სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ოთარ ც. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის აფხაზეთიდან დევნილ ცოლ-ქმარს 8000 ლარის სანაცვლოდ საცხოვრებელ ფართს დაპირდა, მან ცოლ-ქმარს ყალბი ფორმა N100 მიაღებინა, რომელთა მიხედვით აღნიშნულ პირებს, თითქოსდა, აღენიშნებათ ფილტვების ქრონიკული დაავადება.
დევნილები მსგავსი თაღლითობის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან. წელს დევნილების მოტყუების ფაქტზე სამი თაღლითური ჯგუფი დააკავეს, მათ შორის დევნილთა სამინისტროს რეგიონული განყოფილების თანამშრომელი, მერა გოგსაძე, დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, თაღლითური ჯგუფი დიდია, გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა და არ არის გამორიცხული, ამ საქმეში საჯარო პირებიც იყვნენ ჩართული.
- ყველას აქვს ინფორმაცია თაღლითების შესახებ, მაგრამ რატომღაც მაინც ამ გზით ურჩევნიათ ბინის მიღება. ბოლო ორ კვირაში მეორე ასეთი ფაქტი გამოვლინდა. როცა ადამიანი გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დევნილს ბინას ჰპირდება, პირველ რიგში ჩვენ ან სამართალდამცავებს უნდა მიმართონ. ჩაწყობით ბინის მიღების შანსი არ არსებობს. ყველა ასეთ საქმეში ბევრი ადამიანია ჩართული, გამოძიება ბოლომდე არ არის ჯერ დასრულებული. თაღლითები განსაკუთრებით, გააქტიურდნენ მას შემდეგ, როცა ცნობილი გახდა, რომ თბილისის ზღვაზე გადაეცემა საცხოვრებელი ფართი დევნილებს. ასეთი ამბები ხშირია საჯარო მოხელეების მონაწილეობით, არის შემთხვევები, როცა უბრალოდ იყენებენ მათ სახელს. ყველა აგებს პასუხს, მალე კიდევ არაერთი გვარი გამოჩნდება ამ საქმეში, მათ შორის საჯარო მოხელეების, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
რა სქემით მუშაობენ თაღლითები, ამის შესახებ, დევნილთა და განსახლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ლათიბაშვილი საუბრობს.
- დევნილთა განსახლების გრძელვადიანი პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს, რომლის პირველი ეტაპი არის სააპლიკაციო ფორმის შევსება, რის საფუძველზეც დევნილ ოჯახებს წინასწარი ქულები ენიჭება. უპირატესობა ენიჭება მაღალქულიან ოჯახებს, ვისაც ჰყავს ომში დაღუპული წევრი, არის სოციალურად დაუცველი, ცხოვრობს ნგრევად სახლში, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ. როდესაც შეივსება სააპლიკაციო ფორმა და ოჯახს მიენიჭება ქულები, შემდეგ ხდება ამ მონაცემების გადამოწმება, მიიღებს თუ არა ბინას დევნილი, ამას სპეციალური კომისია წყვეტს, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების წევრებისგან შედგება. ერთპიროვნულად ბინის გადაცემა მინისტრსაც კი არ შეუძლია. იმ შემთხვევაშიც კი, როცა კომისია დევნილს ბინას გადასცემს, გარკვეული პერიოდის მანძილზე მას არ აქვს შესახლების უფლება. როცა დევნილმა იცის, რომ სხვამ ბინა მიიღო, ამ დროს შესაძლოა დაგვიკავშირდეს და საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდოს, როგორ მოახერხა შესაბამისი ქულების დაგროვება.
- როგორ მუშაობენ თაღლითები?
- ძირითადად ასეთი სქემა აქვთ, დაიბარებენ დევნილს სამინისტროსთან, ეუნებიან, რომ ჰყავთ ახლობლები სამინისტროში, ვისი მეშვეობითაც მოუმატებენ ქულებს და გადაეცემათ ბინა, ასევე ხდება გარიგება ექიმთან, როგორც ეს ბოლო ფაქტის დროს დაფიქსირდა. ბოლო ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავად დევნილებმა მოგვაწოდეს, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სამართალდამცავებთან, რომლებმაც დროულად და ეფექტურად მოახდინეს რეაგირება თაღლითების დასაკავებლად. არცერთი ასეთი ფაქტი არ დარჩება დაუსჯელი.
თამარ ბოჭორიშვილი