ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე წყალგაყვანილობის გამსკდარი მილებიდან მომდინარე "მოჩუხჩუხე წყაროებს" არაერთგან შეხვდებით. წყალი ან გზას მიუყვება ან დაღმართ ადგილებზე პირდაპირ ეზოებში შედის. უმთავრესი პრობლემა კი ის არის, რომ წყალი გამსკდარ მილებთან გუბდება, შიგ იხვებიც ბანაობენ და მერე ეს დაბინძურებული წყალი მილებში მიმავალ სასმელ წყალს უერთდება და მოსახლეობას მისი გამოყენება უწევს.
"კაცი არ დაიჯერებს, რას ვსვამთ და ბავშვებს რას ვასმევთ. წარმოიდგინეთ, გახეთქილი მილი, საიდანაც წყალი მოჩქეფს. თუ დამრეცი ადგილი არ არის, იქვე კეთდება გუბე, მერე კი გადმოსული წყალი გზას საითაც იპოვის, იქით მიდის. ამ გუბეში კი ხშირად ბანაობენ იხვები. ხალხს შინაური ფრინველი ჰყავს და ხომ ვერ აუკრძალავ? არადა, იხვების ნაბანავებ წყალს რომ ვსვამთ და ბავშვებს ვასმევთ, ამას გამართლება მოეძებნება? მიზეზი რომ არ ილევა, ვხედავთ. ასეთი მდგომარეობა იაკობ შემოქმედელის ქუჩის მესამე შესახვევში ჩვეულებრივი ამბავია. არაერთხელ მივედი წყალმომარაგების სერვისცენტში. მოვიდნენ, გააკეთეს რაღაც, მაგრამ ორ დღეში თუ ორ კვირაში რომ ყოველ ათ მეტრ მანძილზე მილები ისევ სკდება, გაკეთებული ჰქვია?" - ამბობს რომან პაპიძე.
შემოქმედელის ქუჩის მცხოვრებნი ყურადღების მიქცევას და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
"დაახლოებით სამი თვის წინ იყვნენ აქ და გააკეთეს, თუმცა, წყალმა მაინც ამოხეთქა. მილია შესაცვლელი. ძველი მილები იმდენად დაზიანებულია და დაცრეცილ-დამპალი, არ შველის ალაგ-ალაგ შეკეთება. ერთხელ მოსახლეობამ მოითათბირა, ჩვენი ხარჯებით შევაკეთოთო, მაგრამ უარი უთხრეს, დაგაჯარიმებთო", - ამბობს ზურა ბიბინიძე.