ექიმი, მეწარმე, ლიდერი - სწორედ ეს ძველი, საარჩევნო სლოგანი გამახსენდა მაშინ, როცა ამ ადამიანის ბიოგრაფიას ვეცნობოდი. საქართველოში ყველაზე დიდი სააფთიაქო ქსელის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება. რა გზა გაიარა დღეს პედიატრობიდან წარმატებულ ბიზნესამდე, ამაზე "ავერსის" დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ პალიტრა TV-ს გადაცემაში "ბიზნეს PRESS" ისაუბრა. Bpn.ge ბიზნესმენის ინტერვიუს ბეჭდურ ვერსიას გთავაზობთ.
- პროფესიით ექიმი ხართ. თუმცა მაინტერესებს, რა პროფილის ექიმი ხართ?
- პედიატრი.
- და ბავშვების მკურნალობა ერთ დროს ბიზნესზე გაცვალეთ, რატომ?
- ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა. დავამთავრე ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. ფიზიკაც ძალიან მიყვარდა, მათემატიკაც, მაგრამ მაინც სამედიცინო ინსტიტუტში გადავწყვიტე ჩაბარება. არასდროს მინანია და მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე. ჩემი თავი მხოლოდ ექიმად წარმომედგინა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბიზნესმენი ვიქნებოდი, რომ დიდი ფინანსური შესაძლებლობები მექნებოდა. ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი კარგი ექიმი. მაგრამ მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაფრის ძალიან დიდი დეფიციტი იყო, მათ შორის მედიკამენტების. 1994 წელს, მე-6 კურსზე რომ ვიყავი, კლინიკაში ოპერაციებს ვესწრებოდი, ყველაფერი პაციენტს უნდა მოეტანა - იქნებოდა ეს მედიკამენტები თუ შესახვევი მასალები. თვითონ კლინიკას არ ჰქონდა, რადგან მოშლილი იყო ცენტრალური მომარაგება.
მაშინ გამიჩნდა იდეა, მოსკოვიდან ან კიევიდან შესახვევი მასალები და მედიკამენტები ჩამომეტანა და კლინიკისთვის შემეთავაზებინა, თუმცა კლინიკის მთავარმა ექიმმა უარი თქვა - ამის არც ფინანსები მაქვს, არც გამოცდილებაო. მაგრამ იმისთვის, რომ ხალხმა არ იწვალოს და არ იაროს ვაგზალზე, სადაც ერთი დიდი ბაზრობის სახით იყიდებოდა მედიკამენტები მთელი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის, ფართს გამოგიყოფ და კლინიკაში გახსენი აფთიაქი - ამით პაციენტებიც და მათი პატრონებიც ძალიან კმაყოფილი იქნებიანო. ასე მოულოდნელად გადავწყვიტე აფთიაქის გახსნა. პირველად აფთიაქში 16 დასახელების მედიკამენტი იყო: ამპიცილინი, პენიცილინი, სტრეპტომიცინი... ამას მოჰყვა ამ ბიზნესის განვითარება.
-ამ მედიკამენტების შესაძენი და ჩამოსატანი ფული სად იშოვეთ?
-პირველად დაახლოებით ერთი ჩანთა მედიკამენტები მოსკოვიდან ჩამოვიტანე. ჯამში, სადღაც 350 დოლარის იყო, რომლებიც განვადებით მომცეს ჩემმა ნაცნობებმა მოსკოვში.
-ანუ პირადად ჩახვედით მოსკოვში, პირადად შეარჩიეთ მედიკამენტები, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადი იყო ალბათ იმ დროს საქართველოში, ჩააწყეთ ჩანთაში და უპრობლემოდ ჩამოიტანეთ?
-დიახ და იმ თექვსმეტი დასახელებით გაიხსნა აფთიაქი. გაიყიდა სამ დღეში, ამიტომ ისევ წავედი, უკვე 1000 დოლარის გამომატანეს, ისიც 2-3 დღეში გაიყიდა, შემდეგ ყოველ წასვლაზე ეს თანხა იზრდებოდა.. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, როდის გავცვალე ექიმობა ბიზნესმენობაზე - იმ პერიოდში, როდესაც ექიმად უნდა დამეწყო მუშაობა, არჩევანის წინაშე დავდექი: ან უნდა ვყოფილიყავი ექიმი ან უნდა ვყოფილიყავი ბიზნესმენი. შეთავაზებაზე უარი ვთქვი.