საქართველოში ადგილობრივი დიზელის წარმოება და რეალიზაცია დაიწყო. მინისაწარმოები დიზელს ადგილობრივი ნავთობისგან აწარმოებენ და არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ყიდიან. ასეთი პატარა ქარხნები ჯერჯრეობით მხოლოდ დიზელზე არიან ორიენტირებულნი და ბენზინის მიღებას ვერ ახერხებენ.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ადგილობრივი დიზელი თბილისთან ახლოს ვაზიანსა და ველში იწარმოება. ვაზიანში ცოტა ხნის წინ პატარა, ახალი მინისაწარმო აშენდა, ველში კი ძველის რეკონსტრუქცია განხორციელდა. "რეზონანსი" შეეცადა საწარმოების მფლობელებს დაკავშირებოდა, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა. ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი ტატიშვილის ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების წარმოებისთვის ლიცენზიები ორმა ქარხანამ 5 თვის წინათ მიიღო. წარმოების წლიური მოცულობა 100-150 ათასი ტონაა. მისი განცხადებით, საწარმოები დიზელსა და ნაფტას აწარმოებენ. რაც შეხეება ხარისხს, გიორგი ტატიშვილი ამბობს, რომ აღებულია ორი სინჯი. ერთი მათგანი ლიცენზირებულ ლაბორატორია "გამაში" შემოწმდა და დადასტურდა, რომ ადგილობრივი წარმოების დიზელი საქართველოში მოქმედ სტანდარტებს აკმაყოფილებს. მეორე სინჯის კვლევას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აწარმოებს და შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.
ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები მხოლოდ დიზელის წარმოებაზე არიან ორიენტირებულნი და მათი ტექნიკური აღჭურვილობა მოქმედი სტანდარტის შესაბამისი ბენზინის წარმოების შესაძლებლობას არ იძლევა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ იობაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში ადგილობრივ დიზელს აწარმოებენ. "ვიცი, რომ ნავთობს ყიდულობენ ადგილობრივ ნავთობმომპოვებლებისგან და აწარმოებენ დიზელს. მეტი ინფორმაცია არ მაქვს. არა მგონია, რომ დიდი რაოდენობის საწვავის მიღება შეძლონ",- ამბობს ვახტანგ იობაშვილი.
ნავთობკომპანია "სენტას" დამფუძნებელ ზაალ იაკობიძის ინფორმაციით, ადგილობრივი წარმოების დიზელი არაბრენდირებულ ავტოგასამართ სდაგურებზე უკვე იყიდება. "ვიცით, რომ ადგილობრივი ნავთობისგან იღებენ დიზელს და შემდეგ ყიდიან", - ამბობს ზაალ იაკობიძე.
საქართველოში 1 წელიწადში, საშუალოდ, 70 ათას ტონა ნავთობს მოიპოვებენ. წლების წინათ, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 24 მცირე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო მუშაობდა. აქედან, ლიცენზია მხოლოდ 6 ჰქონდა, ისიც 2006 წლის ბოლომდე, ვინაიდან ნავთობისა და გაზის მარეგულირებელმა სახელმწიფო სააგენტომ, სალიცენზიო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის მოტივირებით, მათთვის ლიცენზიების გადაცემა შეწყვიტა. გარდა ამისა, მთავრობა საწარმოების გაჩერების სხვა მიზეზებსაც ასახელებდა. მაგალითად, ის, რომ მენავთობეებს აზერბაიჯანიდან კონტრაბანდული ნედლეული შემოჰქონდათ და ფინანსთა სამინისტროს ამ სექტორის კონტროლი უჭირდა.