რომელი ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება და რა ბედი ელით იმ მანქანებს, ტექდათვალიერებას რომ ვერ გაივლიან? ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე საგადასახადო შეღავათები უნდა დაწესდეს. თუკი პარლამენტმა ეს კანონპროექტი მიიღო, ის 2016 წლიდან ამოქმედდება.
"ქრონიკა" კანონპროექტზე უფრო დეტალურად, მის ინიციატორსა და ერთ-ერთ ავტორს, გია ცაგარეიშვილს ესაუბრა.
- ჩვენი კანონპროექტის მიხედვით, ვინც ჰიბრიდულ ავტომობილებს შემოიყვანს ქვეყანაში, იმპორტიორებსაც და კერძო პირებსაც, უნდა დაუწესდეთ საგადასახადო შეღავათები. ეს არის აქციზისა და იმპორტის გადასახადები. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტრანსპორტი, ნაკლებად მოიხმარს საწვავს და ჩვენს უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, მართლა ძალიან დიდ შეღავათს მისცემს. საგადასახადო შეღავათები უნდა დავუწესოთ კერძო პირებსაც და დილერებსაც, რომელთაც შემოჰყავთ ჰიბრიდული მანქანები. ჰაერის დაბინძურების მხრივ კატასტროფული ვითარებაა ქვეყანაში და ამ გზით თუ არ წავედით, მერე გვიანი იქნება. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერება გააუქმა. უკვე მე-11 წელია, რაც ერთ ავტომობილს არ გაუვლია ტექდათვალიერება და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა იქნება ამ მხრივ, რა დღეში იქნება ჩვენი ავტოპარკი. დღევანდელმა ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და სასწრაფოდ აღადგინოს ტექდათვალიერება.
- არჩევნების წინ ხელისუფლება ტექდათვალიერებას არ შემოიღებს. ეს რომ გააკეთოს, ასეულ ათასობით ავტომოფლობელს მოუწევს დამატებითი ხარჯის გაწევა, მათი დიდი ნაწილისთვის კი ეს ხარჯი საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება. ამ ხალხს "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ნამდვილად არ მოიმდურებს.
- თავის დროზე ტექდათვალიერების გაუქმება იმ მიზეზით, რომ ეს კორუფციის წყარო იყო, დიდი შეცდომა გახლდათ. კორუფცია იყო ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში და ამ ლოგიკით, ეს სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა გაეუქმებინათ. მიხეილ სააკაშვილმა ამ უგუნური ნაბიჯით, ვითომ ხალხი მოიმადლიერა, მაგრამ საბოლოოდ ამან ვერ უშველა. ვერც "ქართულ ოცნებას" უშველის ამ საკითხის ასე დატოვება. კი, არჩევნების წინ ყოველთვის ხდება პოპულისტური თემების გაჟღერება, ყველა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ცდილობს, ქვეყნისა და ხალხისთვის აუცილებელი, სასიცოცხლო პრობლემების მიჩქმალვას და იმგვარი ინიციატივების წინა პლანზე წამოწევას, რომლებიც მათ ხმებს მოუტანს. მეც კარგად ვიცი, რომ ტექნიკური დათვალიერების შემოღება ხელისუფლებას ბევრ მომდურავს გაუჩენს, მაგრამ ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ჯერ კიდევ წელს, 1-ლი იანვრიდან უნდა დაწყებულიყო ტექდათვალიერება, მაგრამ ხელისუფლებამ ეს საკითხი 2018 წლის 1-ელ იანვრამდე გადასწია. ეს მარტო ჩვენი მოთხოვნა არ არის, ეს ევროასოცირების ხელშეკრულებითაც გათვალისწინებულია. ამ ხელშეკრულებით არამხოლდ ტექდათვალიერება უნდა შემოვიღოთ, აუცილებლად უნდა დაიწყოს საწვავის ხარისხის უმკაცრესი კონტროლი. ხელშეკრულებით, ეკოლოგიის კუთხით, 102 ვალდებულება გვაქვს აღსასრულებელი და ამ ვალდებულებათა შესრულება უნდა დავიწყოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, მალე თბილისში, უბრალოდ, სუნთქვა შეუძლებელი გახდება, მავნე ნივთიერებების შემცველობა ჰაერში ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადასცდა, ზოგიერთ ადგილას, ჰაერში მტვრის შემცველობა 60%-ს აჭარბებს. ხელისუფლება თუ ხალხს სასიკვდილოდ გაიმეტებს საარჩევნო ხმების დაკარგვის შიშით, ასეთი ხელისუფლება ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. ეს სადავო და საკამათო არც არის. ბოლოს და ბოლოს, რა უნდა ამ ხელისუფლებას? ამ მომწამვლელი ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერისგან ხალხი ქუჩაში ცუდად უნდა გახდეს, გაიგუდოს, დაიხოცოს და მხოლოლდ ამის შემდეგ უნდა მიხვდნენ, რომ მართლა კატასტროფული ვითარებაა ქვეყანაში და განსაკუთრებით თბილისში?
