ძლიერი წვიმის შემდეგ დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან. ქობულეთში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. ადიდებული მდინარე აჭყვის კალაპოტიდან გადმოსვლამ ქობულეთის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. დატბორილია ჯავახიშვილის უბანი, ავტოსადგურის და ბაზრის ტერიტორიები, გელოურის დასახლება, საავადმყოფოს უბანი. ასევე ნაწილობრივ დატბორილია ქობულეთის ცენტრალური ქუჩები, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩების ნაწილი. სტიქიის გამო, 3 სკოლასა და 3 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, სახლების პირველ სართულზე არსებული ტექნიკისა და ავეჯის გადარჩენა ვერ შეძლეს, რადგან წყალი დაახლოებით 40 სმ-მდე ავიდა. მოსახლეობა ასევე აცხადებს, რომ ბაზრისა და ავტოსადგურის გარშემო არსებული მაღაზიები და კომერციული ფართები დატბორილია, გაფუჭებულია ტექნიკა და სურსათი.
ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. დაიტბორა ასევე ქობულეთის რკინიგზა, რის გამოც ბათუმი-თბილისის მატარებლის რეისი ვერ შესრულდა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ასევე ბათუმსა და გურიაში.