მილიარდერმა მოედ ალტრადმა ზუსტად არ იცის, რამდენი წლისაა. არცერთ მის საიდენტიფიკაციო დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული, როდის დაიბადა კიდევ ერთი ბიჭუნა სირიის უდაბნოში დასახლებულ ბედუინების ტომში. მაგრამ ზუსტად ახსოვს, რომ 4 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა, მამამ კი მიატოვა. ბიჭუნას აღზრდა საკუთარ თავზე ბებიამ აიღო, რომელიც კატეგორიულად უშლიდა მოედს სკოლაში სიარულს. თუმცა, პატარა ბიჭუნა მაინც ახერხებდა მალულად მეცადინეობას და ბოლოს იმდენი შეძლო, რომ საფრანგეთში სწავლის სტიპენდია მოიპოვა. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩასულმა მოედ ალტრადმა დაბადების წელი თავად "აირჩია" და არჩევანი 1948 წელზე შეარჩია, დაბადების დღის თარიღი კი მოგვიანებით შვილებმა შეურჩის - ქუდში ჩაყრილი რამდენიმე ციფრიდან ერთი ამოიღეს და ასე გადაწყდა მამისთვის დაბადების დღის მილოცვა ყოველი წლის 9 მარტს. უდაბნოში დაბადებული ბიჭის სახელი დღეს მონპელიეში თითქმის ყველამ იცის. რაგბის ადგილობრივი სტადიონის კედლებს მოედ ალტრადის სახელი ამშვენებს, ცოტა ხნის წინ კი თავად სტადიონსაც მისი სახელი ეწოდა. "უცნაურია, როგორც წესი, ობიექტებს ადამიანის სახელს მისი სიკვდილის შემდეგ არქმევენ", - თავადაც უკვირს.
ის, რომ მონპელიეს რაგბის სტადიონი სირიელი ბედუინის სახელს ატარებს, არ უკვირთ თავად ადგილობრივებს - 2011 წელს მონპელიეს მერმა ქალაქის მდიდარ ადამიანებს თხოვნით მიმართა, დახმარებოდნენ ფინანსური პრობლემების მქონე სარაგბო კლუბის Herault Rugby-ის 29 წლის წინ აშენებულ სტადიონს. მოედ ალტრადი, რომელიც მანამდე ერთხელაც არ იყო ნამყოფი რაგბის მატჩზე, მერის თხოვნას გამოეხმაურა და გუნდი შეიძინა. მას მერე, კლუბის ახალი მფლობელი ყველა თამაშზე დადის, მის პიჯაკს კი საპატიო ლეგიონის წითელი ორდენი ამშვენებს, რომლითაც "მეორე სამშობლოში" 2005 წელს დააჯილდოვეს.
თუმცა, სირიის უდაბნოში დაბადებული მილიარდერის შემოსავლის მთავარი წყარო არა რაგბის კლუბი, არამედ სამშენებლო მასალის ბიზნესია, რომლის ასაწყობად თავის დროზე დიდი ძალისხმევა დასჭირდა. კომპანია "ალტრად ჯგუფი" ხე-ტყის მასალების გარდა, დამკვეთებს მონათესავე პროდუქტებსაც აწვდის - დაწყებული ცემენტის ასარევი მანქანებიდან, დამთავრებული ურიკებით. ოცი წლის განმავლობაში შემოსავლებისა და მოგების სტაბილური ზრდის შემდეგ, ბოლო ხუთი წელია ალტრადმა გაყიდვების ზრდის გაორმაგებას მიაღწია, რისი წყალობითაც დღეს კომპანიაში მისი წილი - 80% - დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი ღირს. "ალტრად ჯგუფის" წარმოების კონსტრუქციები დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და ევროპაში, სამშენებლო მოედნებსა და სამრეწველო რაიონებს ამშვენებს.