მეწყერი სოფლებში, დატბორილი ქუჩები და შეჩერებული სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში - ქობულეთში სტიქიას ებრძვიან

მეწყერი სოფლებში, დატბორილი ქუჩები და შეჩერებული სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში - ქობულეთში სტიქიას ებრძვიან

განახლებული| ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის რკინიგზის დატორვის გამო, ბათუმი-თბილისის მატარებლის რეისი ვერ შესრულდა. როგორც "ამბები.გე"-ს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დაჩი ცაგურიამ განუცხადა, მატარებელი ჩაქვიდან უკან დაბრუნდა.

ცაგურიას თქმით, კომპანიამ სცადა მგზავრების ავტობუსით გადაყვანა, თუმცა დატბორვის გამო გზებზე ავტოსატრანსპორტო გადაადგილებაც შეფერხებული იყო.

დაჩი ცაგურიას განმარტებით, მოთხოვნის შემთხვევაში, მგზავრებს ბილეთების თანხა 100%-ით აუნაზღაურდებათ. ჯერჯერობით უცნობია, თბილისი-ბათუმის მატარებლის რეისი შეასრულდება თუ არა.

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ მუხაესტატეში მეწყერი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩამოწვა, თუმცა სახლს ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება.

გამგეობის ცნობით, მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ ლეღვაში, გვარაში, კონდითში, გოგმაჩაურში, ზენითში, აჭყვისთავსა და ცეცხლაურში.

არსებული ინფორმაციით, დაიმეწყრა სოფლებამდე მისასვლელი გზები, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება რამდენიმე სოფელში შეფერხებულია, ზოგან კი შეუძლებელი.

სტიქიის გამო, ქობულეთის 3 სკოლასა და 3 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. როგორც "ამბები.გე"-ს ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ განუცხადა, ქობულეთის პირველ, მე-5 და მე-6 სკოლებში სასწავლო პროცესი იმის გამო შეჩერდა, რომ გუბეებია და ბავშვები სკოლაში ვერ შევიდნენ.

მისივე განმარტებით, ქობულეთის მე-3 და მე-5 ბაღებში და სოფელ ქაქუთის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. სულხან ევგენიძის თქმით, მოსახლეობამ საკმაოდ დიდი ზარალი ნახა, თუმცა ჯერჯერობით ზარალის დათვლა შეუძლებელია, რადგან ქობულეთი ისევ დატბორილია. სულხან ევგენიძის თქმით, ზარალის დათვლის შემდეგ გამგეობა მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურებას შეეცდება.

გამგებლის ინფორმაციით, დატბორილ ტერიტორიაზე, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ელექტროენერგია გათიშულია.

ქობულეთში ამ დროისთვის აღარ წვიმს. სამაშველო სამსახურები გზებზე ჩარჩენილი ავტომობილების გაყვანას ცდილობენ. თუმცა ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. ადიდებული მდინარე აჭყვის კალაპოტიდან გადმოსვლამ ქობულეთის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. დატბორილია ჯავახიშვილის უბანი, ავტოსადგურის და ბაზრის ტერიტორიები, გელოურის დასახლება, საავადმყოფოს უბანი. ასევე ნაწილობრივ დატბორილია ქობულეთის ცენტრალური ქუჩები, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩების ნაწილი.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას მოსახლეობა აცხადებს, სახლების პირველ სართულზე არსებული ტექნიკისა და ავეჯის გადარჩენა ვერ შეძლეს, რადგან წყალი დაახლოებით 40 სმ-მდე ავიდა. მოსახლეობა ასევე აცხადებს, რომ ბაზრისა და ავტოსადგურის გარშემო არსებული მაღაზიები და კომერციული ფართები დატბორილია, გაფუჭებულია ტექნიკა და სურსათი.

ამ დროისთვის ქობულეთი ბათუმის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია, მძიმე ტექნიკა გზებზე ჩარჩენილი ავტომობილების გაყვანას ცდილობს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: სტიქია დასავლეთში - ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით 3-კილომეტრიანი საცობია, გურიისა და აჭარის აბონენტების ნაწილს კი დენი არ მიეწოდება

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია