ზედამხედველობის, კეთილმოწყობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, არქიტექტურის, ეკონომიკური პოლიტიკის - თბილისის მერიაში ყველა ეს საქალაქო სამსახური ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, ქალაქისთავი, ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. დედაქალაქში ბევრი პრობლემა დაგროვდა, ისევე როგორც კითხვები თბილისის მერთან. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დავით ნარმანიასთან.
- რა ხდება მერიაში? რატომ ტოვებენ თანამდებობებს მაღალჩინოსნები?
- მერია დიდი და ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ პერიოდული ცვლილებები ბუნებრივია. ასეთი ცვლილებები ადრეც იყო და შესაძლოა, მომავალშიც მოხდეს. აჟიოტაჟი, რომელიც ამასთან დაკავშირებით არის ატეხილი, აბსოლუტურად ხელოვნურია.
მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში და თანამდებობიდან წასული პირები ახალი კადრებით ჩანაცვლდებიან, მათი ნაწილი კონკურსის გზით შეირჩევა, ზოგს კი მე წარვუდგენ საკრებულოს.
- რატომ დატოვეს თანამდებობა, მაგალითად, ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურების ხელმძღვანელებმა?
- ამის შესახებ უმჯობესია მათ ჰკითხოთ. ჩემი აზრით, ისინი კარგად და ეფექტურად მუშაობდნენ. მათი ინტენსიური მუშაობა განსაკუთრებით სტიქიის დროს გამოჩნდა, როცა ერთდროულად სტიქიასთან გამკლავებასაც ახერხებდნენ და მიმდინარე სამუშაოსაც ასრულებდნენ. გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს, პატივი უნდა ვცეთ. ისინი იყვნენ ჩემთან, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ და ერთობლივად შევჯერდით, რომ დატოვებდნენ დაკავებულ პოზიციებს.
- თუ ეფექტურად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, რატომ მოუწონეთ გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის შესახებ?
- როცა ადამიანს სურს გადავიდეს სამუშაოდ, ან მძიმე სამუშაო რეჟიმს გაერიდოს, შეწინააღმდეგების შესაძლებლობა არა გვაქვს. მათ ჰქონდათ უფლება, დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და ამ განცხადების დაუკმაყოფილებლობაც არ შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
- ავთანდილ სუდაძე და გეგი ნიჟარაძე თავის დროზე თქვენ შეარჩიეთ ამ თანამდებობებისთვის?
- ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ისინი ჩემ მიერ შერჩეული კადრები იყვნენ. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გადმოვიყვანე, სადაც ჩემთან ერთად მუშაობდა. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელიც ჩემი ყოფილი თანამშრომელი იყო, რომელთან ერთადაც 10 წლის წინ ვმუშაობდი და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა.
- ხომ არ უკავშირდება მათი წასვლა თბილისში ბოლო დროს დაგროვილ პრობლემებს? მათ შორის გზებისა და ხიდების დაუსრულებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს?
- თბილისში გაჭიანურებული მშენებლობა არსად არ მიმდინარეობს, გარდა ორი პროექტისა, რომელიც კონტრაქტორი კომპანიების დაუდევრობით არის გამოწვეული. მათ მიმართაც შესაბამისი ზომები გატარდა. ასე რომ, არც ერთი პროექტი შეჩერებული ან შეფერხებული არ არის. ესეც ხელოვნურად წამოწეული თემაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან და რეალობასთან კავშირი არა აქვს. თუ გულისხმობთ იმას, რომ რომელიმე ხიდის ან გზის შეკეთების მიმდინარე სამუშაოს გამო ქალაქში მოძრაობა შეფერხებულია, ეს ბუნებრივი პროცესია და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქალაქს, სადაც რაიმე სახის საინჟინრო სამუშაოების გამო არ ხდება მოძრაობის შეფერხება. ხიდის შეკეთებას მინიმუმ 3-4 თვე სჭირდება, ისევე როგორც გარკვეული პერიოდი სჭირდება გზის დაგებას. კომპანიამ, რომელიც ზაჰესში ხიდის რეაბილიტაციაზე მუშაობდა, ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, ამიტომ მასთან გავწყვიტეთ ხელშეკრულება და დავაჯარიმეთ. მეორე კომპანია, რომელიც საგზაო სამუშაოებს ასრულებდა და აქვს ვადაგადაცილება, 300 ათასზე მეტი ლარით დაჯარიმდა.