ბოლო 6 წლის განმავლობაში ეკა ამირეჯიბის სახელი "რუსთავი 2-თან" და დილის გადაცემასთან ასოცირდებოდა, თუმცა ახალ სეზონზე ის ამ არხზე აღარ გამოჩენილა. მიზეზი ახალი სამსახური და პროფესიული ეტაპია – ეკას ტელეკომპანია "იმედის" არხზე დუტა სხირტლაძესთან ერთად მიჰყავს მუსიკალური პროექტი – "ვოისი". ის, ასევე, "დღის შოუს" წამყვანიც გახდა. გთავაზობთ ნაწყევეტს ჟურნალ "თბილისელების" ინტერვიუდან:
– დავიწყოთ იმით, რომ შენს ტელეკარიერაში სიახლეა.
– სიახლეები ნამდვილად მაქვს. საკმაოდ რთული ზაფხულის მიწურული და შემოდგომის დასაწყისი მქონდა, რადგან, ძალიან მოულოდნელი ამბები მოხდა. მოულოდნელი იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. ის 6 წელი, რაც "რუსთავი 2-ში" ვიმუშავე, გულწრფელად ვამბობ, მართლა არცერთი წამი არ მიფიქრია არხის შეცვლაზე და არც რადიკალურ ცვლილებებზე, რადგან, ის გამოცდილება, რაც "რუსთავი 2-მა" მომცა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამას ახლაც ვაფასებ; თუმცა, როცა ამდენი წელი მუშაობ ერთ ადგილას, ხანდახან უნდა დატოვო კომფორტის ზონა და საკუთარი თავი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენო. ამ ეტაპზე, ჩავთვალე, რომ საჭირო იყო სიახლე და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.
– ანუ, ბევრი არ გიფიქრია?
– ადვილი ნამდვილად არ ყოფილა პროფესიონალური, ადამიანური თუ კოლეგიალური ფაქტორებიდან გამომდინარე. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, ვინც ადვილად, ერთი ხელის მოსმით იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. თუმცა, არც მათ ვამტყუნებ, ვინც ოდნავ უკეთესი ხელფასის გამო დამოგზაურობს კომპანიიდან კომპანიაში. ზოგს შვილები ჰყავს, ოჯახი, ათასი სხვა პრობლემა... ასე რომ, შორიდან არ ღირს სხვების კრიტიკა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე მჭირდებოდა სიახლე – სხვა მიზეზი არ ყოფილა. რას ვიზამთ, ადამიანები სხვადასხვა ეტაპზე იცვლიან სამსახურს, ეს ხშირად ხდება ასე.
– არხის დატოვების შემდეგ ხმა გავრცელდა, რომ "იმედმა" ორმაგი თანხის შეთავაზებით გადაიბირა ჟურნალისტები.
– ჩემს შემთხვევაში გადამწყვეტი იყო კონკრეტულად ახალი შემოთავაზება – მუსიკალური პროექტი, რომელიც მინდოდა და მაინტერესებდა. ჩემთვის სწორედ ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რატომაც დავუშვი საერთოდ, რომ შეიძლებოდა, დამეტოვებინა "რუსთავი 2." მერე ამას მოჰყვა შემოთავაზება "დღის შოუდანაც". ძალიან სასიამოვნოა "ვოისზე" მუშაობა. საქმეს მიადვილებს ჩემი რადიოგამოცდილებაც, მუსიკალური ბეგრაუნდიც. მუსიკალურ პროექტში მიმიღია მონაწილეობა და ზუსტად ვიცი ყველა წახნაგი, მაგალითად, რას ფიქრობს მონაწილე, სცენაზე რომ გამოდის, სად რისი ეშინია, რაზე ნერვიულობენ თვითონ და მისი გულშემატკივარი. რა თქმა უნდა, მეც მყავს რამდენიმე რჩეული. მგონია, რომ ძალიან ბევრი ემოციური და მოულოდნელი მომენტი იქნება შოუში. "ვოისზე" ყველა ძალიან დიდი მონდომებით მუშაობს 24-საათიან რეჟიმში.
– რაც შეეხება სერიალს "ჩემი ცოლის დაქალები", ისევ იქნები ახალ სეზონში?
– რაც შემეხება მე, ვარ აბსოლუტურად ღია და მზად ნებისმიერი თანამშრომლობისთვის. ამისთვის მზადაა ტელეკომპანია "იმედიც", რომელიც ამ მხრივ არ მზღუდავს. ზუსტად ვიცი ამ საკითხზე "ფორმულა კრეატივის" მოსაზრებაც, რომელიც ძალიან ლოიალური და დემოკრატიულია. თუმცა, არა მგონია, იგივე დამოკიდებულება ჰქონდეს თავად არხს.