ანკარის რკინიგზის სადგურში 2 ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭა. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 120-ს სცდება. მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები მაშინ ამოქმედდა, როდესაც ამ რაიონში აქტივისტები მშვიდობიან აქციაში მონაწილეობის მისაღებად იკრიბებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქცია, სახელწოდებით: "შრომა, მშვიდობა, დემოკრატია", პროფკავშირების მიერ იყო ორგანიზებული და მასში მონაწილეობის მიღებისკენ მოსახლეობას "ქურთთა მუშათა პარტია" მოუწოდებდა, სწორედ ამ პარტიის მიმართ განხორციელებული ძალადობა უნდა გაეპროტესტებინათ. "ქურთთა მუშათა პარტიამ" ანკარაში მომხდარი აფეთქებების ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლება დაადანაშაულა. თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ იყო ორგანიზებული. (ფოტოგალერეა)
გვესაუბრება ქართველი, რომელიც წლებია ანკარაში ცხოვრობს და მუშაობს კაფეში, რომელიც რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მდებარეობს, ის უშუალოდ იმყოფებოდა მომხდარი ტრაგედიის ეპიცენტრში.
ჟანა:
- ანკარის სადგურთან ახლოს, კაფეში ვმუშაობ... ერთი მეორის მიყოლებით ორი ისეთი აფეთქების ხმა გაისმა, მეგონა, ჭერი თავზე ჩამოგვექცა. აფეთქების შედეგად, ჩვენი შენობის შუშები ჩაიმსხვრა და კედლის უკანა მხარე, რომელიც პირდაპირ სადგურს გადაჰყურებდა, დაიბზარა... შეუძლოდ ვიყავი, მაგრამ რა გამაჩერებდა, სამსახურში მისვლამდე ჩემი შვილი და დისშვილი ბაღში დავტოვე და მათზე არაფერი ვიცოდი. ნერვიულობისგან ლამის მოვკვდი. ჩემი და ჩემთან ახლოს, მაღაზიაში მუშაობს, მასთან გავიქეცი, ქუჩაში გამოსულს ისეთი ამბავი დამხვდა, კინაღამ გავგიჟდი... აქაურობა დანგრეულია. უამრავი დაჭრილია ქუჩაში, სასწრაფო დახმარების მანქანებითა და ჟანდარმებითა სავსე ყოველი კუთხე... ასე მეგონა, ამ ყველაფერს კოშმარში ვხედავდი. არიან დახოცილები. ხალხში პანიკაშია...
წლებია აქ ვარ... მე კი არა, თურქეთის ყველა დიდ ქალაქში ათასობით ქართველია დასაქმებული და აქედან ვარჩენთ ოჯახებს. კიდევ ძალიან ბევრი აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ ახლა თურქეთში ისეთი ამბები ხდება, ვერავის ვურჩევ აქ ჩამოსვლას... არავინ იცის ხვალ, რა იქნება. ხალხი ამბობს, რომ ხელისუფლებამ რაღაც უნდა იღონოს ტერორისტების გასანეიტრალებლად, ან უნდა გადადგესო. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ანკარის მატარებლის სადგურთან ახლოს, სკოლაა, მაგრამ იქ ახლა არავის უშვებენ, იმედია, ბავშვები მშვიდობით არიან. იქ ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი ქართველის შვილი სწავლობს. სანამ საბავშვო ბაღში მივიდოდით, ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ იქ მშვიდობა დაგვხვდა. გარეთ შეშინებული მშობლები იყვნენ შეკრებილი. ყველამ მიატოვა თავისი საქმე და ახლობლების საძებნელად გაეშურა. აქ ყველა კუთხიდან შეხვდებით ქართველს, ზოგი ვაჭრობს, ზოგი სხვა სფეროშია დასაქმებული...
ჩემს დას და მის ქმარს სუვენირების მაღაზია აქვთ. მე და ჩემი და თურქ მამაკაცებზე ვართ გათხოვილი. ორ-ორი შვილი გვყავს. ათ წელზე მეტია აქ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. აქამდე მშვიდად ვცხოვრობდით. ქუჩაში გამოსვლის არ გვეშინოდა. ახლა კი, ყველგან ჟანდარმია. ამბობენ, რომ რამდენიმე სამართალდამცავიც დაიღუპა. რკინიგზის სადგური ძალიან არის დაზიანებული. საბავშვო ბაღისკენ მიმავალებს, ქუჩაში ერთი ქართველი შეგვხვდა, ქმარს ეძებდა, ტელეფონი გათიშული აქვსო... იმედია, იპოვიან. ძალიან ბევრი დაშავებული შეგხვდა. ყველა შეშინებულია, პანიკაა ანკარაში.