- გასაგებია, მაგრამ ტექდათვალიერების აღდგენა ხომ გარკვეულ ფინანსურ ტვირთად დააწვება მოსახლეობას, ამას გაუძლებს ჩვენი საშუალო და დაბალი ფენები? ხალხი ისედაც უმძიმეს ყოფაშია, გაზრდილმა კომუნალურმა გადასახადებმა და ლარის კურსის გაუფასურებამ, სასტიკად გააუარესა ცხოვრება და გაუძლებს ეს ხალხი კიდევ ახალ გადასახადს ამ ტექდათვალიერების დამატების სახით? მით უმეტეს, თქვენ ევროსტანდარტების დონის ტექდათვალიერებას ითხოვთ, სხვაგვარად ამ სტანდარტების შესაბამისად გამართული ავტომობილები ვერ ივლიან საქართველოში.
- არა, მე არ ვამბობ, რომ თავიდანვე ევროსტანდარტების შესაბამისად გავაკეთოთ ყველაფერი. მთავარია, დავიწყოთ და ნელ-ნელა წავიდეთ წინ. უკიდურესად ძველი ავტომობილების შემოყვანა უნდა აიკრძალოს ქვეყანაში. ასევე, მეორადი საბურავებისა. ყველა მანქანა, რომელიც საქართველოში შემოჰყავთ, ფაქტობრივად, გაძარცულია. ჰაერში მავნე ნაწილაკების დამჭერ კატალიზატორებს ავტომობილების მაყუჩებიდან ჭრიან და მერე, თურქეთში ყიდიან ამ კატალიზატორებს. ესეც ის საკითხია, რომელიც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს? ხელისუფლებამ ხომ შეიძლება, დაავალდებულოს ყველა ავტოიმპორტიორი, კერძო პირი, რომ ამ კატალიზატორის გარეშე, არც ერთი ავტომობილი არ შემოვიდეს ქვეყანაში და ეს საბაჟოზევე გააკონტროლოს? თუ ავტომობილი კატალიზატორის გარეშე იქნება, ის არ განაბაჟონ და ამით დამთავრდება ეს პრობლემა. ამით საგრძნობლად გაუმჯობესდება ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა. ეს ხალხზე ზრუნვა არ იქნება? ადგეს და გააკეთოს. ვიღაცები ჰაერის დაბიძნურებისა და ხალხის ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯზე ფულს შოულობენ და ხელისუფლება არა ხალხის, არამედ ამ მეტად საეჭვო ბიზნესში ჩართული ადამიანების მხარეს არის. ეს არ არის დანაშაული და ხალხის ინტერესების იგნორირება? ამის გაკეთება "ქართული ოცნების" არც ერთ დეპუტატს აზრად რომ არ მოსვლია, არც აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არავინ დაინტერესებულა, რომ შესაბამის კანონში ერთი ცვლილება შევიდეს, ეს იმის დასტურია, რომ ხალხის ჯანმრთელობა და ბედი არ აღელვებს ამ ხელისუფლებას, სამაგიეროდ ხალხის ხარჯზე განცხრომაზე არ ამბობენ უარს, ხალხის გადასახადებით მოიწყვეს კომფორტული ცხოვრება და კაბინეტებს გარეთ აღარ იხედებიან. მე არ ვამბობ, რომ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება რაღაც კატასტროფული ფასი უნდა ღირდეს. კი, ბატონო, ვიღაცისთვის ამის გადახდა პრობლემა იქნება, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა გადაიხადოს ყველამ. ეს პროცესი დასაწყებია და რაც დროულად დავიწყებთ, მით უკეთესი.
