ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარდა, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დანარჩენი ქონების დაბრუნებასაც ცდილობს. ჯერ კიდევ არ დასრულებულა გამოძიება 2007 წლის 23 დეკემბერს კომპანია "არტის" საწყობში გაჩენილ ხანძარზე, სადაც 4 მილიონი დოლარის ღირებულების ინვენტარი დაიწვა. დეტალებზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია საუბრობს:
- 2006 წელს ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია "რუსთავი 2" შანტაჟითა და მუქარით დაათმობინეს - მიხეილ სააკაშვილმა ღიად უთხრა, თუ ტელევიზიას დათმობ, დანარჩენი ბიზნესის გადარჩენას შეძლებო. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენმა ტელეკომპანია უბრძოლველად დათმო, პირობა მაინც არ შესრულდა - 2007 წლის შემოდგომაზე მის მფლობელობაში არსებულ კომპანიებზე არნახული შეტევა დაიწყო.
ყველა ორგანიზაციაში სამხედრო ჯგუფები შევიდნენ, მათ შორის, გორის ბაზასა და გლდანის ციხეშიც, რომლებსაც მაშინ ქიბარ ხალვაშის სამშენებლო კომპანია აშენებდა. ფინანსური პოლიცია შევიდა შპს "არტშიც", რომელიც საქართველოში "პროქტერ ენდ გემბლის" ოფიციალური წარმომადგენელი გახლდათ.
საგადასახადო შემოწმების პროცედურები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ჯერ გვეუბნებოდნენ, 3-მილიონიან ჯარიმას დაგაკისრებთო, მოგვიანებით კი ეს თანხა 24 მილიონამდე გაიზარდა. ინვენტარიზაციის პარალელურად, ქიბარ ხალვაშთან მოლაპარაკებებს ყოფილი მაღალჩინოსნები აწარმოებდნენ, თუმცა ბიზნესმენი მათ პირობებს აღარ დათანხმდა. სწორედ ამ პერიოდში "არტის" საწყობში ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა.
23 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 10 საათზე, როგორც კი შევიტყვე, რომ "არტის" ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, სათავო ოფისში მივედი. საწყობის თანამშრომლები სახანძროს მალევე დაუკავშირდნენ, თუმცა ადგილზე მხოლოდ ორი სახანძრო მანქანა, ისიც 20 წუთის დაგვიანებით მოვიდა. რაც მთავარია, მანქანებში საკმარისი წყალი არ აღმოჩნდა. როდესაც სახანძრო მანქანები წყლის მილებს მიაერთეს, გაირკვა, რომ კომპანიის ტერიტორიაზე წყალი არ იყო. მოგვიანებით, "თბილისის წყლიდან" მოგვწერეს, რომ იმ საღამოს დიღომში წყალმომარაგება არ შეფერხებულა. წყლის რაოდენობის შესავსებად წასული ორივე სახანძრო მანქანა მხოლოდ 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა. ამასობაში საწყობი დაიწვა. საბოლოოდ, ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზების შემდეგ, საგამოძიებო ორგანომ საწყობის გარეთ საწვავის ავზი და ხელთათმანები იპოვა, თუმცა ვის ეკუთვნოდა ეს ნივთები, არავინ იცის. ცალსახაა, რომ ხანძარი მოლაპარაკებების ჩაშლის გამო ქიბარ ხალვაშის დაშინების მცდელობა იყო. ბიზნესმენს ფიზიკური ლიკვიდაციითაც ემუქრებოდნენ.