"ადრონები კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად ანადგურებენ" - გია დვალი უნიკალურ სამეცნიერო ცენტრზე, რომელიც საქართველოში აშენდება

"ადრონები კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად ანადგურებენ" - გია დვალი უნიკალურ სამეცნიერო ცენტრზე, რომელიც საქართველოში აშენდება

საქართველოში მალე შესაძლოა რეგიონში უნიკალური სამეცნიერო ცენტრი შეიქმნას. ამ პროექტის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "საქმიან დილაში" ფიზიკოსმა, გია დვალმა ვრცლად ისაუბრა.

- თქვენ სამეცნიერო ცენტრის თავმჯდომარე ხართ, კომისიამ უკვე გამართა პირველი სხდომა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საფუძველი ეყრება მეგაპროექტს. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პროექტი და რამდენად მომგებიანია ის ქვეყნისთვის?

- არსებობს განათლებისა და მეცნიერების განვითარების სხვადასხვა მიდგომა, ერთ-ერთი მიდგომა არის ის, რომ შეიქმნას მსოფლიო დონის კვლევითი ოპერაცია, კვლევითი მიმართულება, რომელსაც უნდა ჰქონდეს მსოფლიო სტანდარტის დამაკმაყოფილებელი დონე.

- საზოგადოების ნაწილმა გაიგო ისე, რომ თითქოს ადრონული თერაპია ამარცხებს კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დუზიანებლად?

- იდეა ეგ არის, მაგრამ რას ნიშნავს ამარცხებს. ეგეთი წამალი, რომელიც უნივერსალურად ას პროცენტიან შედეგს იძლევა, სამწუხაროდ, დღესდღეობით არ არსებობს. მკურნალობა მომავალშიც კომპლექსური იქნება. ადრონული თერაპია არის ერთ-ერთი მიმართულება, ადრონებს ახასიათებთ ისეთი შესაძლებლობა, რომ მათი ფოკუსირება, მიყვანა სამიზნემდე უფრო ადვილად შეიძლება, ენერგიის დანაკარგის გარეშე. სტანდარტული, რადიაციით მკურნალობისას რა ხდება? - არის სიმსიმნის უჯრედი, რომლის დასხივების დროსაც რადიაციის ჭავლი, სანამ სიმსივნის უჯრედამდე მიაღწევს,  ჯანსაღ უჯრედებსაც ანადგურებს. ადრონებს გააჩნიათ ის თვისება, რომ მათ შეუძლიათ ძირითადი ენერგიის გამოყოფა ტრაექტორიის ბოლოში. ჯანსაღ უჯრედებს კი დაზიანების გარეშე გადიან. ამიტომ ეს არის ძალიან საინტერესო საშუალება ფოკუსირებისთვის.

- ამ პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილია ნახევარი მილიარდი ევრო. ეს თანხა საკმარისი იქნება პროექტის თავიდან ბოლომდე განსახორციელებლად?

- ეს არის მინიმალური თანხა, რაც უშუალოდ დანადგარის დამონტაჟებას სჭირდება. შემდეგი ეტაპია სასწავლო სტრუქტურის გაფართოების გზები. ეს თანხა კვლევასა და მის გარშემო სამეცნიერო სტრუქტურებისთვის საკმარისი იქნება, მაგრამ მას სჭირდება ჭკვიანური გადანაწილება და ეს არის ურთულესი სამუშაო.

- როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროექტის საქართველოში განხორციელება, რა საჭიროებებია გარდა ფულადი რესურსისა?

- ფული, რა თქმა უნდა, აუცილებელი რესურსია. საქართველოში ამ პროექტის დამოუკიდებლად განხორციელება შეუძლებელია, შესაბამისად საერთაშორისო დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალური საერთაშორისო ჩარევაა საჭირო. ქვეყნის შიგნით მაქსიმალური სტაბილურობა და საკანონმდებლო ბაზაც აუცილებელია. ეს წინაპირობებია, რომლის შემდეგ ურთულესი სამუშაო იწყება.

- ამ პროექტის ფარგლებში რამდენად არის შესაძლებელი, რომ საზღვარგარეთიდან პროფესიონალი კადრების ჩამოყვანა მოხდეს?

- ეს პროექტი უნდა გახდეს პერსპექტიული და საინტერესო ახალგაზრდა კადრებისთვის. ამ პროექტმა ნიჭიერ ახალგაზრდებს უნდა შეუქმნას საშუალება, რომ აქტიურად ჩაერთონ მასში. მათი გადამზადება ჩვენს პარტნიორებთან უნდა მოხდეს.

- როგორ ფიქრობთ, როდის იქნება ამ პროექტის პირველადი შედეგები?

- იმის პროგნოზირება, როდის ამუშავდება თვითონ პროექტი, ძნელია. ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა დაასახელეს 5-7 წელი.

- მსგავსი პროექტები თუ განხორციელებულა სხვა ქვეყნებში და რა შედეგით დასრულდა?

- ოთხ ქვეყანაში განხორციელდა. ესენია: იაპონია, გერმანია, იტალია და ავსტრია. ერთ-ერთი უნიკალური ცენტრი იქნება საქართველოში, თუ გაკეთდა. შედეგები საუკეთესოა საგანმანათლებლო და კვლევითი. მკურნალობის სტატისტიკას რაც შეეხება, იაპონიას ათასობით პაციენტი ჰყავს ნამკურნალები ამ დანადგარებზე და სტატისტიკური მონაცემებით, შედეგები კარგია.

ქრისტინე გამთენაძე

მომზადებულია "მაესტროზე" დაყრდნობით