თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 50 წლის სერგო ყალამაშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები საავადმყოფოს ექიმებს უყურადღებობასა და არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები სერგო ყალამაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში აგვისტოს დასაწყისში მოათავსეს. ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იყო დაშავებული.
"აგვისტოში სოფელში ავარია მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამა ჯერ ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანა, საიდანაც ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო თელავში გაწერეს. ეს ორივე კლინიკა ერთი კომპანიის დაქვემდებარებაშია. თელავის საავადმყოფოში მამას სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. ამას მის სხეულზე გაჩენილი ნაწოლებიც მოწმობს, რის შედეგადაც სისხლი მოეწამლა და დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ ზეპირად გვითხრეს, რომ სიკვდილი ინფარქტმა გამოიწვია. ვიდრე დაიღუპებოდა, რამდენჯერმე ვცადეთ მისი თბილისში გადაყვანა, მაგრამ არ დაგვთანხმდნენ. მამა რუსეთის მოქალაქე იყო, საქართველოში არსებული საყოველთაო დაზღვევით არ სარგებლობდა. ამის გამო, საავადმყოფოში გადასახადი დაგვიგროვდა და თბილისში სამკურნალოდ არ გაგვიშვეს. რუსეთის საელჩოსაც ვაცნობეთ. მას შემდეგ რაც საავადმყოფოსა და რუსულ მხარეს შორის კონტაქტი შედგა და გადაყვანის საკითხი გადაწყდა, რეფერალურმა საავადმყოფომ პაციენტის სასწრაფოდ სახლში წაყვანა მოგვთხოვა. ალბათ იცოდნენ, რომ მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმე იყო. სახლში არ წამოვიყვანეთ და 29 სექტემბერს გარდაიცვალა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის შვილმა გიორგი ყალამაშვილმა.
"ვიდრე ცოცხალი იყო, გონზეც მოვიდა. ხელოვნური სუნთქვის აპარატიდანაც გამორთეს. სანახავად რომ მივედი, ჩემმა შვილმა ხელზე ხელი მომკიდა და ის ადგილები მაჩვენა, სადაც სხეულზე ნაწოლები ჰქონდა. სულ გახურებული და გავარვარებული იყო. ჩამოვედი და ჩემს რძალს ვუთხარი, იცოდე ნაწოლები აქვს და შვილი ამით არ მომიკლან მეთქი", - აღნიშნავს გარდაცვლილის დედა, დოდო ყალამაშვილი თელავის ტელეკომპანია "თანამგზავრისთვის" მიცემულ ინტერვიუში 2015 წლის ოქტომბრის დასაწყისში.
სერგო ყალამაშვილი 7 ოქტომბერს დაკრძალეს, 10 ოქტომბერს კი ნერვიულობის ნიადაგზე დედამისი გარდაიცვალა. გიორგი ყალამაშვილის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ აქამდე ვერ მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.