ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელ ეთერ გვირჯიშვილს მოსწავლეებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. მასწავლებლის მიერ ოთხ ბავშვზე ძალადობის ფაქტი 12 ოქტომბერს, მეოთხე გაკვეთილზე მოხდა. მასწავლებელმა იმის გამო, რომ შეუძლოდ გახდა, ბავშვებს დავალება მისცა და რამდენიმე წუთით საპირფარეშოში გავიდა. უკან მობრუნებულს კი საკლასო ოთახში ხმაური დახვდა.
"მასწავლებელმა თქვა, ორი წუთით გავალ და დავალების წერა გააგრძელეთო. ვწერდი, უკნიდან კლასელმა დამიძახა, მივბრუნდი და მასწავლებელი ამ დროს შემოვიდა. ოთხი ბავშვი, ორი გოგო და ორი ბიჭი დაგვასახელა და დაფასთან გაგვიყვანა. მაიას თმები მოქაჩა, მე კიდევ სახეში შემომარტყა", - ყვება ერთ-ერთი მოსწავლე.
მასწავლებელმა რომ სახეში შემოარტყა, ამას დაფასთან გასული ოთხი მოსწავლიდან მეორეც ადასტურებს: "კალამი დამივარდა, ასაღებად დავიხარე და მასწავლებელი მაგ დროს შემოვიდა. კლასის კარები რომ გააღო, მამუკაც ფეხზე იდგა. ოთხი ბავშვი გაგვიყვანა, არც გვაცალა რომ რაიმე აგვეხსნა. მაიას თმები მოქაჩა და ჩვენ დაგვარტყა".
ცემის ფაქტს მოსწავლეების მშობლებიც ადასტურებენ. მომხდარის შესახებ დედებს მოსწავლეებმა ტელეფონით შეატყობინეს და ისინი სკოლაში დღის ბოლომდე შეიკრიბნენ.
"რომ დამირეკა, ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი ვითარება იქნებოდა. ვუთხარი, დამრიგებელთან მიდი და უთხარი-თქო. ასე მოიქცნენ სხვა ბავშვებიც. ისინი ატირებულები მანდატურებმაც დაინახეს. შემდეგ სკოლაში დაგვიბარეს ამ ოთხი ბავშვის მშობელი", - ყვება ერთ-ერთი მოსწავლის დედა.
"მასწავლებელმა უარყო, მაგრამ ბავშვს სახეზე ეტყობოდა ყველაფერი. ნაცემი და გამწარებული იყო", - ამბობს ერთ-ერთი ბავშვის დედა.
მოსწავლეების ცემას მასწავლებელი კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, მსგავს შემთხვევას ადგილი რომ ჰქონოდა, ბავშვები გაკვეთილზე აღარ დარჩებოდნენ. "ისეთი თამამი კლასია, რომ დამერტყა, გარეთ გამოვარდებოდნენ. არადა გაკვეთილი ჩვეულებრივ ჩავატარე, ბავშვებს ნიშნები დღიურებშიც კი შევუტანე. სახლში წავედი და დირექტორმა ამის მერე დამირეკა, ამოდიო", - აცხადებს გვირჯიშვილი.
მშობლების თქმით, მათ მასწავლებლის შეცვლა არ მოუთხოვიათ, მხოლოდ ბავშვებზე ძალადობა გააპროტესტეს. მიუხედავად ამისა, მასწავლებელმა მაინც გადაწყვიტა, რომ კლასი დაეტოვებინა. "მივხვდი, რომ არ ვუნდოდი და სხვა მასწავლებელი, თემურ ხუციშვილი შევიდა მათთან", - ამბობს მასწავლებელი.
სკოლის დირექციამ მასწავლებელს, მშობლებსა და მოსწავლეებს ახსნა-განმარტებითი განცხადება დააწერინა.
"ამ წუთში ვერაფერზე გიპასუხებთ. ჯერ რეაგირება არ მოგვიხდენია. ერთპიროვნულად დირექტორი არაფერს წყვეტს. ამას დისციპლინურ კომიტეტს გადავუგზავნი, იმსჯელებს დისციპლინური კომიტეტი და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ", – აცხადებს მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე.