"შემოდგომაზე სტიქიის განმეორების რისკი იზრდება" - რა კეთდება 13 ივნისის კოშმარის განმეორების თავიდან ასარიდებლად

"შემოდგომაზე სტიქიის განმეორების რისკი იზრდება" - რა კეთდება 13 ივნისის კოშმარის განმეორების თავიდან ასარიდებლად

ვერეს ხეობაში დატრიალებული კატასტროფიდან 4 თვე გავიდა, მაგრამ ეს საკითხი ისევ აქტუალურია.

რა გაკეთდა ამ 4 თვის განმავლობაში, როგორ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები? ამ თემაზე სასაუბროდ მივმართეთ გეოლოგსა და ეკოლოგს, პროფესორს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ექსპერტს, ბატონ ირაკლი მიქაძეს:

- როგორც ცნობილია, ღვარცოფით წალეკილი ვერეს ხეობის გაწმენდისა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ოპერატიულად დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. კომისიის შემადგენლობაში შედიან ქართველი ექსპერტები და სპეციალისტები. ეს უდავოდ, მისასალმებელია, მაგრამ კომისიის შემადგენლობის მიმართ შენიშვნები მაქვს, რადგანაც მის შემადგენლობაში არ არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ეკოლოგები, ხოლო გეოლოგებიდან - მხოლოდ 2 პიროვნება. ვფიქრობ, რომ ეს კომისიის მნიშვნელოვანი ხარვეზია, რადგან ვერეს კატასტროფაში მთავარი როლი სწორედ ეკოლოგიურმა და გეოლოგიურმა ფაქტორებმა ითამაშა. კომისიის ეს ხარვეზი ნათლად ვერეს ხეობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში გამოჩნდა.

- რას გულისხმობთ კონკრეტულად, - სამუშაოები არასწორად მიმდინარეობს?

- სამწუხაროდ, ასეა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ცნობილია კატასტროფის მიზეზები, მისი გათვალისწინება სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში არ ხდება. ხეობის დატბორვაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა თამარაშვილის ქუჩის ქვეშ არსებულმა გვირაბმა, რომელიც მეწყრის სხეულიდან წამოსული ღვარცოფით, ქვა-ღორღით, ხეებითა და მდინარის ჭალაში არსებული ნაგებობებით ჩაიხერგა. გვირაბის ჩახერგვამ წყლის შეგუბება გამოიწვია, შემდეგ კი ღვარცოფი დიდი სისწრაფით ხეობის დაბალი ნიშნულებისაკენ დაიძრა და ჭალაში არსებული საავტომობილო გზის, ზოოპარკისა და გმირთა მოედნის წალეკვა დაიწყო. ღვარცოფი ვერ გაატარა საავტომობილო გზის გვირაბებმა, რომლებიც ასევე, არ იყო გათვლილი მდინარის კატასტროფულ ხარჯებზე. მიუხედავად ამისა, თამარაშვილის ქუჩის გვირაბი ისევ ხელუხლებელია, ხოლო საავტომობილო გზის 7 გვირაბიდან 6 - ისევ აღდგენილია პირვანდელ მდგომარეობაში და მხოლოდ 1 გვირაბი შეიცვალა ხიდით.

- თქვენი რეკომენდაციით, როგორი ღონისძიებების გატარება იქნებოდა მართებული?

- აუცილებელია, მდინარის ჭალაში არსებული, უკლებლად ყველა გვირაბი შეიცვალოს ხიდებით და მოხდეს თამარაშვილის ქუჩის გვირაბის ლიკვიდაცია! მის ნაცვლად გაკეთდეს ესტაკადა, რომლის ქვეშ თავისუფლად გაივლის მდინარის ნებისმიერი კატასტროფული ნაკადი. ეს ღონისძიება, ასევე განტვირთავს თამარაშვილის ქუჩის, ახალი გზისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთის საგზაო კვანძს, რომელსაც ამჟამად შუქნიშანი არეგულირებს და სადაც მუდმივად საავტომობილო საცობები იქმნება.

- არსებობს თუ არა სტიქიის განმეორების საფრთხე?

- რა თქმა უნდა, არსებობს. სტატისტიკური მონაცემებით, (1881-2015 წწ), თბილისის ტერიტორიაზე, კოკისპირული წვიმებისა და მდინარე ვერეს წყალდიდობის სიხშირის კოეფიციენტია 0,4 წელიწადში, ე.ი. თითქმის 2 წელიწადში ერთხელ მოსალოდნელია, რომ სტიქია განმეორდეს.

