ბიზნესმენი თემურ უგულავა ყოფილ მეუღლეს ქონებას არ გაუყოფს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, თემურ უგულავას მეუღლის, ბაია დავითაიას არც ერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბაია დავითაია და თემურ უგულავა, 2002 წელს შეუღლდნენ და 8 წელი (ფორმალურად დღემდე), რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. ბაია დავითაიას ადვოკატებმა და ქალთა უფლებების დამცველებმა, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" პრესკონფერენცია გამართეს.
სასტუმროებისა და სათამაშო ბიზნესის მფლობელის, თემურ უგულავას მეუღლის, ბაია დავითაიას ინტერესებს ორი საადვოკატო ბიუროს, გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტისა და ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლები იცავენ. ადვოკატები და უფლებადამცველები აღშფოთებულები არიან მოსამართლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, რომელმაც უგულავა-დავითაიას ქორწინების პერიოდში შექმნილი, შეძენილი და რაც მთავარია, ღირებულებაგაზრდილი ქონებიდან, ბაია დავითაიას არაფერი მიაკუთვნა. ადვოკატი გიორგი სარაჯიშვილი:
"სამოქალაქო კოდესის 1158-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. განქორწინების შემთხვევაში, ასეთი ქონება მეუღლეთა შორის, თანაბარწილად იყოფა, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლით, ერთ-ერთი მეუღლის ქორწინებამდე არსებული ქონება, შესაძლოა, მეუღლეთა თანასაკუთრებად გადაიქცეს, თუ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად, მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება".
გიორგი სარაჯიშვილის თქმით, ყოფილი სასტუმრო "აჭარის", ამჟამად კი "ჰოლიდეი ინის" ღირებულება უგულავა-დავითაიას თანაცხოვრების პერიოდში, ოთხჯერ გაიზარდა: "სასამართლოს სპეციალური ანგარიშიც წარვუდგინეთ, რომლითაც ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯების მოცულობა და ქონების ღირებულების ზრდაა განსაზღვრული. სწორედ ამ ანგარიშით დადგინდა, რომ "ჰოლიდეი ინის" საბაზრო ღირებულება ოთხჯერ გაიზარდა. თეიმურაზ უგულავას კიდევ ერთი კომპანია "ქროსვეისის" შემთხვევაში, ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯები, 300-ჯერ აღემატებოდა ქორწინების დროისთვის კომპანიის ღირებულებას, რამაც განაპირობა კომპანიის საბაზრო ღირებულების 550-ჯერ ზრდა. ამის მიუხედავად, სასამართლომ ბაია დავითაია ამ ქონების თანამესაკუთრედ არ მიიჩნია. მეტიც, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანასაკუთრებად არ ჩათვალა ქორწინების პერიოდში შეძენილი/შექმნილი ახალი აქტივები. ჩანს, მოსამართლეს ისე გაუჭირდა გადაწყვეტილების ამ ნაწილის თუნდაც აბსურდული დასაბუთება, რომ ამჯობინა საერთოდ არ მიეთითებინა სამართლებრივი საფუძვლები".
ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ განმარტა, რომ მოსამათრლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, თემურ უგულავასა და ბაია დავითაიას შვილის უფლებებიც დაირღვა. ანა აბაშიძის განცხადებით, თემურ უგულავას, როგორც აუტისტური სპექტრის მქონე არასრულწლოვანი ბავშვის მამას, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, 25%-ით შეუმცირდა ხარჯები, რასაც წლების მანძილზე, შვილის მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის იხდიდა: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები ვალდებულნი არიან, აღზარდონ შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის. ეს ვალდებულებები მოიცავს როგორც მატერიალურ უზრუნველყოფას, ასევე მორალურ-სულიერ მხარდაჭერას. დედა, ბაია დავითაია, წლების განმავლობაში, ორივე მშობლის ვალდებულებას ასრულებს. მამა კი, მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფით გამოხატავს მამობრივ ვალდებულებას. სამწუხაროდ, სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, ქალთა და დედათა უფლებების ჭრილში ემსჯელა, რითაც მართლმსაჯულება ქალთათვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. ამის ნაცვლად, სასამართლომ მამის მხრიდან მშობლის მოვალეობის შესრულების მატერიალური ნაწილიც კი შეამცირა და რისკის ქვეშ დააყენა არასრულწლოვანის ფიზიკური თუ გონებრივი განვითარება".
