მის დაკრძალვაზე როიალზე "რა სიტყვებია" დავუკარი. ხანდახან ვფიქრობ, რომ ყოველთვის ერთადერთი შვილი ვიყავი, ძალიან მაკლია იგი..."

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: უტოიაზე მომხდარი ტრაგედიის კადრები ვერტმფრენიდან

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა