შეინარჩუნებს თუ არა "ნუგეში" დაბალ ფასებს და დასაქმებულ კადრებს?

შეინარჩუნებს თუ არა "ნუგეში" დაბალ ფასებს და დასაქმებულ კადრებს?

პროდუქციაზე დაბალი ფასებით ცნობილი "ნუგეშის" სავაჭრო ქსელი "ნიკორას" მფლობელობაში გადავიდა. წლების განმავლობაში "ნუგეშის" ჯიხურებსა და სუპერმარკეტებში მოქალაქეები ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს შედარებით დაბალ ფასად ყიდულობდნენ. ქსელის მიმდებარე ტერიტორია ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლების სიმრავლით გამოირჩეოდა. "ნუგეშის" ქსელით სარგებლობდნენ როგორც სოციალურად დაუცველი, ასევე ნებისმიერი ტიპის შემოსავლის მქონე ადამიანები. დაბალი ფასიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მოთხოვნა შეიმჩნეოდა შაქარზე, მაკარონზე, ბურღულზე და სხვა სახის პროდუქციაზე.

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შედეგად ცნობილი გახდა, რომ სააქციო საზოგადოება "ნიკორას" შვილობილი კომპანია "ნიკორა ტრეიდი" "ნუგეშის" 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, "ნუგეშის" 60%-იანი წილის მფლობელი აკაკი ახვლედიანი სს "ნიკორას" აქციონერი გახდა. დანარჩენი 40% კი "ნიკორამ" შედარებით მცირე წილის მქონე დამფუძნებლებისგან 6 544 500 ლარად გამოისყიდა.

შეინარჩუნებს თუ არა "ნუგეში" დაბალ ფასებს და რა ბედი ელის ქსელში დასაქმებულ პერსონალს. AMBEBI.GE "ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელ დირექტორს, დავით ურუშაძეს ესაუბრა.

დავით ურუშაძე:

- რა თქმა უნდა, "ნუგეშის" დაბალი ფასები შენარჩუნებული იქნება. ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რის გამოც გარიგება შედგა ის არის, რომ "ნიკორას" და "ნუგეშის" მაღაზიები ადრე აბსოლუტურად განსხვავებულ ფორმატებში და განსხვავებულ სეგმენტებში მუშაობდნენ. ეს გვაძლევს საშუალებას ჩვენი მოქმედების არეალი გავზარდოთ და უფრო მეტი სეგმენტი მოვიცვათ. გარდა ამისა, ორივე ბრენდს თავისი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს, რომლის სურვილებისა და მოთხოვნების შესრულებას მაქსიმალურად ვეცდებით. "ნიკორა" რჩება "ნიკორას სუპერმარკეტად", "ნუგეში" რჩება "ნუგეშად".

- თბილისის მასშტაბით ბევრ ადგილას, "ნიკორასა" და "ნუგეშის" ბრენდები ერთმანეთთან ახლოს არის განთავსებული. ბევრგან "ნუგეშის" ჯიხური "ნიკორას" სუპერმარკეტის სიახლოვესაა. დარჩება თუ არა ეს მოცემულობა და რაც მთავარია, შეინარჩუენებს თუ არა დასაქმებული პერსონალი სამუშაო ადგილებს?

- მართალს ბრძანებთ, ძალიან ბევრ ადგილას "ნიკორასა" და "ნუგეშის" ობიექტები ერთმანეთთან ახლოს არის, თუმცა საკმაოდ რენტაბელურად და წარმატებით მუშაობენ ერთმანეთის გვერდით, ამიტომ აქ ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მომხმარებლები როგორც დადიოდნენ "ნუგეშში" და "ნიკორაში", ისევე ივლიან. რაც შეეხება დასაქმებულთა ბედს, ისინი ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას.

- "ნუგეშს" ასევე აქვს დაფასოებული პროდუქცია, ისევ გაიყიდება თუ არა "ნუგეშის" დაფასოებული შაქარი, ბურღული ქსელში?

- დაფასოებული პროდუქცია კვლავინდებურად იყიდება "ნუგეშის" მაღაზიაში, უბრალოდ გავაკეთეთ გარკვეული წარმოებების ცენტრალიზება. შაქრის დამფასოებელი საამქრო "ნიკორასაც" ჰქონდა და "ნუგეშსსაც". ცენტრალიზების თანახმაად, ეს ერთ ლოკაციაში მოვაქციეთ.

- ჯიხურების გარდა, "ნუგეშს" აქვს სუპერმარკეტებიც. ზოგადად, როგორ გეგმავს "ნიკორა" "ნუგეშის" ქსელის განვითარებას?

- ჩვენს სამივე ბრენდს ვაძლევთ განვითარების თანაბარ პირობებს, ვაძლევთ საშუალებას, რომ თანაბრად განვითარდნენ. "ნუგეშის", "ნიკორას" მაღაზიები და "ლიბრეს" ჰიპერმარკეტები კიდევ გაიხსნება. არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის მყიდველუნარიანობა საკმაოდ დაცემულია. ვაპირებთ განვავითაროთ შედარებით იაფიანი სეგმენტი, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ხარისხიანი პროდუქცია შედარებით იაფად იყიდოს. ეს ვრცელდება "ნიკორას" ქსელშიც. უკვე დავიწყეთ სოციალური აქცია. ტოპ 50 ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ფასები გვაქვს.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია