ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. როგორც ქიბარ ხალვაში აცხადებს, იგი დებატებში იწვევს "რუსთავი 2"-ის რეალურ პატრონს, მიხეილ სააკაშვილს". მისივე თქმით, სააკაშვილი ვალდებულია ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რაც საზოგადოებას "რუსთავი 2"-ის წართმევა-ჩამორთმევის პროცესთან დაკავშირებით გააჩნია.
"ინტერპრესნიუსი" ქიბარ ხალვაშის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"კერძო საკუთრების სამართლიანად, სასამართლოს გზით დაბრუნების საქმეში ჩემი ბრძოლის დასაწყისშივე, დავაში "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული მანქანა ჩაერთო, რომელიც გამუდმებით აკეთებს აქცენტს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დახურვის შესახებ. მინდა ყველას გასაგონად და განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტის გასაგონად განვაცხადო, რომ მის გეგმას განხორციელება არ უწერია.
უკვე დღესავით ნათელი ხდება, რომ სამართლებრივი დავის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანის მცდელობა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს: "რუსთავი 2"-ის რეალური მეპატრონე, ყოფილი პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი გეგმავს "რუსთავი 2"-ის დახურვას დ ამ ფონზე პოლიტიკური დივიდენდების მიღებას "ნაციონალური მოძრაობისთვის".
სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობისთვის" რეალურად სიტყვის თავისუფლება არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა მათთვის რომ ცარიელი სიტყვებია, ეს ქართული საზოგადოებისთვის ახალი არ არის.
ვაცხადებ ღიად და საჯაროდ - მიშა სააკაშვილს "რუსთავი 2"-ს არ დავახურინებ!
ყველა კანონიერ გზას მივმართავ და სამართლებრივი გზით ჩემი გამარჯვებისთანავე ვუზრუნველყოფ ტელეკომპანიის ფუნქციონირებას სწორედ სიტყვის თავისუფლების პრინციპის განუხრელი დაცვით!
აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ გასულ კვირას საჯარო განცხადებით ღია ეთერში დებატებში გამოვიწვიე "რუსთავი 2"-ის ნომინალური მფლობელები, ყარამანაშვილები.
როგორც მოსალოდნელი იყო, არავინ გამოგვხმაურებია. ეს ფაქტიც ცხადყოფს, რომ ყარამანაშვილები არიან ნომინალურად დანიშნული მეწილეებად და "რუსთავი 2"-ის რეალური პატრონი დღეს არის ოდესის გუბერნატორი მიშა სააკაშვილი.
მე დღის წესრიგიდან ვხსნი ყარამანაშვილებთან ტელე-დებატების საკითხს. მათ, ცხადია, არჩიეს არ გამოჩენილიყვნენ.
სასაუბროდ ვიწვევ "რუსთავი 2"-ის რეალურ პატრონს, მიშა სააკაშვილს
მიშა სააკაშვილი ვალდებულია ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რაც საზოგადოებას "რუსთავი 2"-ის წართმევა-ჩამორთმევის პერმანენტულ პროცესთან დაკავშირებით მის მიმართ გააჩნია.
ამ თემასთან დაკავშირებით მისი დუმილი მხოლოდ იმის დასტურია, რომ სათქმელი არაფერი აქვს. და თუ აქვს, კეთილი ინებოს და ჩემთან, მის მიერ ყოვლად უსამართლოდ დატერორებულ ადამიანთან, დაჯდეს პირდაპირ ეთერში.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, - მიშას "რუსთავი 2"-ს არ დავახურინებ!
დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რადგან სიმართლე ერთია და ის ჩვენს მხარესაა. სამართლებრივი გზით ჩემი გამარჯვების და "რუსთავი 2"-ის დაბრუნების შემდეგ კი ეს ტელეკომპანია მართლაც გახდება თავისუფალი პარტიული ზეგავლენისგან და დაუბრუნდება სიტყვის თავისუფლების მსახურებას. ამუშავდება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალისტური საქმიანობის სრულ დამოუკიდებლობას და თავისუფალ სარედაქციო პოლიტიკას", - აღნიშნულია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში, რომელსაც ადვოკატი პაატა სალია ავრცელებს.