ქონების გაყოფაზე უარის საფუძვლად, მოსამართლემ მიუთითა - რადგან შვილის მკურნალობის მიზნით ბაია დავითაია საზღვარგარეთ იმყოფებოდა და აქტიურად ვერ მონაწილეობდა ქონების ღირებულების ზრდაში, მას თემურ უგულავას კუთვნილი ქონებიდან: "აჭარაბეთიდან", "ჰოლიდეი ინიდან", "ყაზბეგი რუმსიდან" წილი არ ეკუთვნის. ანა აბაშიძე: "აქედან გამომდინარე, მოსამართლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილება საგანგაშოა! ამგვარი მიდგომა ბავშვის უფლებების საწინააღმდეგო სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რაც მომავალში, სხვა მშობლებსაც არჩევანის წინაშე დააყენებს - ქალებმა შვილებზე იზრუნონ, თუ ბავშვების იგნორირების ხარჯზე, აქტიური მონაწილეობა მიიღონ თანასაკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების ზრდაში. ასეთი ლოგიკა ცალსახად დისკრიმინაციულია ქალისა და ბავშვის მიმართ".
ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრმა გაერო-ში, ლიკა ნადარაიამ უგულავა-დავითაიას საქმეში ქალთა უფლებებზე გაამახვილა ყურადღება: "მოსამართლის გადაწყვეტილებაში საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დამოკიდებულება ჩანს, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქე ქალბატონს სამართლისადმი ხელმისაწვდომობაზე, ეკონომიკურ მდგრადობასა და პიროვნული ღირსების დაცვაზე უარს ეუბნება. ამ გროტესკული გადაწყვეტილებით, 8 წლის განმავლობაში შექმნილი კეთილდღეობიდან, ქალბატონს საკუთარი წილის მიღებაზე უარი უთხრეს. გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, საქართველო 86-ე ადგილზეა, ეს კი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის. ამ ფონზე, ეს გადაწყვეტილება, რომელიც ქალთა და ბავშვთა უფლებებს არღვევს, საქართველოს მძიმე შედეგს მოუტანს".
საადვოკატო ბიუროს "ერისთავი და პარტნიორების" წარმომადგენელმა, ადვოკატმა დავით ერისთავმა განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. მისი თქმით, მოსამართლე გიორგი ებანოიძემ აბსურდული და იურისტებისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო:
"დადგენილი გარემოებაა, რომ არსებობს ქონება, რომელიც გაყრის შემთხვევაში, მეუღლეებს შორის უნდა გაიყოს. ბაია დავითაიას ეს კანონიერი მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. გვიჩნდება სამართლიანი ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში, კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე. მეტიც, ამ გადაწყვეტილებას დასაბუთება არ აქვს. კანონში ცალსახად განმარტებულია, როგორ უნდა გაიყოს ქონება და რა უფლებები უნდა ჰქონდეთ მეუღლეებს, მაგრამ გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, სასწორი მხოლოდ ერთ მხარეზეა გადაწეული - სასამართლომ მხოლოდ თემურ უგულავას მოთხოვნა გაითვალისწინა.
იურიდიულად შეუძლებელია ავხსნათ, რატომ მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება. იმედია, ამ გაუგებრობას სააპელაციო სასამართლო დაუსვამს წერტილს და ებანოიძის გადაწყვეტილებას გააუქმებს".
მაია მიშელაძე
გაზეთი "ვერსია"