სამხრეთ ესპანეთში, სიერა-ნევადის მთებთან, ქალაქ გრანადას 150-მეტრიან ბორცვ ლა-საბიკაზე აგებული შესანიშნავი არქიტექტურული ანსამბლი ალჰამბრა დაჰყურებს (არაბულად “წითელი სასახლე”). საუკუნეებია, ალჰამბრა მავრიტანული ხელოვნების მწვერვალად ითვლება, რომელსაც მავრი პოეტები “მუჰამედის ჭეშმარიტ სამოთხეს” უწოდებდნენ. (იხილეთ ფოტოგალერეა)
არაბი ოსტატები მართლაც ცდილობდნენ აქ მიწიერი სამოთხის შექმნას. სიერა-ნევადის თოვლიანი მწვერვალებიდან მომდინარე წყალი ალჰამბრაში უხვად მიედინებოდა - ეს ყველაზე დიდი ფუფუნება იყო უდაბნოს ცხელ ჰავას მიჩვეული ხალხისთვის. შედეგად, ალჰამბრა განთქმულია არა მარტო ბრწყინვალე სასახლეთა კომპლექსით, არამედ საუცხოო ბაღებით, შადრევნებითა და წყალსატევებით. მავრები შადრევნებს, ხელოვნურ რუებსა თუ წყალვარდნილებს არქიტექტურის ისეთივე ბუნებრივ ნაწილად მიიჩნევდნენ, როგორც ძველი ბერძნები კოლონებს. ტყუილად არ შემონახულა ლომების ეზოს ერთ-ერთ შადრევანზე წარწერა: “უყურე წყალს და შენ ვერ გაარჩევ, წყალია წყნარი თუ მარმარილო მიედინება”. გრანადის წითელ ბორცვზე ანუ ლა-საბიკაზე არაბებმა ჯერ კიდევ რომის ეპოქამდე ააგეს სიმაგრე ილბირა (ესპანურად - ელვირა). XI საუკუნეში კი უკვე ნახევრად დანგრეული სიმაგრე შეაკეთა გრანადის ემირმა - ზირიდების დინასტიის წარმომადგენელმა ბადის იბნ ჰაბუსმა. თუმცა ნასრიდების დინასტიის გაბატონებამდე ალჰამბრა უბრალოდ გამაგრებულ კვარტალს წარმოადგენდა.
1238 წელს მუჰამედ I იბნ ნასრმა, მეტსახელად ალ-ახმარმა ანუ წითურმა, გრანადა მურსიის ემირს წაართვა. ალ-ახმარი ქალაქში ელვირას ალაყაფიდან შევიდა და ქალაქის მცხოვრებთა მისალმებაზე - “კეთილი იყოს შენი მობრძანება, ალაჰის წყალობით გამარჯვებულო!” - გამუდმებით პასუხობდა - “არ არს გამარჯვებული, ალაჰის გარდა”. ეს სიტყვები მის მიერ დაარსებული ნასრიდების დინასტიის დევიზად იქცა და ხშირად მეორდება ალჰამბრის კედლებზე.
ნასრიდების პირველმა ამირამ ლა-საბიკაზე სამთავრობო რეზიდენციის აგება 1239 წელს დაიწყო. სასახლეთა კომპლექსის აგება განაგრძო ალ-ახმარის ვაჟმა და მემკვიდრემ მუჰამედ II-მ (1273-1302). იუსუფ I-ის (1332-1354) ეპოქაში აშენდა კომარესის სასახლის კოშკი, ხოლო მუჰამედ V-ს დროს (1354-1359) აიგო ლომების ეზო, ცალკე გამოიყო ალკასაბას ციტადელი და მედინა - საცხოვრებელი უბანი ამირას სასახლით. მუჰამედი თავად ხელმძღვანელობდა მშენებლობებს, ესაუბრებოდა არქიტექტორებს, მხატვრებსა და მუშებსაც კი, მონაწილეობდა ბაღების დაგეგმარებაში, არგვევინებდა იშვიათი ჯიშის მცენარეებს, ლამაზ ბუჩქებსა და ყვავილებს - სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ალჰამბრა დღემდე ასეა შემონახული. მავრებს მიაჩნდათ, რომ შენობა უნდა გალამაზდეს აგების შემდეგ და არა აგებისას. ისინი სასახლეების მოსაპირკეთებლად ფართოდ
იყენებდნენ ხელოვნურ მარმარილოს - ე.წ. სტუკოს, რომელიც უმაღლესი ხარისხის ბათქაშს წარმოადგენდა. არაბი ხელოსნები სწორედ სტუკოზე კვეთდნენ აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელ მაქმანისებურ ორნამენტებს, რომლებიც უსასრულოდ მეორდება. მდიდრული ჩუქურთმით მორთული ზოგი თაღი ჰგავს ულამაზეს სტალაქტიტებს, რომელთა სიმეტრიაც ზუსტადაა დაცული. ასევე დამახასიათებელია ოთახების კედლის ძირში მკვეთრი ფერების გამოყენება, რაც ქმნის კონტრასტს მობათქაშებული კედლის მუქ ტონებთან.
