კრემლის საიდუმლო საქმეთა არქივში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1940 წლის მაისიდან ივლისამდე მიმდინარე, ე.წ. "მოღალატე ცოლების საქმეს", რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე უმკაცრესად იყო გასაიდუმლოებული.
საქმე ეხება წითელი არმიის მაღალჩინოსანთა ცოლების დაპატიმრებათა სერიას, რომლის ძირითადი მიზანი, როგორც ირკვევა, მათი ქმრების მორალურად გატეხა იყო. ოპერაცია დაიგეგმა იოსებ სტალინის კაბინეტში, 1940 წლის მარტში და მას პირადად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ საქმეში ბრალდებული ქალებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი - პოლკოვნიკ სერგეი დოლგორუკოვის მეუღლე, ალექსანდრა დოლგორუკოვა. ის 1970 წელს გათავისუფლდა გადასახლებიდან, მაგრამ მოსკოვში დაბრუნების ნება არ მისცეს და 15 წლის შემდეგ, მაგადანში, ღრმად მოხუცი გარდაიცვალა. ალექსანდრა დოლგორუკოვამ მოგონებებიც დაწერა, რომელმაც შემდგომ დიდი სამსახური გაუწია ისტორიკოსებს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სტალინი უკმაყოფილო იყო ფინეთის ომის დროს საბჭოთა არმიის სარდლობის მოუმზადებლობის გამო; მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ამ ომში დამარცხდა, საბჭოთა კავშირმა ვერ შეძლო ამ ქვეყნის "გაწითლება" და რაც ყველაზე მთავარია, მისი შემოერთება, რაც სტალინის ოცნება იყო. ამიტომაც, ცხადია, დიდი დიქტატორი არმიის ხელმძღვანელობაზე დაიბოღმა და "უვარგისი" ოფიცრების დაშინება გადაწყვიტა.
1940 წლის 21 მარტს, სტალინმა თავის კაბინეტში ბერია იხმო: "ლავრენტი, როგორ უნდა გადავწყვიტოთ არმიის პრობლემა?" - ჰკითხა მას შემდეგ, როდესაც ჩიბუხის ორი ნაფაზი დაარტყა. პენსნეიანმა კაცმა მდუმარედ გადახედა ბელადს და უცებ, ღიმილით თქვა: "ქალები, იოსიფ ვისარიონოვიჩ, ქალები!.. ოფიცრების ცოლების უმეტესობა ძალზე ქარაფშუტულად იქცევა! ქმრებიც მათ გაკონტროლებას ცდილობენ და არმია სულ აღარ აინტერესებთ!" სტალინსაც ჩაეღიმა: "ეჰ, ლავრენტი! შენ ამ ბოლო დროს სულ ქალებზე ლაპარაკობ... თუმცა, რაც თქვი, მართალია. იმედი მაქვს, გადაწყვეტ პრობლემას!"
ლავრენტი ბერიას გადაკრული ნათქვამი იმ დროისათვის მეტად საშინელი განაჩენის მომასწავებელი იყო - პარტიულ და სამხედრო მაღალჩინოსნებს აუცილებლად მისაბაძი და იდეალური ოჯახი უნდა ჰქონოდათ; არ უნდა ჰყოლოდათ საყვარლები ანდა მსუბუქი ყოფაქცევის ცოლები და არ უნდა ყოფილიყვნენ შემჩნეულნი ამორალურ ქცევებში. რაღა თქმა უნდა, ამ აკრძალვებს არავინ ემორჩილებოდა, მაგრამ "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" ეს ყველაფერი მაშინ ახსენდებოდათ, როცა ვინმეს "გაფუჭება" სურდათ.
ფინეთის ომში საბჭოთა სარდლობის წარუმატებლობა კი, როგორც წესი, მართლაც მნიშვნელოვანი საბაბი იყო იმისათვის, რომ ყველა მაღალჩინოსანი "გაეფუჭებინათ" და სტალინი არც კი აპირებდა გადაწყვეტილების შეცვლას, მაგრამ სამხედროები რომ ომში წარუმატებლობის საბაბით გაეციმბირებინათ, ხალხის თვალში ეს დიდ უსამართლობად გამოჩნდებოდა - ომში ფინეთი დამარცხდა და საბჭოთა კავშირს სადავო ტერიტორიები დაუთმო. ამ დროს, სარდლების დაჭერა არაადეკვატური საქციელი იქნებოდა. სტალინმა მშვენივრად იცოდა ეს. მას სხვა, გაცილებით უფრო ეფექტური საბაბი სჭირდებოდა.
ამავდროულად, დიდ დიქტატორს არც მაღალჩინოსნების დაპატიმრება უნდოდა - ეს არმიის კიდევ უფრო დასუსტებას გამოიწვევდა. ამიტომ, ბერიას ნათქვამი სწორედაც რომ ის იყო, რისი გაგონებაც სტალინს სურდა. მან სრული თავისუფლება მისცა ბერიას და ორ კვირაში ანგარიშის ჩაბარება უბრძანა. პენსნეიანმა კაცმა გაიღიმა და კაბინეტიდან უხმოდ გავიდა. სანამ კრემლის ლაბირინთივით კორიდორებს გაივლიდა და საკუთარ შავ "ემადინთან" მივიდოდა, ბერიას უკვე მოფიქრებული ჰქონდა, რაც უნდა გაეკეთებინა. მან მძღოლს პოდმოსკოვიეში წასვლა უბრძანა და ფანჯარასთან კარგად მოეწყო.
მეორე დილით, ლავრენტი ბერიამ სამხედრო მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახებზე ინფორმაციები შეაგროვა. "განწირული" სულ 8 კაცი იყო, თუმცა ყველაზე მეტად ბერიას ყურადღება პირველი რანგის კომანდარმა გრიგორი კულიკმა მიიპყრო: "კომანდარმი ქალების ცნობილი მუსუსია. ერთგულებით არც მისი მეუღლე - კირა სიმონიჩი გამოირჩევა. ქალი 40 წლისაა და 25 წლის საყვარელი ჰყავს. გრიგორი კულიკმა ეს იცის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ ახმაურებს", - ეწერა საიდუმლო დოსიეში. იქვე ისიც იყო ნათქვამი, რომ თავისზე უმცროსი საყვარელი ჰყავდა თავად გრიგორი კულიკსაც: "იგი პოდმოსკოვიეს აგარაკზე ხშირად თავისი შვილის ამხანაგთან - მეათეკლასელ ოლგა სიდოროვასთან ერთად ერთობა ხოლმე", - ამის წაკითხვისას ბერიას ირონიულად ჩაეღიმა.