ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში მოხუცი და-ძმა, რეზო და ციალა შევარდნაძეები უკიდურეს პირობებში ცხოვრობენ. 85 წლის ქალბატონი, რომელსაც ორივე ფეხი მოტეხილი აქვს, საწოლსაა მიჯაჭვული და ხანდახან მზრუნველი მეზობლების მიერ ხელნაკეთი "ოჭივარით" თუ გაივლის. 84 წლის მამაკაცს კი უკვე ფეხზე დგომაც უჭირს. მათ ოჯახი არასდროს შეუქმნიათ, როგორც თვითონ ამბობენ, ერთმანეთის მშობლები და პატრონები გვიან სიბერემდე თავად არიან და ამ უმძიმეს ყოფაში სოციალური დახმარება მოხსნილი აქვთ, დანიშვნაზე კი არავინ ფიქრობს.
"რომ არა ჩვენს მეზობლად მცხოვრები ნათესავი ვახტანგ შევარდნაძე, რომელსაც ყოველ დილით რძე მოაქვს და როგორც ბავშვებს, ფაფას გვიკეთებს, კაი ხნის დამარხული ვიქნებოდით. ნეტავ, ერთხელ მაინც გავიარო, რომ ოზურგეთში ჩავიდე, ჩვენი მთავრობა და სოცმუშაკი კახა ინწკირველი ვნახო, ვინც ის დეკლარაცია შემივსო და დახმარება გამიუქმა. წინა ხელისუფლების დროს მაგან შემამოწმა. "ოცნება" მოვიდა და მაინც ეგ გამომეცხადა. ადრე ძროხა მყავდა და ის მომდო მიზეზად. მერე დამამტვრია იმ ძროხამ, მარჯვენა ფეხი მაშინ მოვიტეხე და გავყიდე კიდეც. მერე ოთახში წავიქეცი და მეორე ფეხი მაშინ მომტყდა. რა დავაშავეთ, არ ვიცი. ჩვენ რომ დახმარებას მოგვიხსნიან, ვის უნიშნავენ?!" - ამბობს ციალა შევარდნაძე.
"ჩვენი ოჯახი "ქართული ოცნების" ღია მხარდამჭერი იყო. როცა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, წერილს ხელი მოვაწერეთ, გურიაში ჩამოსულმა "ეგზეკუციამ" დამიბარა ოზურგეთის მთავრობის სახლში, "ხუთნომრიანების" მიერ მიტანილი ენის გამო და ჯერ ტანსაცმელი გამხადეს - ჯიბეში ხილის გასათლელი ჯაყვა და ხურდა ფული მედო, იქვე დამატოვებინეს და შემიყვანეს დასაკითხად. მესაუბრა ერთი ახალგაზრდა, გვარად ჩანქსელიანი. წარმომავლობა ვკითხე, ლენტეხიდან ვარო, - მითხრა. სტუდენტობისდროინდელი მეგობარი მყავდა, ბუხულა ჯანხოთელი, მაგარი სვანი, იმის რამე ხომ არ ხარ-მეთქი. არ მითხრა, ბაბუაჩემია, დედაჩემის მამააო?! რომ ახვალ სვანეთში, ბაბუას უთხარი, რეზო შევარდნაძეს ტანსაცმელი გავხადეთ და დავკითხეთ-თქო. აშკარად შერცხვა. არ იყო ცუდი ახალგაზრდა - ეტყობოდა, ვიღაცის დავალებას ასრულებდა. წყნარად მითხრა, არ შეიძლება, ბიძია, მასე ლაპარაკი, ვერ მოვა მაგი ივანიშვილიო. თუ ვერ მოვა, აგერ ნახავთ-მეთქი... ისე აგიხდათ ყველაფერი კაი, მარა რა? ნახევარზე მეტი ისევ ის "ნაციონალები" თუ მათი მხარდამჭერები ამოიყენეს გვერდით. არც მივდივარ მაგათთან. ისე, რომ დასჭირდეთ, მაინც "ოცნებას" წავეხმარები. ერთი რამ უნდა შეუშვან თავში - შეეშვით ამ პრემიებს და დანამატებს, ჩვენნაირი ბევრია და მიხედეთ გაჭირვებულ ხალხს, თქვენც ნუ გაგიწყრებათ ღმერთი!" - ემოციას ვერ მალავს ბატონი რეზო.