გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლის, ტახტისძირის საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი წარიაშვილი გორიდან ჯერ ქარელის გადასახვევამდე სამგზავრო ტრანსპორტით, შემდეგ კი ტახტისძირამდე ტაქსით მიდის. ინგლისური ენის მასწავლებელს სკოლაში გაკვეთილები კვირაში ოთხი დღე აქვს. მგზავრობის ხარჯებს საკუთარი ხელფასიდან ანაზღაურებს. სამგზავრო ხარჯების შესახებ მან განათლების სამინისტროს წარმომადგენლები საქმის კურსში ჩააყენა. სამინისტროდან უპასუხეს, რომ მსგავსი სახის ხარჯები ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა.
ლალი წარიაშვილი სკოლაში სრული დატვირთვით მუშაობს. უცხო ენის პედაგოგად 2015 წლის იანვრამდე ადგილობრივი კადრი მუშაობდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, არაკვალიფიციური იყო.
"მინდოდა, რომ მოქმედი პედაგოგის სტატუსი მქონოდა. მომავალ წელს საატესტაციო გამოცდებზე ვაპირებ გასვლას. აქამდე სკოლაში არ მიმუშავია", - ამბობს უცხო ენის სპეციალისტი. იგი პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად იძულებულია რთული გზა გაიაროს.