ალჰამბრის მთავარი რეზიდენცია გახდა კომარესის სასახლე, რომლის ცენტრშიც მდებარეობს საყოველთაოდ ცნობილი “მირტის ეზო” - ასე მას XVII საუკუნეში უწოდეს ეზოში არსებული მართკუთხა ფორმის წყალსატევის გვერდების გასწვრივ დარგული მირტის ხეების გამო. წყალსატევის სარკისებური ზედაპირიდან არეკლილი კომარესის მოვარდისფრო-ოქროსფერი, 45 მეტრი სიმაღლის კოშკი და ლურჯი ცა ეზოს მოცულობას ზრდის და სიმსუბუქისა და სივრცის შეგრძნებას ქმნის. კომარესის კოშკის ცენტრში მდებარეობს XIV საუკუნეში აგებული კვადრატული ფორმის შესანიშნავი ე.წ. სატახტო ანუ ელჩების დარბაზი, რომელიც ცერემონიებისთვის იყო გათვალისწინებული. გრანადის მმართველთა ტახტი ზუსტად დარბაზის შესასვლელის საპირისპიროდ იდგა. ეს დარბაზი ალჰამბრაში ყველაზე დიდია - მისი სიგრძე და სიგანე 11,3 მეტრი, ხოლო სიმაღლე 18,2 მეტრია. სამი მეტრი სისქის კედლების გამო თითოეული ფანჯარა იქცა დამოუკიდებელ, მდიდრულად შემკულ ე.წ. ლოჯიის ტიპის სივრცედ. ელჩების დარბაზში ცხრა დიდი თაღოვანი ფანჯარაა, რომლებიც იატაკის დონეზეა გაჭრილი. მათგან სამი გამოყოფილია შუაში აღმართული მარმარილოს სვეტებით და ამ ფანჯარა-ლოჯიების ფერადი მინებიდან შემოსული შუქი დაუჯერებელ ჯადოსნურ გარემოს ქმნის. დამატებით დარბაზში შუქი იღვრება კიდევ 20 მომცრო ზედა ფანჯრიდან.
არაბი ოსტატების ხელოვნების მწვერვალია კედრის მერქნისგან დამზადებული ელჩების დარბაზის კიდული ჭერი. ის ე.წ. სტალაქტიტური ფრიზითაა გარშემორტყმული და შედგება სამი სიბრტყისგან, რომლებიც ზემოთკენ ვიწროვდება და ცენტრში მცირე სტალაქტიტური გუმბათით სრულდება. ელჩების დარბაზი ალჰამბრის “ყველაზე ისტორიული” დარბაზია. მართალია, ყველა ფაქტი ისტორიული მასალებით არ მტკიცდება, მაგრამ მიაჩნიათ, რომ დედოფალმა ისაბელმა ქრისტეფორე კოლუმბი აქ მიიღო და სწორედ ამავე დარბაზში გადააბარა გრანადა სულთანმა ბოაბდილმა ესპანეთის კათოლიკე მეფეებს.
მირტის ეზოს გახსნილი და განათებული სივრცის საპირისპიროდ, დაჩრდილულია და ნახევრად ბნელია კომარესის კოშკის თაღოვანი გასასვლელი. კოშკის შესასვლელის წინ კი განთავსებულია გრძელი და ვიწრო ე.წ. ნავების დარბაზი - “ზალა დე ლა ბარკა”. ზოგი მეცნიერის აზრით, ეს სახელწოდება განპირობებულია დარბაზის ჭერის მსგავსებით ხომალდის ქედთან, თუმცა ესპანელ მწერალ კარლოს პასკუალის ჰიპოთეზით, სიტყვა “ბარკა” არაბული “ბარაკადან” უნდა მომდინარეობდეს, რაც დალოცვას ნიშნავს. კომარესის სასახლის გვერდით განლაგებულია “ლომების ეზო”, რომელიც სასახლე-ბაღის სტილის ნაგებობაა. ძირითადად აქ იმყოფებოდნენ, უცხო თვალისგან დაფარულნი, გრანადის ამირები. ლომების ეზო XIV საუკუნის მეორე ნახევარში აიგო. მის ცენტრში მომცრო შადრევნის გარშემო სხივურად განლაგებული 12 ლომის ფიგურაა. ისინი განსაკუთრებული ნახევრად ძვირფასი მარმარილოსგანაა გამოკვეთილი.
ლომის ფიგურების რაოდენობა არ არის შემთხვევითი. ძველი ლეგენდის თანახმად, სწორედ 12 ლომს ეჭირა სოლომონის ტახტი და ამის შესახებ სულთან მუჰამედ ალ-განის აცნობა მისივე ვეზირმა, წარმოშობით ებრაელმა იბნ ნაგრელამ. მანვე ურჩია შადრევნის გარშემო 12 ლომის ფიგურის დაყენება, რომლებიც აქ ალბუიეინის ძველი სასახლიდან გადმოიტანეს. ამ მოსაზრებას მეცნიერები არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ლომები შადრევანთან გაჩნდნენ მხოლოდ XVI საუკუნეში ანუ გრანადის დაცემის შემდეგ. თუმცა ისტორიკოსებიცა და ხელოვნებათმცოდნეებიც თანხმდებიან, რომ ლომების ეზოს სიმყუდროვე, რომელსაც მხოლოდ წყლის ჩუხჩუხი არღვევს, მრავალ საიდუმლოს მალავს. ეზო მხოლოდ ლომების ქანდაკებებით არ არის ცნობილი. მისი კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა დასავლეთ ნაწილში მდებარე “სტალაქტიტების დარბაზი”. დარბაზს სახელწოდება ჭერის მაქმანებიანი შემკულობის გამო შეერქვა. არადა, ეს ჭერი ხანძრის შედეგად XVI საუკუნის ბოლოს განადგურდა და ის 1614 წელს შეცვალეს ელიფსის ფორმის გადახურვით, თუმცა სახელი დღემდე დარჩა.