პალიტრა TV-ს გადაცემა "ბიზნეს PRESS"-ში ამჯერად განსაკუთრებულ ბიზნესზე და განსაკუთრებულ ისტორიაზე ისაუბრეს.
შესაძლებელია თუ არა სუროგაცია იყოს ბიზნესი; რთულია თუ არა საქართველოში ქალისთვის ბიზნესის კეთება და როგორ უნდა ვითარდებოდეს ბიზნესი მაშინ, როცა ის ეთიკის, მორალისა და რელიგიის ზღვარზე გადის - ამ ყველაფერს სუროგაციისა და დონაციის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მარიამ კუკუნაშვილთან ინტერვიუს ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობთ.
-ამ გადაცემაში ბევრი რესპონდენტი გვყავდა, თუმცა ყველა მამაკაცი იყო. თქვენ ხართ პირველი ქალბატონი ჩვენს გადაცემაში. ფიქრობთ თუ არა, რომ ქალების ადგილი ბიზნესში ნაკლებად არის?
-არ ვფიქრობ ასე. მგონი არიან კიდეც ქალები ბიზნესში, იგივე, საქართველოში. თუმცა, შედარებით, ნაკლებად.
-რამდენად იოლია ქალებისთვის ბიზნესის კეთება?
-ვერ გეტყვით რომ ადვილია. სხვადასხვა შეზღუდვებს უკავშირდება - მაგალითად, ფინანსური შეზღუდვები, პატრიარქალური საზოგადოება...
-თუმცა, თქვენ არ გაგჭირვებიათ ბიზნესს შეჭიდებოდით და საკმაოდ წარმატებითაც.
-დიახ.
-როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში და რატომ სუროგაციის ცენტრი?
-მე თვითონ მქონდა უშვილობის პრობლემა. საერთოდ არ მიფიქრია დიდ ბიზნესზე. ერთადერთი, რაც განაპირობებდა იმას, რომ წარმატებული უნდა ვყოფილიყავი, იყო სურვილი - მეტი თავისუფლება მქონოდა. მოგეხსენებათ, საქართველოში ქალი შედარებით შეზღუდულია, ჯერ ოჯახში მშობლების მიერ, შემდეგ თხოვდება და მეორე ოჯახში იზღუდება. თავისუფლება მაინც ფინანსებზე გადის ხოლმე. ამან განაპირობა ჩემი დაუოკებელი სწრაფვა წარმატებისკენ. რაც უფრო წარმატებული ვიქნებოდი, მით მეტი თავისუფლება მექნებოდა. ამას მივაღწიე კიდეც. რაც შეეხება ამ სფეროს, როგორც უკვე აღვნიშნე, თვითონ მქონდა უშვილობის პრობლემა და 2008 წლიდან დავიწყე დონაციისა და სუროგაციის ცენტრის გახსნით საქართველოში, შემდეგ უკვე სხვა ფილიალები მოყვა, შემდეგ - ხელოვნური განაყოფიერების კლინიკები და ამჟამად უკვე 10 ქვეყანაში ვართ.
-ე.ი. თქვენი კონკრეტული პრობლემა, თქვენი მაგალითი გახდა ბიძგი იმისთვის, რომ ამ ბიზნესში ძალები მოგესინჯათ?
-კი. ზოგადად ეს ჩემი ხასიათია - ყველაფერი უარყოფითის დადებითად გადაქცევა. მაქვს ამისი უნარი - ცუდს გარდავქმნი კარგად.
-თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა? ვიცი, რომ ახლა სამი ტყუპი გყავთ.
-სუროგატმა გამიჩინა ბავშვები. თავიდან, როდესაც კლინიკაში სამკურნალოდ დავდიოდი, მითხრეს, რომ სუროგატი მჭირდებოდა, თუმცა მანამდე თვითონაც მქონდა მცდელობა. მაგრამ მაშინ ამის ჩამოყალიბებული სერვისი
არ არსებობდა, უცხოეთში კი იყო. თვითონ ექიმისგან წამოვიდა ეს იდეა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა და მეორე დღიდანვე დავიწყე. თავიდან ყველაფერს მე ვაკეთებდი. პატარა ოფისი მქონდა ნაქირავები - ერთი ოთახი. შემდეგ უკვე არც ისე დიდ დროში, 2008 წლიდან ასე გავიზარდეთ, ამდენი თანამშრომელი, ამდენი ქვეყანა...
-შეგიძლიათ, მითხრათ, რა თანხით დაიწყეთ ბიზნესი?
-1200 ლარით. ვმუშაობდი ამერიკის საელჩოში. ბოლო ხელფასი რომ ავიღე, 300 დოლარად ვიქირავე ერთი ოთახი, ბახტრიონის ქუჩაზე. კომპიუტერი მქონდა და პატარა ნაბიჯებით დავიწყე.
-და 4 წელიწადში გახდით მილიონერი.
-არსად მითქვამს, რომ მილიონერი გავხდი.
-რა ქონება დააგროვეთ ამ ხნის განმავლობაში - 2008 წლიდან დღემდე?
-არ ვიცი. რატომ არის ეს შეკითხვა ასეთი მნიშვნელოვანი?
-მინდა განვსაზღვრო, რამდენად წარმატებულია თქვენი ბიზნესი.
-ხელოვნური განაყოფიერების ერთი კლინიკა რომ გააკეთო, მაგალითად, მილიონი დოლარი ჯდება.
-თქვენი ქონება, თქვენი კაპიტალი, რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს...
-შეიძლება ასე ითქვას. თუმცა მერიდება ხოლმე ამ თემაზე საუბარი და არ მიყვარს ფინანსური საკითხების ხაზგასმა.