3 წელი გავიდა ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან, რომლის შედეგად ორი ქართველი სპეცრაზმელი, ერთი სამხედრო ექიმი და შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი მოკლეს. ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ გაკეთებული არაერთი საჯარო დაპირების მიუხედავად, საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შექმნასა და ორგანიზებაში მხილებული შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გია ლორთქიფანიძე კი უკრაინაში, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსად დაინიშნა.
2012 წლის 28 აგვისტოს, დილით, ტელეკომპანიებმა "რუსთავი 2"-მა და "იმედმა" გაავრცელეს ინფორმაცია, სოფელ ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის დაკარგვის შესახებ. "მოსახლეობა და პოლიცია 25 წლამდე მამაკაცებს, ლერი ხუცურაულს, ლევან გარაშვილს, ბესიკ მიჯახკაშვილს, ტატო ღაღოლიშვილს და თამაზ გამიერაშვილს მესამე დღეა ეძებს. ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ახალგაზრდები ლეკებმა გაიტაცეს", - იუწყებოდა "რუსთავი 2".
იმავე დღეს, 14:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ ხუცაიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ლაფანყურში, ტყიდან დაკარგული 5 ახალგაზრდა იპოვეს. გამგებელი აცხადებდა, რომ ახალგაზრდები უვნებლები იყვნენ, მაგრამ ვერ დააკონკრეტა, სად იპოვეს ისინი.
29 აგვისტოს, 00:26 საათზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლოპოტას ხეობაში სპეცრაზმია მობილიზებული და ტყეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შევიდნენ.
სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ლაფანყურის თავზე სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავდნენ, საზღვრის მიმართულებით მობილიზებული იყო 400-ზე მეტი პოლიციელი და სამხედრო, ასევე ათზე მეტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
29 აგვისტოს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი და შსს-ს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია.
"ლაფანყურის ტყიდან დაკარგული" ახალგაზრდები პოლიციას სოფელში ჯერ დაბრუნებული არ ჰყავდა. მშობლებისთვის შვილების ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ისინი მათ დაბრუნებას ითხოვდნენ.
15 საათზე შსს-მ "ტყვეობიდან გათავისუფლებული" ახალგაზრდების ვიდეოჩვენებები გაავრცელა. ახალგაზრდები აცხადებდნენ, რომ ისინი მძევლად შეიარაღებულმა პირებმა აიყვანეს, წინააღმდეგობის გაწევის ან გაქცევის შემთხვევაში კი მოკვლით ემუქრებოდნენ.
19 საათზე შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელების და ექიმის ვინაობა გამოაქვეყნა: გარდაცვლილები არიან შსს-ს თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე.
საღამოს განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. "საქართველო - რუსეთის საზღვრის დაღესტან-ჩეჩნეთის მიმართულებაზე გამოჩნდა კარგად შეიარაღებული და როგორც გაირკვა, ძალიან კარგად გაწვრთნილი ჯგუფი. ამ ჯგუფმა განახორციელა საქართველოს ადგილობრივი მოქალაქეების მძევლად აყვანა. ამის პარალელურად, მივიღეთ ზომები, ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ამ შეიარაღებული ჯგუფის წარმომადგენლებთან, შევთავაზეთ მათ დანებება, რაზეც მივიღეთ რამდენჯერმე უარი. ბოლო მძევლის აყვანის ოპერაციას მოჰყვა სროლები და არის მსხვერპლი", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებდა შეიარაღებული პირების თარეშს საქართველოს ტერიტორიაზე.
30 აგვისტოს "მძევლობიდან გათავისუფლებული" ახალგაზრდები სახლებში დააბრუნეს. მათ ჟურნალისტებთან ურთიერთობა აუკრძალეს.
დაახლოებით 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ: "ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. შეიარაღებულ დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრის გვამი ნაპოვნია. მათი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან. გარდაცვლილთა დაკრძალვა მოხდება მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად. დივერსანტთა ჯგუფი სავარაუდოდ 20 შეიარაღებული პირისგან შედგება და სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ჯგუფის რამდენიმე დაჭრილი წევრი შეიძლება ლოპოტას ხეობაში იმალებოდეს. პოლიცია აგრძელებს ძებნის ღონისძიებებს. ხეობაში მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ".
იმავე დღეს, განცხადება გააკეთა ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელებიდან ორი მათი მხარდამჭერი იყო. "წიკლაური და ჩოხელი ჩემი დაცვის ბიჭებთან მეგობრობდნენ", - განაცხადა ივანიშვილმა.
30 აგვისტოსვე პრეზიდენტი სააკაშვილი ლაფანყურში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა, სადაც თქვა: "დარწმუნდა მე მგონი ყველა, რომ ვერც ბასაევის 90-იანი წლების თარეშს და ვერც მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეების ლეკიანობას კახეთში ვერავინ ვერ გაიმეორებს".
18:00 საათზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებულთა კადრები გაავრცელა, რომელიც შსს-ს მიერ იყო მიწოდებული.
19:30 საათზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა "ტყვეობიდან გათავისუფლებული ახალგაზრდების" მშობლებთან და ახლობლებთან ჩაწერილი ექსკლუზიური ვიდეოინტერვიუები გაავრცელა. ერთ-ერთი ახალგაზრდის, 23 წლის თამაზ გამიერაშვილის დედა ლიანა მჭედლური ამბობდა, რომ ე.წ. დივერსანტები მის შვილს და დანარჩენ ოთხ ახალგაზრდას კარგად ექცეოდნენ და ფულიც აჩუქეს, ჯგუფის რამდენიმე წევრი კი ქართულად საუბრობდა.
20:40 საათზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა 28 აგვისტოს, გვიან ღამით, სოფელ ლაფანყურში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ ერთ-ერთი სამხედრო მანქანის საბარგულში სავარაუდოდ ნასვამი მამაკაცები სხედან, რომლებსაც სამოქალაქო ფორმა აცვიათ.