"1985 წლის შემდეგ მსგავსი ღონისძიება არ განხორციელებულა, ჩვენი სააგენტო თბილისში არსებულ უპატრონო-უსახლკარო ძაღლების რაოდენობას დაადგენს, მარტივად რომ ვთქვათ, ვითვლით ქუჩის ძაღლებს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლერი ქვარაია.
მისი თქმით, უპატრონო ძაღლებს დედაქალაქის ხუთ უბანში ითვლიან, პროცესი ზაფხულში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება.
ლერი ქვარაია: მიმდინარე წლის 6 აპრილს საკრებულოს დადგენილებით მიღებული ცხოველთა მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი უფლებამოსილ ორგანოს პირდაპირ ავალდებულებს, ამ შემთხვევაში ჩვენს სააგენტოს, რომ ორ წელიწადი ერთხელ დაადგინოს ბინადარი ცხოველების რაოდენობა. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ სამსახურმა მუდმივად იცოდეს ცხოველების რაოდენობის დინამიკა, ანუ პოპულაცია იმატებს თუ იკლებს. დათვლის პროცესი ამჟამადაც მიმდინაროებს და ვვარაუდობთ, რომ ეს ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება. ამ შემთხვევაში მხოლოდ ძაღლებს ვითვლით.
"რეზონანსი": ამ ეტაპზე რამდენი ძაღლია დათვლილი?
ლ.ქ.: ამჟამად რაოდენობაზე საუბარი ნაადრევია, ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში, საღამოს პერიოდში, 4 საათიდან დაღამებამდე კონკრეტულად შერჩეულ უბნებში დადიან და ქუჩის ძაღლებს სპეციალური მეთოდებით ითვლიან.
"რ": დათვლის პროცესი როგორ ხდება?
ლ.ქ.: მთლიანად თბილისის დათვლა ძალიან შრომატევადი საქმეა და ამას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ წინასწარ გავლილი კონსულტაციების შედეგად, შეირჩა ე. წ. სკანირების მეთოდი, რომელიც პირველ რიგში თბილისში კონკრეტული უბნების შერჩევას ითვალისწინებს. ეს არის ხუთი უბანი: გლდანი, დიდი დიღომი, საბურთალო, ვარკეთილი და ლილო.
ამ ხუთ უბანში დათვლა მოხდება სპეციალური მეთოდით, რომელიც გულისხმობს ერთ ტერიტორიაზე არსებული კონკრეტული ადგილის მონაცემების დადგენას, შემდეგ პროპორცუილად გამრავლებას და მთლიანი ტერიტორიის საერთო მონაცემების დაახლოებით მიღებას, ანუ ავიღებთ იმ კონკრეტულ უბანში მოსახლეობის რაოდენობას და ამ ტერიტორიის ფართობის პარამეტრებს.
როდესაც ამ ხუთ უბანში ცხოველების რაოდენობას დავადგენთ, ამას თბილისის მასშტაბით გადავიანგარიშებთ და გავიგებთ თუ რამდენი ქუჩის ძაღლია დედაქალაქში. ამ ეტაპზე დავასრულეთ გლდანი, დიდი დიღომი და ლილო, მიმდინარეობს ვარკეთილში და საბურთალოზე მყოფი ქუჩის ძაღლების დათვლა.
"რ": რატომ გახდა საჭირო უპატრონო ცხოველების დათვლა?
ლ.ქ: ეს საკითხი ორ ამოცანას ითვალისწინებს - ერთია, რომ სწორად დაიგეგმოს ის ღონისძიებები, რომელიც სააგენტომ მომავალში უნდა ჩაატაროს და მეორე ეხება დინამიკას, ახლა მიღებული შედეგი შევადაროთ მომდევნო დათვლისას, გაიზარდა თუ არა ქუჩის ძაღლების რაოდენობა. როგორც ვიცი, ასეთი დათვლა ბოლოს 1985 წელს განხორციელდა.
"რ": რამდენად ხშირად მიმართავს მოსახლეობა თქვენს სამსახურს ქუჩის ძაღლების შესახებ?
ლ.ქ: შემიძლია პირდაპირ გითხრათ მონაცემი, 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე შემოსულია 9 098 ზარი, რომელიც ძირითადად უპატრონო ცხოველებს ეხება. ხოლო ქვეწარმავლებთან დაკავშირებით სულ 938 გამოძახება იყო. ორივე შემთხვევაში ციფრი საკმაოდ მაღალია. ჩვენთან დაკავშირებისას მოსახლეობა ძირითადად ქუჩის ძაღლების დაჭერას და უბნიდან წაყვანას ითხოვს. მათი თქმით, ძაღლები გამოხატავენ აგრესიას, ან დაავადებულები არიან და ქმნიან ანტისანიტარიას.
თუმცა გამოძახებათა ამხელა რაოდენობა არ ნიშნავს, რომ ჩვენი სამსახურის მხრიდან რეაგირება ყველა შემთხვევაში ხდება, რადგან ამ ეტაპზე თავშესაფარში 3590 უპატრონო ძაღლია, ფაქტობრივად ეს არის ამ გამოძახებების მესამედი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქის გამოძახება ყველა შემთხვევაში არ დასტურდება.
თეა ბეჟიტაშვილი
გაზეთი "რეზონანსი"