ბოლო ერთი კვირაა სამომხმარებლო ბაზარზე ყველი მნიშვნელოვნად გაძვირდა. იმერული ყველის ფასმა 9 ლარს მიაღწია, სოფლებში კი ყველის შეძენა 8 ლარზე ნაკლებად თითქმის შეუძლებელია. იგივე ფასი აქვს რაჭული წარმოების ყველსაც. სულგუნის ფასი 12-13 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ყველის მწარმოებლები ფიქრობენ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და წლის ბოლომდე ყველის ფასი 10 ლარს გადააჭარბებს. მათი ვარაუდით, საახალწლოდ ყველის ფასი კიდევ მოიმატებს და რეკორდულ ნიშნულს გაუტოლდება. მოვაჭრეები ყველის გაძვირებას წველადობის შემცირებას უკავშირებენ. ზაფხულში კი ყველის ფასი 6-7 ლარის ფარგლებში მერყეობდა. მათი თქმით, მაღალმა ფასმა რეალიზაციის შემცირება გამოიწვია.
"ზაფხული გავიდა, წველადობამ იკლო და ბუნებრივია, ყველის გაძვირება გამოიწვია. ამ სეზონზე ყველი ყოველთვის ძვირია, მაგრამ წელს განსაკუთრებით გაძვირდა, სხვა პროდუქტების მსგავსად. გლეხს ზამთარში საქონლის მოვლა ძვირი უჯდება და პროდუქტს იაფად ვერ გაყიდის", - აცხადებენ მოვაჭრეები.