გურიაში სტიქიას ებრძვიან. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში, ხევსა და ბუკისციხეში მეწყერი ჩამოწვა. მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ნაბეღლავში გზა უკვე გახსნილია.
"ბუკისციხეში გზის სავალი ნაწილი მეწყერმა ჩაიტანა. ადგილი სპეციალური ლენტებით არის შემოსაზღვრული და სამანქანო გზის მცირე ნაწილია დარჩენილი. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ გზა გავლადი და უსაფრთხო გახდეს", - აღნიშნა კუჭავამ.
რაც შეეხება სოფელ ხევს, როგორც გამგებელმა აღნიშნა, რამდენიმე მოსახლე გზასაა მოწყვეტილი, თუმცა გზის აღდგენითი სამუშაოები მალე დაიწყება.
წყარო: gurianews.com