- რა ღონისძიებები გატარდა იმ გამოცდილების შემდეგ, რაც 13 ივნისის კატასტროფისას დაფიქსირდა?

- გარკვეული ღონისძიებები გატარდა, მაგალითად, მდინარე ვერეს ხეობაში გამაფრთხილებელი სირენის დამონტაჟება მოხდა, მეტეოროლოგიური, მდინარის ხარჯისა და ახალდაბა-ბეთანიის გზაზე ნაწილობრივ ჩამოწოლილ მეწყრულ სხეულზე დაკვირვების პუნქტები გაიხსნა და სხვა მეწყრული სხეულების დათვალიერება მოხდა, მაგრამ ეს ღონისძიებები არ არის საკმარისი, რადგან სტიქიის განმეორების შემთხვევაში, ისევ მოსალოდნელია მეწყრული სხეულების გააქტიურება, გვირაბების ჩახერგვა, ჭალაში გაყვანილი საავტომობილო გზის, ზოოპარკისა და გმირთა მოედნის წალეკვა, ე.ი. მეორდება წინა ხელისუფლების შეცდომები, როდესაც სისწრაფეს და მოუმზადებელ გადაწყვეტილებებს დიდი მატერიალური ზარალი და ადამიანების მსხვერპლი მოყვა.

- გარდა გვირაბების ლიკვიდაციისა, კიდევ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი?

- მდინარის ჭალაში არსებული და ისევ იმავე მდგომარეობაში აღდგენილი საავტომობილო გზის ნაცვლად, იმ გზის ესტაკადებზე გაყვანა, რადგან არ მოხდეს იმ მონაკვეთების ხელახალი წალეკვა. უწყებათშორისი კომისიის განმარტებით, გზის იმავე ნიშნულებში აღდგენა დროებითი ღონისძიებაა, მაგრამ არ არის განმარტებული, როდის მოხდება გზის ამ მონაკვეთების სრული მოწესრიგება. მდინარე ვერეზე წყალდიდობა მოსალოდნელია ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულის ბოლოს, ე.ი. სტიქიის განმეორების რისკი ისევ რჩება.

- გეოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რა ღონისძიებებია გასატარებელი?

- თბილისის ფარგლებში 60-ზე მეტი მეწყერი და დაახლოებით, იმდენივე ღვარცოფული მდინარე და ხევია. დამეწყრილია კუკიის, მთაწმინდის, სოლოლაკის, კუს ტბის, წყნეთისა და მდინრე ვერეს ფერდობები, დაბახანისა და ხევძმარის ხევები, მუხათგვერდისა და ბაგების ტერიტორია. განსაკუთრებით, სენსიტიურია ე.წ. "ვაკის მეწყრები", რომლის სხეულზეც, მაგალითად, ყიფშიძის ქუჩის ბოლოში, დღესაც შენდება მრავალსართულიანი სახლები, რის გამოც, საცხოვრებელ სახლებს ნაპრალები გაუჩნდა და დანგრევის საფრთხის ქვეშაა. მეწყრული სხეულის თვისებაა, მისი მდგომარეობის მუდმივი ცვალებადობა, გამოწვეული ენდოგენური და ეგზოგენური პროცესებისა და ურბანული ზემოქმედების გამო. ამდენად, არ არის საკმარისი მხოლოდ მეწყრის დაფიქსირება, აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ამ სამუშაოებს უნდა ასრულებდეს გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც მთელ საქართველოს ემსახურება და რომელსაც არა ჰყავს შესაბამისი რაოდენობის სპეციალისტები. კარგი იქნება, თუ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თბილისის ტერიტორიაზე მომუშავე სპეციალისტების მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საშიშ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებზე რეჟიმულ დაკვირვებებს განახორციელებდა.

- კიდევ რა ღონისძიებებია გასატარებელი?

- შესადგენია თბილისის განვითარების გენერალური გეგმა. ნებისმიერ საინჟინრო ნაგებობას უნდა ჰქონდეს გეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა, რომელიც გამორიცხავს საშიშ გეოლოგიურ ზონებში ნაგებობების მშენებლობას. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების განკარგვა განხორციელდეს მხოლოდ, ტერიტორიის წინმსწრები საინჟინრო, გეოდინამიკური შეფასების შემდეგ. აღდგეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებდა ამგვარი შეფასების აუცილებლობას და სამწუხაროდ, 2007 წელს გაუქმდა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია