საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძე "ფეისბუქზე" სკანდალში გაეხვა, რაც ერთ-ერთი დისკუსიის ფარგლებში მის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარს მოჰყვა. პაატა შავაძემ ჟურნალისტის, "ტაბულას" ვებ-რედაქტორის, მარი ახსიაშვილის მიმართ უცენზურო ლექსიკა გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე შესაძლოა, შავაძე დანიშნულიყო.
წარმოგიდგენთ ნაწყვეტს, პაატა შავაძის ინტერვიუდან, რომელიც მან 2014 წელს "გურია ნიუსს" მისცა:
"ყველა იმ "გამოცდილ" პროკურორს, რომლებსაც 9 წლის მანძილზე ადამიანის ტანჯვა-წამების, უკანონო გადაწყვეტილების მიღების და ასევე უკანონო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მეტი არაფერი უკეთებიათ, მინიმუმ სახლში მივაბრძანებ, მაქსიმუმ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივცემ. სადამდეც მიგვიყვანა მათმა "პროფესიონალიზმმა", კარგად ვიცით. მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ადეიშვილს სჭირდებოდათ ეს "პროფესიონალები".
ჩვენ, პირველ რიგში, ადამიანები გვჭირდება. არის ძალიან ბევრი კარგი და პროფესიონალი იურისტი, ახალი ხედვებით და რეალობებით, ამ ადამიანებს დავასაქმებთ კონკურსების, გასაუბრებების და რეკომენდაციების საფუძველზე. საქართველოს პროკურატურა ჩამოყალიბდება ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრებით, რომლებიც არ იქნებიან რეპუტაციაშელახულები. საზოგადოებას პროკურატურის არ უნდა ეშინოდეს. ის უნდა წარმოგვედგინოს სამართლიანობის ქვაკუთხედად. ვდებ იმის პირობას, რომ თუკი მე გავხდები მთავარი პროკურორი, პირველი წუთიდანვე გატარდება "ქართული ოცნების" ის პოლიტიკა, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. ჩვენ ამის ვალდებულება ავიღეთ".