- ბატონო გია, ჩვენს უამრავ ჩინოვნიკს ემსახურება მანქანა და ყველა მათგანი ბენზინზე მუშაობს. ეს ბენზინის ხარჯი ხომ უზარმაზარია და ამასთანავე, თბილისს უხარისხო საწვავითაც აბინძურებენ. ხომ შეიძლება, ამ ავტომობილების ნაწილი გადაიყვანონ გაზზე, გაზი ბენზინზე ბევრად იაფია. ამით საბიუჯეტო თანხებსაც დაზოგავენ და არც ჰაერს მოწამლავენ.
- კი, ბატონო, მართლა კარგი იდეაა და ღირს ამის გაკეთება. შედეგი მართლაც ორმხრივად ეფექტური იქნება. თუმცა, უფრო უკეთესი იქნება, სახელმწიფო ავტოპარკი ეტაპობრივად გადავიდეს ჰიბრიდულ ავტომობილებზე. ახლახან პარლამენტმა "ტოიოტას" მარკის 30 ავტომობილი შემოიყვანა, მე ველაპარაკე მძღოლებს და თვეში 500 ლიტრი საწვავი არ ჰყოფნით, რადგან თბილისი-ქუთაისის გზაზე არიან გამოკიდებულნი. ამდგარიყვნენ და 30 ჰიბრიდული ავტომობილი შემოეყვანათ. კი პირველადი ხარჯი მეტი იქნებოდა, ეს ჰიბრიდული მანქანები გაცილებით ძვირი ღირს, მაგრამ 100 კილომეტრზე 3-5 ლიტრს დაწვავდნენ და საბოლოო ჯამში, საწვავის შემცირების ხარჯზე, სახელმწიფო დიდ ფინანსურ შეღავათს ნახავდა. დათვალეთ ახლა, ეს 500 ლიტრი საწვავი რამდენ ხანს ეყოფოდა თითოეულ მანქანას. ამას ისიც დაამატეთ, რომ ჰაერს მინიმალურად დააბინძურებდნენ და ესეც ხომ მოგებაა? რა ვიცი, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ჰკითხო, "ქამრებს იჭერენ" და სახელმწიფო ბიუჯეტს ზოგავენ, მაგრამ მსგავსს ვერაფერს ვამჩნევ. ვიმეორებ, საკუთარი კომფორტისთვის მილიონები არ ენანებათ. ადგნენ და ჰიბრიდული ავტომობილებით იარონ, თუ მართლა უნდათ საბიუჯეტო თანხების დაზოგვა, ანდა, ვიდრე მათ შემოიყვანენ, თქვენი თქმისა არ იყოს, გადაიყვანონ გზაზე ეს მანქანები და ამით შეეხიდონ ბიუჯეტსა და ეკოლოგიასაც. ამას ელემენტარული პატიოსნება სჭირდება და სხვა არაფერი.
- "ქართული ოცნების" დეპუტაციასთან გქონიათ ამ საკითხზე საუბარი? უმრავლესობაში გყავთ მომხრეები, რომ ეს კანონპროექტი გაიტანოთ?
- კი, გვქონდა კონსულტაციები და ბევრი მხარსაც გვიჭერს. ამჟამად დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტშია ეს კანონპროექტი განხილვაზე. ამის შემდეგ კი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გადავა. თუ ამ ორმა კომიტეტმა დადებითი დასკვნა ვერ დადო და, სავარაუდოდ, ასეც იქნება, შემდეგ უკვე სესიაზე გავა. მანამდე კი შს და ფინანსთა სამინისტროებთან, საბაჟო და სხვა სამსახურებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ კანონპროექტში ყველას უწყების ინტერესები შესაბამისად ჩაგვედო.
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი "ქრონიკა"