თბილისს ანძის განათების შეცვლა ორ მილიონამდე დაუჯდება - "არ არის ისეთი სოლიდური თანხა, როგორიც ერთი შეხედვით გვეჩვენება"

თბილისს ანძის განათების შეცვლა ორ მილიონამდე დაუჯდება - "არ არის ისეთი სოლიდური თანხა, როგორიც ერთი შეხედვით გვეჩვენება"

თბილისის ანძაზე განათების შეცვლა დედაქალაქის ბიუჯეტს 1 900 000 ლარი დაუჯდება. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში შპს "სინათლის ქალაქის" დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, იტალიური კომპანიის მომსახურება, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, 635 000 ევრო ჯდება, ხოლო 200 000 ლარი კაბელირებას და სადემონტაჟო სამუშაოებს მოხმარდება.

"იტალიურ კომპანია "გრივენს", რომელიც არის შერჩეული, აქვს შემდგომი დავალება: მოგვაწოდოს სანათები, ანუ მინათების პროჟექტორები. ამაში შედის ტრანსპორტირება, განბაჟება, მათი ტექნიკური პერსონალის აქ ყოფნა და ჩვენი თანამშრომლების გადამზადება, ვინც შემდგომში მოემსახურება ანძას. ეს არის 635 000 ევროს ღირებულება. დანარჩენი, დაახლოებით 200 ათასი ლარი ჯდება უკვე კაბელირება და სადემონტაჟო სამუშაოები. მთლიანობაში, ჯამში გამოდის დაახლოებით 1 900 000 ლარი. ეს თანხები გამოიყო დედაქალაქის ბიუჯეტიდან.

უკვე დაკონტრაქტებულია კომპანია და მასთან ხელი უკვე მოწერილია. საავანსო პერიოდზე იქნება მოლაპარაკება, თუ რამდენი პროცენტით გადაირიცხოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კომპანია შეგვპირდა და დაწყებული აქვს პროჟექტორების დამზადება", - გვითხრა ხორავამ.

მისივე თქმით, სადემონტაჟო სამუშაოები უკვე დაწყებულია. რაც შეეხება თანხების მიზნობრიობას და საკითხს, თუ რამდენად გამართლებულია ეს ხარჯები, ხორავას თქმით, ამ თანხების გაღება გამართლებულია, რადგან ამჟამინდელი განათება დედაქალაქის ხასიათში საერთოდ ვერ ჯდება.

"ეს თანხა სოლიდურ თანხად ჟღერს, მაგრამ არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რითაც დღეს არის განათებული ანძა, არც ერთ სტანდარტში არ ჯდება. დედაქალაქის არქიტექტურიდან გამომდინარე ის ციმციმები ანუ ე.წ. ფლეშ სანათები ვერ ჯდებოდა დედაქალაქის ისტორიის ხასიათში და თან დახარჯული იყო 5 მილიონი. რაც შეეხება მის მიზნობრიობას, ანძა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავიზიტო ბარათი. როგორც კი დედაქალაქის აეროპორტში დაეშვები, ის უკვე მოჩანს. ეს არის არქიტექტურული ძეგლი და მისი სწორი მინათება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ანძა გეოგრაფიულად ძალიან სწორად არის განთავსებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მდებარეობს 993 მეტრზე ზღვის დონიდან და მისი დანახვა დედაქალაქის ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი. ის რომ სწორად იყოს განათებული, ამაში დაიხარჯოს 1 900 000 ლარი და კომპანიამ 10-წლიანი საგარანტიო პერიოდი აიღოს, ეს აბსოლუტურად არ არის ისეთი სოლიდური თანხა, რომელიც ჩვენ ერთი შეხედვით გვეჩვენება", - აღნიშნა ხორავამ.

შპს "სინათლის ქალაქის" დირექტორის განცხადებით, განათების შეცვლის სამუშაოები დასრულდება ახალ წლამდე.

"სადემონტაჟო სამუშაოები უკვე დაწყებულია ორშაბათიდან. ეტაპობრივად მოხდება განათების ჩანაცვლება. ანძა მთელი ამ სამუშაოების განმავლობაში არცერთი წუთით არ ჩაქრება", - აღნიშნა ხორავამ.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია