ვიქტორ დოლიძე ჩვენთან ერთად წარმატებით შევა პარლამენტში და დაამხობს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ვიქტორ დოლიძემ შესაძლოა, "თავისუფალი დემოკრატები" დატოვოს.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ოცნებაა, რომ "თავისუფალი დემოკრატებიდან" წევრები წავიდნენ.
"ეს არის ივანიშვილის ოცნება, რომელიც ვერ ახდება. ჯერ კიდევ კოალიციაში რომ ვიყავით, მის ოცნებად დარჩა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციაში ყოფილიყვნენ ალასანიას გარეშე. "რესპუბლიკელების" შემთხვევაში პირიქით იყო. ვიქტორ დოლიძე არის ამ პარტიის დამფუძნებელი, სულის ჩამდგმელი, მთავარი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ჩვენთან ერთად წარმატებით შევა პარლამენტში და დაამხობს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას", - განაცხადა ალასანიამ.